"შენ ქართველი ემიგრანტების გახარება შეძელი" - POSTV-ის ჟურნალისტის ემოციური წერილი ხვიჩაზე

AutoSharing Option

"იცი, რატომ ხარ საუკეთესო ბიჭი?! განა მარტო იმიტომ, რომ გოლი გაგაქვს ან ძალიან კარგად თამაშობ. ეგ შენი თავდაუზოგავი შრომის, ღვთისგან ნაბოძები ნიჭის და შენი უსაზღვრო მონდომების შედეგია, მაგრამ ამის გარდა,  შენ საუკეთესო ბიჭი ხარ იმიტომ, რომ დიდიან-პატარიანად ყველას გულში რაღაც უცნაური, უცხო და სასიამოვნო სითბო და სიამაყე ჩაღვარე. ხომ არ გიცნობ, მაგრამ მეც და ყველა, თითოეული შეგნებული და საღად მოაზროვნე ქართველი, ზუსტად იმავეს გრძნობს. შენ მიმართ ნათქვამ და გამოხატულ ყველა ემოციას, რომელიც
უბრალო იტალიელებისგან თუ მსოფლიო დონის ვარსკვლავებისგან მოდის, ცრემლებს ვაყოლებთ, სიამაყის, სიხარულის და ბედნიერების ცრემლებს.

ასე ყოველთვის ყველას არ შეუძლია. შენ შეძელი შენი თავმდაბლობით, კარგად აღზრდილობით, შენი გულწრფელობით და იმით, რომ დაგვანახე, როგორ გიყვარს შენი ქვეყანა. როგორი სწორი, კარგი და ძლიერი ბიჭი ხარ.

რთულია უსმინო დაუმსახურებელ შეურაცხყოფას, მაგრამ იმდენად მაგარი ბიჭი ხარ, რომ ამასაც ამაყად უძლებ.

შენ შეძელი ქართველი ემიგრანტების გახარება, მათ თვალებში ბრჭყვიალა ვარსკვლავების დაბრუნება. შეძელი, რომ ქუჩაში, როცა სამსახურიდან შრომისგან დაღლილები გადიან, მხრებში იმართებიან, ამაყად დააბიჯებენ უცხო ქვეყნის მიწაზე და ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ შენს გვარს, რომ შეუსწორონ იტალიელებს და სწორად წარმოთქმა ასწავლონ. ყველას შვილი, ყველას ძმა და მეგობარი გახდი.

მადლობა, ოქროს ბიჭო! სულ ასეთად დარჩი, ადამიანად! ბევრი წარმატება შენ და ყოველთვის გქონდეს ქართველი ხალხის იმედი".

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლიმ" 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "ლივერპული" 4:1 დაამარცხა, ქართველმა შემტევმა კი 1 ასისტი მიითვალა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო,ნამდვილად დამსახურებული და კარგი კომენტარი იყო.
კახა ქ.
16:06 08-09-2022
4
ნუ ეტენებიან ეს ვაი ხალხი ამ კაცს. ხაიპის გამო რო წერენ ამანაირებს. ფუ.
იმერელი
15:49 08-09-2022
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული