არის თუ არა ეს ის "ნაპოლი"?! - რისი სწავლა მოუწევს კვარაცხელიას...

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ყველაფერი მაქსიმალურად ისე წარმართა, "ნაპოლის" სეზონში პირველი მარცხი (0:1) ეგემა. შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ცხადი გახდა, რომ დიდწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო მილანელთა დამრიგებელს დაცვის საგანგებო სისტემა ჰქონდა აწყობილი. მატჩის პრევიუშიც დავწერეთ, რომ დენზელ დუმფრისი თავდაცვით ფუნქციებში, შეტევასთან შედარებით, ნაკლებად გამორჩეულია და სასტარტოში ვეტერანი მატეო დარმიანი ვიხილეთ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედიდანაც" გვახსოვს.

Sportall.Ge

ქართველი გარემარბის მიმართ პირველ ნახევარში საკმაოდ უხეში თამაშიც იყო, თუმცა ამას არბიტრის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ხვიჩა ოფიციალურ მატჩს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ატარებდა და მის
მიმართ გამოჩენილი ეს სიხისტე მას მაინც თრგუნავდა და დაძაბულობაში ამყოფებდა. ფაქტია, კვარაცხელიასგან მუდმივად ძალიან ბევრს ველით, მათ შორის, არაფრიდან თამაშის ბედის განსაზღვრას, მაშინაც კი, როცა ნეაპოლელთა წინა ხაზი ნახევარდაცვისგან საკმაოდ მოწყვეტილი იყო, ვიქტორ ოსიმენი კი ზონებს ისე ვერ ათავისუფლებდა, როგორც სჩვევია.

სტანისლავ ლობოტკასგანაც რამდენჯერმე დიდებული თამაში ვნახეთ, თუმცა "ინტერის" საოცარი პრესინგისა და ფიზიკური მომზადების პირობებში, ეს ის "ნაპოლი" აღარ იყო - სპალეტის მოთამაშეები ბურთს ხშირად კარგავდნენ, შეტევას კი ის სისხარტე და ელასტიკურობა დაკარგული ჰქონდა, რასაც შევეჩვიეთ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ზამბო ანგისა საკუთარ თავს არ ჰგავდა. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ერთგვარად გარკვეული გადაწყვეტილებების ტყვეობაში რჩება. უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, რომ ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მინდვრის შუაში მშვენივრად გამოიყურება. "ინტერთან" შეხვედრის დასკვნით ნაწილში ის ართმევაშიც გამოირჩა, ტექნიკური არსენალიც აქვს და მინდვრის ხედვაც. სპალეტის ალბათ უკვე მომდევნო ტურში მოუწევს ნახევარდაცვის მძლავრი სამეულის "დაშლა" - ვერც პიოტრ ზელინსკი ბრწყინავდა.

ნეაპოლელთა დამრიგებლის გადაწყვეტილებები მაინც უცნაური იყო. ის დაცვის მარცხენა მხარეს ხშირად მიმართავს როტაციას და ცვლილებას შეხვედრის დროსაც აკეთებს. ამიტომ, ცოტა მოულოდნელი იყო, მარიო რუი მოედანზე რატომ არ ვიხილეთ. ურუგვაელი მატიას ოლივერას მთელი ფლანგის ათვისება და ხვიჩასთვის ზონების გახსნა არ გამოუვიდა, რუის კი მიმდინარე სეზონში 5 შედეგიანი პასი აქვს და შეტევაში პროდუქტიულია. ჯაკომო რასპადორიმ და ჯოვანი სიმეონემ თამაში გაამწვავეს და მათი მოედანზე შეყვანაც თითქოს დაგვიანდა. ცუდი თამაშის მიუხედავად, სპალეტი ოსიმენს ბოლომდე ენდო, კვარაცხელია კი, რომელმაც მეორე ტაიმში სულ ერთხელ გაამწვავა თამაში, მოედნიდან გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს აფეთქება და მატჩის გადარჩენა მაინც ნებისმიერ წამს და იქნებ ყველაზე მეტადაც შეეძლო. თუმცა, მას რომ ბევრი გაუცდა, ესეც გასათვალისწინებელი იყო.

Sportall.Ge

რამდენიც უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ამბავზე, ქართველი გულშემატკივრების მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართაა. ბუნებრივია, ყოველთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნები, მით უმეტეს, ასეთი პაუზისა და იმის ფონზე, შენს გუნდს თამაში რომ არ მისდის. ამის მიუხედავად, ხვიჩამ თავადაც თქვა, რომ ის ცდილობს, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ამ საყოველთაო ყურადღებისა და შესწავლის ფონზე, საკუთარ თამაშში სიახლეები შეიტანოს. "კვარადონა" ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს, თუმცა მასზე ეს წნეხი, განსაკუთრებული ყურადღება თუ უხეშობები გაგრძელდება. კვარაცხელია მენტალურადაც რომ გაიზარდა, ამაზე იური სიომინის ნათქვამიც მოვისმინეთ. ჩვენებურს საკუთარი დაკვირვებითაც ბევრის სწავლა მოუწევს...

ახლა მთავარია, არ უნდა განმეორდეს ის, რაც თუნდაც გასულ სეზონში მოხდა - ერთმა მარცხმა ნეაპოლელები არ ჩამოშალოს, იმის მიუხედავად, რომ პირველი წრის ბოლომდე სერიოზული მეტოქეები ჰყავთ - დეიან სტანკოვიჩის მოფერიანებული "სამპდორია", სკუდეტოსთვის მებრძოლი "იუვენტუსი" თუ გილერმო ოჩოათი გაძლიერებული "სალერნიტანა"...

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს 5 ქულით ლიდერობს, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა აქვს და ერთხელაც ვიტყვით იმას, რაც ადრეც დავწერეთ - სკუდეტოსთვის ბრძოლაში კვარაცხელიას ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება!..

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

alt"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს

მკითხველის კომენტარები / 18 /
თან ერთიცაა, შიგადა-შიგ ხვიჩას უნდა მიეცეს პოზიციის შეცვლის საშუალება, აი რასაც ნაკრებში აკეთებს.
რრრ
14:17 05-01-2023
1
ნუ აღმერთებთ და ძალით ნუ უზრდით პასუხისმგებლობას ფეხბურთელებს! ხვიჩა ნამდვილი ტალანტია, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან "ახალი მარადონა" და "ახალი მესი" ნამეტანია.

ასევე ეძახდით *მესი, *მესი ჭანტურიას, ოქრის,ვაკოს, ყენიას, და ასშ.

არგინდათ რა.. ჯერ გადახტით და ჰოპ მერე დაიძახეთ
Biankoneri
16:31 05-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული