საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან

AutoSharing Option
ზუსტად 1 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულეს და ეს განსაკუთრებით მტკივენული თბილისის "დინამოს" შემთხვევაში იყო.

1 კვირა საკმარისი დროა ემოციების დასათრგუნად და მასზე გონების უპირატესობის მოსაპოვებლად. sportall.ge საქართველოს მასწავლების სახლის დირექტორს, საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელსა და ევროპული კლუბების ასცოციაციის ერთერთი სამუშაო ჯგუფის წევრ ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონ ბერიკასთან დიალოგი სავალალო მარცხის მეორე დღეს, 25 სექტემბერს შედგა და ის ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობს.

-მოგესალმებით ბატონო ბერიკა. მოკლედ რომ შეაფასოთ ქართული კლუბების
გამოსვლა ევროთასებზე...
-პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბლისის "ლოკომოტივს", მის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას, მთელ პერსონალს იმის გამო, რაც ევროპა ლიგის პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ "გრანადასთანაც" ღირსეულად ითამაშეს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო მწვრთნელის გადაწყვეტილება, მისი შერჩეული ტაქტიკა. ასევე ის, რომ თითეულ ფეხბურთელს თავისი მაქსიმუმის ფარგლებში მისცა დავალება. ჭიაბრიშვილს კარგად ჰყავს საკუთარი მოთამაშეები შესწავლილი და ის დავალებები მისცა, რასაც თითოეული მათგანი თავს გაართმევდა.

მიუღებლად მიმაჩნია "დინამოს" იმ 11 ფეხბურთელის ლანძღვა, როლებმაც საერთოდ გაუგონარ კლუბთან ასეთი სირცხვილი ჭამეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდი, როცა "დინამო" მსოფლიოს წამყვან გუნდებს ბეჭებზე დებდა.

თუმცა, ჩვენ ქართველებს, როგორც ერს, საზოგადოებას ამ შემთხვევის ახალ შესაძლებლობად გამოყენება შეგვიძლია. კი ბატონო, კლუბს, ფუნქციონერებს, ფედერაციასა და ფონდს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ჩვენ, როგორც რიგითმა მაყურებლებმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე.

სხვაზე არ ვიტყვი, ჩემი თავით დავიწყებ. ხშირად სამსახურიდან წასულს, დაღლილს დამინახავს მიმდინარე თამაში. შემიძლია გავაჩერო, ვუყურო თამაშს, დავჯდე სტადიონზე. მე მარტო მათ კლასს ვერ გავზრდი, თუმცა ჩემნაირი სხვაც რო შემოვა, სპონსორიც მოვა.
არავის ეგონოს, რომ საშა ჩივაძისა და ვლადიმერ გუცაევის დონის მოთამაშეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში იხილავენ. ეს დრო, სამწუხაროდ უკვე გავიდა.


-ყველა ვხედავთ რომ რთული მდგომარეობაა. რა მიზანი უნდა დავისახოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად?
-მე, როგორც ევროპული კლუბების ასოციაციის სამუშაო ჯგუფის წევრი, დიდი ხანია ვაკვირდები ევროპულ ფეხბურთს და უეფას აკადემიაში სწავლისას რამდენიმე მათგანი საფუძლიანადაც შევისწავლე.

ერთი რამ უნდა გავიაზროთ ქართველმა გულშემატკივრებმა, ძველი "დინამოს" დიდება, როცა "ლივერპულს" უგებდა, კარგა ხანი არ დაბრუნდება. რატომ, იმიტომ რომ ის ნარატივი მოკვდა.

ევროპული კლუბების ასოციაციამ გუნდები 4 კატეგორიად დაჰყო. განმსაზღვრელი კრიტერიუმები იყო: მათი შემოსავლები, სპორტული მიღწევები და კოეფიციენტები.

სწორედ ეს არის ფეხბურთის ახალი ნარატივი, თუმცა ჩვენი საფეხბურთო აღქმა უფრო ძველ ხედვას ეფუძნება. იმ მოცემულობას, როცა თბილისის "დინამო" "ლივერპულს" 3:0-ს უგებდა. დღეს "ლივერპულის" საოპერაციო ბიუჯეტი 450 მილიონი ევროა, თბილისის "დინამოსი" კი, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვამბობ, 3 მილიონი, ან ვთქვათ, 5 მილიონი ევრო. "დინამოსა" და "ლივერპულის" გერბებს უკან სხვადასხვა ფინანსური რესურსია.

