"ნაპოლი" წინასასეზონო შეკრებას დიმაროში განაგრძობს, ხვიჩა კვარაცხელია საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და დამატებით ტრენაჟორებზეც. დღეს გუნდის საზეიმო ტრადიციული პრეზენტაცია გაიმართა, სადაც უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. პირველი სცენაზე გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტიფოზებმა თავიდანვე გააოგნეს, ეს ბედნიერებაა, მადლობელია ასეთი გულთბილი მიღებისთვის და იმედების გამართლებას შეეცდება.
შემდეგ ქომაგების წინაშე ტექნიკური პერსონალი და ფეხბურთელები ამპლუების თანმიმდევრობით წარსდგნენ. ხვიჩას გამოჩენამ პუბლიკის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ოვაციებით და გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმენ, ისევე როგორც ვიქტორ ოსიმენსა და კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს.
ბოლოს,
რა თქმა უნდა, სცენაზე ჩემპიონის თასით კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გავიდა და დამსწრე საზოგადოებას შეატყობინა, რომ დი ლორენცოსთან თანამშრომლობა 2029 წლამდე გააგრძელეს.
სხვა სიახლეების შესახებ: ოსიმენი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს არაა, მაგრამ კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის 200 მილიონ ევრომდე გაზრდის წინააღმდეგია. ეს საკითხი შეკრების დასრულებამდე უნდა გადაწყდეს. Sky Sport-ის მტკიცებით, მას პსჟ-ში გადასვლის და კილიან მბაპეს შეცვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. პიოტრ ზილენსკის გუნდიდან წასვლა არ უნდა, ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება, განახევრებაზე - არა. მარიო რუი საუდის არაბეთს არ მიაშურებს და სავარაუდოდ, არც მატეო პოლიტანო არ აიბარგება.
გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, მხოლოდ ჟუან ჟეზუსმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და საწვრთნელი ბაზა დატოვა.
"ნაპოლი" 24 ივლისს დიმაროში ამხანაგურ მატჩში "სპალს" შეხვდება, კიდევ რამდენიმე სპარინგს ჩაატარებს, 19 აგვისტოს კი იტალიის პირველობის პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება. ახალი სეზონი იწყება - სკუდეტოს მოპოვება ძნელია, ხოლო მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული. ნეაპოლურ გუნდს ზედიზედ ორჯერ არასოდეს არ მოუპოვებია ჩემპიონობა - მოახერხებს ტიტულის დაცვას?