მწვრთნელმა სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სასტარტოში დააყენა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით შეუცვლელად ათამაშა (მის გარდა თითქმის ყველა შეცვალა) და ცხადია, სურს ტრავმის შემდეგ მეტი სათამაშო დრო მისცეს და ფორმაში ჩადგეს. უნდა ითქვას, ის კარგად გაისარჯა, მეტადრე მეორე ტაიმში და გოლიც გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან ეუხეშებოდნენ.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მე-12 წუთზე სტუმრები კაპუემ დააწინაურა, თუმცა სამ წუთში ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც ხვიჩამ მეკარე რეინასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კაპუეს დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ორივე გუნდი აქტიურობდა, კაპუემ საჯარიმოს გარედან ოდნავ ააცილა მიზანს, შემდეგ ხვიჩამ სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო, მეურვეს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან წააქცია. „ვილიარეალმა“ კი „ნაპოლი“ ორჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირა და 3:1 გავიდა წინ. 79-ე წუთზე ძერბინი საჯარიმოში მოცელეს და კვარაცხელიამ უზადოდ შესრულებული პენალტით ანგარიში შეამცირა, ძალიან გააქტიურდა, ბურთი თვითონ წაიღო ცენტრში, პარტნიორებს წინ მიუძღოდა, თამაშს ამწვავებდა, ყველა კუთხურს თავად აწოდებდა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ხაზგასასმელია, რომ ბოლოს მარჯვენა ფლანგზე და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა. მთავარია "კვარა" თანდათან მოუმატებს და ძველებურად გაგვახარებს - ეს უეჭველია.
რაც შეეხება "ნაპოლის", გასაკვირად ბევრი შეცდომა დაუშვა, ნახევარდაცვა გათიშული იყო, მოწინააღმდეგე ადვილად გადადიოდა მოედნის ცენტრს და მცველებიც ვერ ვარგობდნენ.
სერია A-ს განახლებამდე „ნაპოლი“ ბოლო სპარინგს სახლში „ლილთან“ 21 დეკემბერს ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ვილიარეალი 2:3
გოლები: 0:1 კაპუე (12), 1:1 ოსიმენი (15), 1:2 ჯეკსონი (67), 1:3 ჟერარ მორენო (70, 2:3 კვარაცხელია (79, პენ)