წინ, ხვიჩა, დიდებისკენ მიმავალი გზა ახლა იწყება...

AutoSharing Option
სპორტი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი თუ რაგბი, ნებისმიერ სპორტულ სახეობას ჩვენი მოწამვლა და ცხოვრების დაკავშირება შეუძლია.

ხშირად მოლოდინი რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. როდესაც ძლიერი გუნდები ფეხბურთელებს ყიდულობენ, მაშინ მათგან ვარსკვლავების მოწყვეტას ელიან. მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკის კატალონიური ვოიაჟის გახურებამდე, "ბარსელონას" გულშემატკივრები 40 და მეტ გატანილ ბურთს ელიან. და რატომაც არა? ავიღოთ ერლინ ჰოლანი, რომელმაც "სიტის" მაისურით მოედანზე გასვლის შემდეგ "ქალაქელების" გულშემატკივრებს იმის იმედი ჩაუსახა, რასთანაც რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ნანატრ ტრიუმფს ვერა
და ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ. გავიხსენოთ ედენ აზარის მადრიდული ტრანსფერი, ბელგიელმა "ბლანკოსის" შემადგენლობაში ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა და სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. არადა, "ჩელსის" უდავო ლიდერი იყო, ლოდინი ძალიან დიდი იყო... მეტიც, რონალდოს შემცვლელად მოიაზრებოდა...

Sportall.Ge

"ნაპოლიმ" ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. ქართველისგან ნეაპოლელები წარმატებულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ ასეთს? სერია A-ს სადებიუტო თვეში "კვარა" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მთელი მსოფლიო თავის შედეგიანობაზე აალაპარაკა. თუნდაც გავიხსენოთ "ლაციოსთან" მატჩი, რომელშიც 77-ნომრიანი მაისურით მოთამაშე ახალგაზრდა შემტევმა რომაელთა მცველებს ქართული ჯოჯოხეთი მოუწყო. ხვიჩაზე ალაპარაკდნენ ისეთი მწვრთნელები და ფეხბურთელები, როგორიც არის რაფაელ ბენიტესი, რომელმაც კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. დიახ, არ მოგესმათ, ამ ლიგაში თამაშობენ დუშან ვლაჰოვიჩი, ანხელ დი მარია, ოლივიე ჟირუ, რომელუ ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი და სხვა ვარსკვლავები, თუმცა, გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ხვიჩა მათგან გამორჩეულია. "ბიანკონერის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ გუნდებს მოუწოდა, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან "კვარა" ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული.

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრამდე კვარაცხელიაზე ბრიტანულმა BBC-მ ვრცელი სტატია შემოგვთავაზა. გთავაზობთ ნაწილობრივ:

"იმაზე დიდი მოლოდინი არ არსებობს, ვიდრე გულშემატკივრებისგან კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სახელის დაძახებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნეაპოლსა და დიეგო არმანდო მარადონას ვეხებით.

შესაძლოა, ხვიჩას იტალიურმა ვოიაჟმა ისეთივე აჟიოტაჟი არ გამოიწვია, როგორც თავის დროზე "ალბისელესტელთა" ლეგენდარული ფეხბურთელის ტრანსფერმა, თუმცა კარიერის ამ ეტაპზე მსგავსმა თამაშმა (5 თამაშში 4 გოლი და 1 ასისტი) ყველაფერი შეცვალა, ფანებისგან კი მოდიოდა შეძახილები, როგორებიცაა - "მესი", "კვარადონა" და ა.შ.

ამ თემაზე თვითონ ხვიჩამაც საკმაოდ გაწონასწორებული კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა არგენტინელის ოდნავ შეცვლილი სახელის დაძახება, დიდი პასუხისმგებლობის აღება კი, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატების მიმღწევი ფეხბურთელების ხვედრია, მაგრამ "კვარას" ეს ნამდვილად სიამოვნებს; როგორ არ გესიამოვნოს?!

Sportall.Ge

"მე მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, თუმცა ჩემს ყველაფერს გავიღებ, რათა ამ კლუბისთვის დიდებული ფეხბურთელი გავხდე".

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ყაზანის "რუბინი" დატოვა და კარიერა გარკვეული დროით საკუთარ სამშობლოში, ბათუმის "დინამოში" გააგრძელა, სადაც 11 გამართულ მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი: სწრაფი გაერთიანება, სიკვდილის ჯგუფები და ბრიტანული დრამა

ისევე, როგორც მარადონამ, კვარაცხელიამაც სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა ვერონას "ჰელასთან" ჩაატარა. განსხავებით სამხრეთამერიკელი დიდოსტატისგან, ქართველმა გუნდის წარმატებაში საკვანძო როლი ითამაშა და ნეაპოლელების 5:2 გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი გოლითა და ასისტით შეიტანა.

შემდეგ ტურში ყველაფერი კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდა, "კვარამ" უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებულ "მონცასთან" დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი იყო პირველი გოლი, რომელიც ქართველმა შორეული დისტანციიდან ყუმბარისებურად გაისროლა, სპალეტის კი აქ ჩაეღიმა, რადგან დარწმუნდა, რომ გუნდს ეს ბიჭუნა წარმატებას მოუტანდა.

"ეს საოცარი აღმოჩენაა, ამას ნამდვილად არ ველოდით. საუკეთესო საჩუქარია (სიუპრიზი)" - განაცხადა კირსტენ შლევიტსმა ("მეტი, ვიდრე მარადონას" ავტორია).

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" განახლება მას შემდეგ წამოიწყო, რაც გუნდი ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ და დრის მერტენსმა დატოვეს. მათ ნაცვლად ლუჩანომ კვარაცხელია, კიმ მინ-ჯაე, ზამბო ანგისა და ტანგი ნდომბელე შეარჩია, წინა ხაზზე შემადგენლობა ჯოვანი სიმეონეთი და ჯაკომო რასპადორით გაძლიერდა.

"ეს გლოვას ჰგავდა, რადგან მსგავსი კალიბრის ფეხბურთელები დავკარგეთ, გუნდში კი უსახელო, არაპოპულარული სპორტსმენები მოვიდნენ, კალიდუ, ლორენცო და დრისი ხომ მაურისიო სარის დროიდან მოყოლებული ჩვენთან იყვნენ. მაშინ სპალეტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი, რომ ძველმოდურ სპეციალისტად გადაიქცა, რადგან ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის მოყვანით მხიარული გუნდის ჩამოყალიბება ძალიან რთულია, თანაც ისინი ყველანი ერთად უნდა გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ" - განაგრძო შლევიტსმა.

ხვიჩა კვარაცხელია

"ნაპოლის" შემადგენლობიდან ხვიჩა ყველაზე მეტადაა დამაინტრიგებელი ფეხბურთელი, რადგან ქართველ შემტევს, საკუთარი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მატჩის მიმდინარეობის ძირეულად შეცვლა და ვითარების სასიკეთოდ გამოსწორება შეუძლია. ძირითადად მარცხენა ფლანგზე ისარჯება, თუმცა 90 წუთი მოედანზე ჯერ არ ყოფილა, რადგან გუნდს გადატვირთული გრაფიკი აქვს; ამასთან ერთად, ალბათ ამის საჭიროებაც არ დამდგარა, რადგან მასთან ერთად სხვა მშვენიერი წარმომადგენლები გვხვდებიან. არადა, ვინ იცის, 60 წუთში ასეთი სტატისტიკის შემქმნელს 90 წუთში რა გამოუვა. ამას ერთად ვნახავთ, თანაც აუცილებლად.

Sportall.Ge

"ლაციოსთან" ხსენებულ მატჩში, რომელშიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს, გოლი შორეული გასროლით გაიტანა. შედეგიანი დარტყმის გარდა, მოედანზე ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ქართველი დიდოსტატი ქმნიდა. გამოვარჩევდი ერთ-ერთ მომენტს, რომელშიც "კვარამ" ზიდანის ან თუნდაც მარადონას ელეგანტური ტრიალი შემოგვთავაზა, შორიდან ძლიერად გაისროლა, თუმცა რომაელთა კარი ძელმა იხსნა, მეკარეს იქ შანსი არ ჰქონია...