ყველა ქართული კლუბი დღეს, ამ ოთხი კატეგორიის კლუბებს შორის ბოლო კალათაშია. ანუ, ჩვენი კლუბების სპორტული შედეგები, ეკონომიკური შემოსავლები და ქვეყნის ჩემპიონატის დონე სწორედ მეოთხე ჯგუფს შეესაბამება. დღევანდელმა ფეხბურთმა ასეთი განაჩენი გამოგვიტანა და მიგვიჩინა ადგილი იქ, სადაც რეალურად ვართ.

უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა ვიმყოფებით ფსკერზე, ამაზე ქვემოთ არაფერია. "დინამო" ქართული კლუბებიდან ევროთასებზე ერთადერთი განთესილი გუნდი იყო და ფარერების ჩემპიონთან 1:6 განადგურდა. ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?!

თუ შევთანმხდებით, რომ ფსკერზე ვართ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ იმაზე მუშაობა, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას.

გულშემატკირების კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ცუდად მე ვხვდებოდი, ხალხს ლამის ხელით ეჭირა გული. მაგრამ, ამას უნდა დავანებოთ თავი, ტირილითა და ვიშვიშით კაცი არ გაცოცხლებულა.

ჩვენი ეკონომიკით, მოსახლეობითა და ქვეყნის ზომით უნდა განვასზღვროთ ის თამასა, რომლის მიღწევასაც შევძლებთ. ეს კი მესამე ქვეჯგუფია და რა გუნდებია იქ? აი, მაგალითად, "მარიბორი", "ლუდოგორეცი", ძველი დონის "შერიფი", "აბერდინი", "ომონია"...  აი, ამ გუნდების დონის 3-4 კლუბი თუ იქნება საქართველოში, ჩავთვალოთ, რომ საქმე გაკეთებულია.

რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი: თუ უახლოეს 5-6 წელში მესამე კატეგორიის ქვეჯგუფში მოვხვდებით, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ჩვენი გაბარიტების სახელმწიფოში მეტი არ შეუძლია, პირველ და მეორე კატეგორიაში მოხვედრა წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ, დავისახოთ რეალური მიზანი, მოვხვდეთ მე-3 ჯგუფში და ყოველ წელს თუ არა, რაღაც პერიოდებით ჩვენმა კლუბებმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშონ. ეს არის რეალობა. ამაზე მეტს თუ ვინმე ელოდება, მე მაპატიოს და, შეუძლებელია.

-რა არის ამის განმსაზღვრელი? ანუ, რატომ არის ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით რეალური ადგილი მესამე კატეგორიაში?
-მაგალითად რომ ავიღოთ, საქართველოს ჩემპიონატიდან საშუალო დონის ევროპულ კლუბში ახლა რომელი ფეხბურთელი მოხვდებოდა? ან რომელი ლეგიონერი? ვფიქრობ ვერცერთი.

საშა ჩივაძის დონის მცველი რომ გვყავდეს, ისეთი, როგორიც გვარდიოლას უნდა, ტაქტიკურად განსწავლული, ბრწყინვალე პასით, შეტევის დაწყები, ასეთ ფეხბურთელს ახლა 100 მილიონ დოლარად გავყიდდით. ჩივაძის, ყიფიანის დონის მოთამაშე რომ დაიბადება, იმას საქართველოში 2 წელზე მეტი ხნით ვერ გააჩერებ, მაშინვე წამყვანი ევროპული კლუბი წაგართმევს. ამას უნდა შევეგუოთ, ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის ნარატივი მოკვდა.

სად თამაშობენ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები?! გიორგი ჩაკვეტაძე, ყველაზე ნიჭიერი ქართველი მოთამაშე "გენტში" გამოდის, კლუბში, რომელზეც ნახევარ საქართველოს არაფერი გვეცოდინებოდა იქ გიორგი რომ არ თამაშობდეს. და რომელ გუნდშია ყველაზე იმედისმომცემი ქართველი ახალგაზრდა?! ყაზანის "რუბინში". აი, რეალობა ასეთია.

შესაძლოა ვაისს რაღაცები დავუწუნოთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, არსებული რესურსით ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმუმს მიაღწია. ისევ რეალობას რომ გავუსწოროთ თვალი, ფამაგუსტას "ანორთოსისის" საბაზო გუნდია ჩვენი ნაკრები. თავის ჩემპიონატში კი ბატონო, თუმცა ევროპული დონე რომ ავიღოთ, ვხედავთ, რომ უძლიერესთა შორის არაა.

