"2017 წლის შემოდგომიდან, ცენტრალურ ნიუ-ჯერსიში იხსნება საფეხბურთო სკოლა, რომელიც იზრუნებს 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების სპორტული და საფეხბურთო შესაძლებლობების განვითარებაზე და იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის იქნება ინდივიდუალური მომზადება. საფეხბურთო სკოლის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი გახლავთ გიორგი ფირცხალავა, რომელსაც საქართველოსა და ევროპულ ქეყნებში პროფესიულ დონეზე უთამაშია", - ეწერა
დავინტერესდით, ვინ არის გიორგი ფირცხალავა, რომელმაც ნიუ-ჯერსიში საფეხბურთო სკოლა გახსნა. მას ამერიკაში დავუკავშირდით.
"საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვთამაშობდი "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდებში, მერე კი იტალიისა და საფრანგეთის დაბალი ლიგის გუნდებში. მწვრთნელობა ამერიკაში დავიწყე.
სხვათა შორის, ესენი უეფას მოთხოვნებს აღიარებენ, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრი და მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა აქვთ. უეფა თუ 4-საფეხურიანია, აქ მეტი ეტაპია გასავლელი. პროფლიცენზიის მისაღებად კი ბევრად დიდი დროა საჭირო. მე რამდენიმე საფეხურის შემდეგ B ეტაპზე გადავედი", - განმარტავს ფირცხალავა.
ის საკუთარი სკოლის დაფუძნების შესახებ გველაპარაკა:
"თავდაპირველად, აქ ცნობილ საფეხბურთო სკოლა "რადგარში" ვმუშაობდი, რომელიც ნიუ-იორკშია. ქართული საფეხბურთო სკოლის დაარსების ჩანაფიქრი დიდი ხანია მქონდა.
აქ არაერთი ჩვენებურია და სხვადასხვა საფეხბურთო სკოლაში ბევრი ნიჭიერი ქართველიც აღმოვაჩინე. მაშინ დავფიქრდი - ეს ბავშვები ერთად რომ შეგვეკრიბა, კარგი გუნდი გაკეთდებოდა. თუმცა, ამ ჩანაფიქრის განხორციელება ადვილი არ იყო. არაერთი იურიდიული და სხვა სახის საკითხი უნდა გადამეწყვიტა. საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა და სკოლის ამოქმედების უფლება მოვიპოვე".
ფირცხალავას თქმით, სკოლის პირველი ნაბიჯები დამაიმედებელია:
"საერთოდ, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არიან ბავშვები, რომელთაც ენობრივი ბარიერი აქვთ და მწვრთნელებისა და თანაგუნდელების ბოლომდე არ ესმით. ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს - ვარჯიშთან ერთად, ისინი უფრო გაერთიანდებიან.
დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ჩანაფიქრი ქართულ დიასპორას მოეწონებოდა. მაგრამ რაც მოხდა, ნამდვილად არ ველოდი - იმხელა ინტერესია, პირველივე დღეებში 50-მდე ბავშვი შეიკრიბა. მათ შორის, გამორჩეულად ნიჭიერებიც აღმოვაჩინე, რომელთა შესახებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად ვეტყვი, რათა ყურადღება მიაქციონ და როცა მათი ასაკის ნაკრებების ჩამოყალიბება დაიწყება, გამოიძახონ.
მაგრამ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველების უმრავლესობამ ჯერ ამ სკოლის შესახებ არაფერი იცის - როცა ინფორმაცია გავრცელდება, დარწმუნებული ვარ, ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მეტი პერსპექტივა გამოჩნდება.
თუმცა არა მხოლოდ ქართველები, ამერიკელებიც დაინტერესდნენ. სკოლა ნიუ-ჯერსიშია, აქ არაერთი ეროვნების ხალხია და მხოლოდ ქართველების მიღება შეუძლებელი იყო".
ცხადია, ამერიკაში საფეხბურთო სკოლის დაარსებას ფინანსები დასჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ფირცხალავამ ეს საკითხიც მოაგვარა:
"ჩემს ჩანაფიქრს მხარდამჭერები გამოუჩნდნენ და ახლა სკოლას სპონსორები და პარტნიორები ჰყავს. სხვათა შორის, ამერიკაში ძლიერი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა, იმდენი მოედანია, ყველას დატვირთვა ჭირს და სკოლისთვის მათი მოძებნა და დაქირავება არ გამჭირვებია.
ჩვენს აკადემიას ახლა ორი სტანდარტული მოედანი აქვს, ერთიც დარბაზის არენა, სადაც ასევე სტანდარტული მოედანია და ზამთარში ან წვიმის დროს გამოვიყენებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
✌✌✌