"ჩემთან სახლში ფინჯან ჩაიზე მაშინ დავპატიჟე, როცა კონტრაქტი გავაფორმეთ. მას ნებისმიერ სიტუაციაში ბურთის გაკონტროლება შეუძლია. არ სურს იყოს ყურადღების ცენტრში, რადგან ცოტა მორცხვია, თუმცა მოედანზე საპირისპიროდ, ყველაზე მეტადაა თავდაჯერებული" - განაცხადა სპალეტიმ.

ერთი მხრივ, ალბათ ნეაპოლელებს შეეშინდათ, როდესაც ქართული ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელი გაიფორმეს და გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად მოიაზრეს, თუმცა წარმოიდგინეთ, ამ ბიჭუნამ სადებიუტო თვეში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საუკეთესოთა ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

"უყვარს დრიბლინგი, თავს ჩახრის და გარბის... გარბის და გარბის... რაც ცოტა შემაშფოთებელია, თუმცა შემდეგ დააკვირდებით, თუ რა ენთუზიაზმით ასრულებს თითოეულ საფეხბურთო მოძრაობას. ამავდროულად, ხვიჩა კონცენტრირებულია. პირადად ჩემთვის, ინტელექტუალი ფეხბურთელი ის არაა, რომელიც მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გამოვა და რამეს იტყვის, არამედ ის, რომელიც თამაშს ჩინებულად კითხულობს. დიახ, ხვიჩა ინტელექტუალია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ აქვს ნაჩვენები, რადგან ძალიან ახალგაზრდაა, წინ დიდი დრო აქვს, რათა სპალეტის სისტემაში თავი შეუცვლელ ფიგურად დაიმკვიდროს და ისწავლოს არაერთი რამ, რაც თავისი კარიერული ტრაექტორიის გარდაქმნაში დაეხმარება" - ციტირებს BBC შლევიტსის სიტყვებს.

Sportall.Ge

ქართველი მესი...

ხვიჩას მამა, ბადრი, საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, პატარა "კვარა" კი თბილისის "დინამოს" გამორჩეულ ბავშვებში ასპარეზობდა. მათგან რამდენიმე ახლა ეროვნულ ნაკრებში გამოდის. არ აქვს მისი კარიერის განვითარების გზას მნიშვნელობა, მთავარია, რომ 21 წლის ასაკში კვარაცხელია უკვე ნეაპოლის ერთ-ერთი ლიდერია...

რა შეგვიძლია ვთქვათ? შეხედეთ საკლუბო დონის გარდა ხვიჩას ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას, მშვენიერი გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან, ჩინებული, მხატვრული შემოქმედება გიბრალტართან, ყუმბარისებური გასროლა მაკედონიასთან... 21 წლის ასაკში "კვარამ" ნაკრებს ძალიან ბევრი მისცა და მასთან ერთად გარდაქმნის პერიოდიც კი დააწყებინა.

ახლა საქართველოს ნაკრები რაღაც მხრივ აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავს, რადგან გუნდი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, მატჩებს არ აგებს (9-შეხვედრიანი წაუგებელია სერია აქვს, აქედან 7 მოიგო), დიდი სხვაობით სძლიეს ბულგარეთს (5:2), მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს სკოპიეში ადგილობრივ ნაკრებთან (3:0), ხვიჩა კი ერთა ლიგის საუკეთესო რეზულტატით ყველაზე გამორჩეულ ვარსკვალვბიჭუნად წარმოგვესახა.

რა დავამატოთ? დავაკვირდეთ კვარაცხელიას დიდებულ თამაშს, დაველოდოთ ჩემპიონთალიგურ ვოიაჟს, რომელშიც თავი უნდა წარმოაჩინოს და ვნახოთ, როგორ გააგრძელებს დიდებისკენ მიმავალ მძიმე გზას ახალგაზრდა ქართველი.

ნაწილობრივ მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგია როცა თანამემამულის წარმატება გიხარია ,უფრო გიხარია როცა შენს ქვეყანასაც უხარია და დიდებულია როცა შენთან ერთად სხვა ქვეყანასაც უხარია!
ბაბაია
02:11 09-09-2022
0
Xvica maradonac dedam gaachina da shenc ty moindomeb aycileblad pirveli gaxdebi!!!
Zaza
09:39 08-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული