ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა გაეტანო ფონტანამ, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას 2005-06 წლებში იცავდა, ამჟამად კი სერია C-ს "იმოლესეს" მწვრთნელია, რადიო Goal-თან ნეაპოლური გუნდის ახალწვეულები - ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე შეაქო. ფონტანას Areanapoli ციტირებს:
"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული და შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როდესაც მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ მინდოდა გადამეჭარბებინა და ზედმეტად გულმოდგინე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ეს მის ახალგაზრდულ ასაკთანაა დაკავშირებული. სპალეტი ამაზე კარგად იმუშავებს.
კიმმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. კარგად მოქმედებს და გარისკვა შეუძლია.
მისი უნარებით მოხიბლული დავრჩი. აქვს ლიდერის თვისებები და ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა".