"ნაპოლის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" "კვარას" ინტერვიუს აქვეყნებს: "5 წუთი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად", სადაც გარემარბი საკუთარი თავის შესახებ საუბრობს:
"მოგესალმებით, მე "კვარა" ვარ და ჩემს ისტორიას გიზიარებთ. ულამაზესი ქვეყნიდან, საქართველოდან ვარ. როდესაც პატარა ვიყავი, სტადიონზე დიდ დროს ვატარებდი და ფეხბურთს ვთამაშობდი. ეს სპორტი ძალიან მიყვარს!
ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა 8 წლის ასაკში დაიწყო და ჩემი ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილია. მამა ყოფილი ფეხბურთელია, ის აზერბაიჯანში თამაშობდა, ნიჭიერი მოთამაშე იყო. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, გავმხდარიყავი პროფესიონალი მოთამაშე, მამა არ ჩარეულა, ეს თავად მსურდა.
როდესაც არდადეგები მაქვს, მაშინვე საქართველოში ოჯახთან ჩავდივარ. მყავს 2 ძმა, მე შუათანა ვარ. უმცროსი 12 წლისაა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. სპორტის სხვა სახეობებიც მიზიდავს, ვთამაშობ ჩოგბურთს, კალათბურთს, "გოლდენ სტეიტსა" და სტეფ კარის ვგულშემატკივრობ. მაგრამ სხვა სახეობებს ფეხბურთს ვერ შევადარებ, ის ჩემთვის ერთადერთია.
თამაში თბილისის "დინამოს" აკადემიაში დავიწყე, კარიერა "რუსთავში" გავაგრძელე. იყო რუსეთის ჩემპიონატი, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ყაზანის "რუბინში" ვიასპარეზე, შემდგომ კი საქართველოში დავბრუნდი, ძალები ბათუმის "დინამოში" მოვსინჯე, ახლა კი აქ ვარ.
ნეაპოლი ულამაზესი ქალაქია. როდესაც აქაურობა პირველად ვნახე, გავოცდი. აქაური ხალხი ძალიან შემიყვარდა, რადგან ისინი ფეხბურთით ცოცხლობენ. როდესაც სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი, ყველა "ნაპოლის" ფორმით იყო შემოსილი. დიდებული გრძნობა იყო! აქ ჩამოვედი, რათა ტიტულები მოვიგო. მზად ვარ, კლუბისთვის ყველაფერი გავიღო. დადგა დრო, "ნაპოლიმ" დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიყავი და ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდი, როდესაც აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იტალიაში მიდიოდა და მოლაპარაკებები "ნაპოლისთან" მიმდინარეობდა. მაშინვე აღვფრთოვანდი, რადგან ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიცი, რომ ნეაპოლში შესანიშნავ პიცას ამზადებენ, თუმცა აქ მარადონა თამაშობდა და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია".
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 აგვისტოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.
შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა [PHOTO]