-თუმცა, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს არგუმენტი, რომ სუსტი გუნდები აღწევენ წარმატებებს, თუნდაც იგივე "დინამოს" დამმარცხებელ "კლაკსვიკს" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ნორმალური შანსები აქვს...
-ცხადია, გვაქვს მაგალითები, როცა სუსტი და ღარიბი გუნდები გაცილებით ძლიერებსა და მდიდრებს ამარცხებენ, თუნდაც "ლოკომოტივის" შემთხვევა რომ ავიღოთ. თუმცა, აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. სპორტის სხვადასხვა სახეობას შორის ფეხბურთში გამოცნობის კოეფიციენტი ყველაზე დაბალია და 43%-ს შეადგენს. ანუ, თამაშების 57%-ში წინასწარ არ იცი რომელი გუნდი მოიგებს.

რაგბიში იცი, შოტალანდიას რო ეთამაშება რუსეთი, რამდენჯერაც უნდა შეხვდეს, იმდენჯერ წააგებს. ვხედავთ, რაგბიში რომ რუსეთმა მოუგოს შოტლანდიას, ამისი ალბათობა ნულია, მაგრამ ფეხბურთში ხომ მოვუგეთ ესპანეთს?! ანუ აქ შესაძლებელი ყოფილაო იტყვის ადამიანი. მაგრამ ფეხბურთში ამ გამოუცნობი კოეფიციენტის იმედად დავრჩებით, რომ რომელიღაც წელს "ჩიხურა" "ბურსას" მოუგებს ან "ლოკომოტივი" "დინამოს", ეს საკითხისა და საქმისადმი არასერიოზული მიდგომა იქნება.

ჰოლანდიის მაგალითი რომ ავიღოთ. როცა მათი ნაკრები დიდ სანაკრებო სარბიელზე ვერ გავიდა, ფეხბურთის მესვეურები დასხდნენ და თქვეს, რომ ჩვენი საქმე კარგად ვერ არის და რაღაც უნდა მოვიფიქროთო. იგივე გააკეთეს გერმანელებმა, ოღონდ უფრო ადრე და გერმანული ფეხბურთის სტილი შეიმუშავეს. ხომ ხედავთ, "ბაიერნი" 4-4-2 ტაქტიკით კი არა, 2-4-4 ტაქტიკით თამაშობს, მეტოქის საჯარიმოში 5-6 პასს აკეთებენ, ასეთი რაღაც წარმოუდგენელია.

მსგავსი რამ მოხდა ჰოლანდიაშიც, გადაწყვიტეს, რომ უკუსვლის მიზეზი მათ რომატიკულ ფეხბურთზე უარის თქმა იყო და ახლა ხედავთ რა სტილი აქვთ. ეს კი ციდან არ ჩამოფრენილა.

რაც ჰოლანდიელებმა გააკეთეს, იგივე უნდა მოხდეს ჩვენთან. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს სპეციალური კომისია. მე პირადად ვთხოვ ეკა-ს(ევროპული კლუბების ასოციაია),ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია უეფასთან ამ საკითხის მოგვარება და 4 საფეხბურთო ექსპერტი რომ ჩამოვიყვანოთ, კარგი იქნება.

მე თვითონ კვლევის სპეციალისტი ვარ და სრულად უფასოდ გავაკეთებ ყველაფერს. აქ უნდა ჩაერთონ ვეტერანი ფეხბურთელები, უნდა იყოს მოქმედი კომისია და დადოს ფეხბურთის განვითარების სტრატეგია. ოღონდ, ყველაფერი, სრულად ყველაფერი საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ, რა გვჭირს, რა უნდა გავაკეთოთ, რა შევცვალოთ. არ შეიძლება მეზობლის რეცეპტით წამლების დალევა, რეცეპტი ექიმმა უნდა გამოგიწეროს.

ფუნდამენტური კვლევა უნდა ჩატარდეს, მოვიაროთ მთელი საქართველო, გამოვიკვლიოთ რა ხდება მარტვილში, ქუთაისში, ოზურგეთში. და ამასთანავე, ვეტერანების ჩართულობით, განვსაზღვროთ რა არის ქართული ფეხბურთის ფილოსოფია.

-თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის ფილოსოფია?
-მე ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთის ფილოსოფია ის არის, რაც გია ჭიაბრიშვილმა თქვა: მოსკოვის "დინამოსთან" ხვიჩა კვარაცხელიასავით უნდა ვითამაშოთ." ესაა ჩვენი ფეხბურთი, ლაღი შეტევა, მოტყუებაზე, გამწვავებაზე წასვლა და არა დააგდე ბურთი და გაიქეცი.

მე არ ვამბობ, სწორი ფეხბურთი არ უნდა ვითამაშოთო. მაგრამ, ქართული ფეხბურთი კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეების აღზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თორე ლეონ გორეცკას თბილისში ვერ გამოუშვებ, გორეცკას მერსედესის ქარხანა უშვებს, თბილისის ქარხანას შეუძლია გამოუშვას ტექნიკურ ფეხბურთელი, როგორიც იყო ვოვა გუცაევი, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი.

-მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ, რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები...?

-ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები? მოდით, ეს პრობლემები ამ კომისიამ დაადგინოს. მე კი, აქ ერთ მაგალითს მოგიყვანთ.

საჩხერის "ჩიხურას" ახალგაზრდული გუნდი ერთერთ კლუბს ეთამაშებოდა. სპეციალურად ვკითხე მეტოქის ერთერთ მშობელს, დღეს ბავშვებმა რა ჭამეს მეთქი. რა საკვებიც დამისახელა, მხოლოდ ნახშირწყლებს შეიცავდა, მასში არც კალიუმი იყო, არც კალციუმი.

ეს ნათელყოფს, რომ ფეხბურთელი ვერ იკვებება, კლუბს საშუალება არ აქვს, მშობელს საშუალება არ აქვს. პატარა მოთამაშეების საფეხბურთო განათლება ხშირად გინებაზე გადის, რასაც მწვრთნელი დააკლებს, გინების იმ ნაპრალს მშობელი ავსებს. გუნდებს არ ჰყავთ ექიმი, შესაბამისად ახალგაზრდა მოთამაშე სამედიცინო მომსახურებას მოკლებულია. გუნდში არ არის ფიზმომზადების მწვრთნელი.

აი, ზუსტად აქიდან უნდა დავიწყოთ ფეხბურთის აღორძინება. სახელმწიფო ფული, რასაც ფეხბურთის განვითარების ფონდი ხარჯავს, მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და ბავშვების განვითარებისთვის უნდა განაწილდეს. ქართველებს ვაშლის მოკრეფა გვინდა, თუმცა ჯერ ხე არ დაგვირგავს.

მესამე, მეოთხე ლიგებში სულ ახალგაზრდები უნდა თამაშობდნენ. მათ ყოველგვარი პირობა უნდა შევუქმნათ, ოღონდ ხელფასი არ უნდა გადავუხადოთ. კვება, მომზადება, საცხოვრისი უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ, კარგი შეკრებებიც, თუმცა ხელფასი არა. სახელმწიფო თუ ამ კლუბებს ფეხბურთელების გაზრდა-განვითარებაში დაეხმარება, ის რამდენიმეს გაჰყიდის და შემოსავალიც ექნება.

თუმცა, სასიცოცხლოდ გვჭირდება ბავშვთა ფეხბურთში ჩართული მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, ხარისხი უნდა გაიზარდოს. ვერ წარმოიდგენთ ბავშთა თამაშებზე როგორი უშვერი სიტყვებით აგიენებენ ფეხბურთელებს. სად არ მაქვს ნანახი ბავშთა ტურნირები, აშშ-ში, ჰოლანდიაში, სლოვენიაში, ესტონეთში, მწვრთნელი მოთამაშეს შეურაცხყოფას აყენებდეს, მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია. ამის შედეგი დაკომპლექსებაა, შეიშნებულ და დაკომპლექსებულ ადამიანს გამარჯვებულის მენტალიტეტი როგორ ექნება?!

მე როგორც განათლების სფეროს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ სისტემას შეუძლია გადაამზადოს მწვრთნელები ბავშვთა განვითარების ფსიქოლოგიაში, ბავშვთა ფსიქოლოგიასა და დანერგვის კომპონენტში.


-როგორ გავუსწროთ დროს? როგორ ვაჯობოთ ამ მოცემულობას ისე, რომ სწრაფი ნაბიჯი გადავდგათ წინ?
-ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გავზარდოთ. ახლა ვიცით, რომ შედეგი არ გვაქვს, უახლოეს მომავალში ვერც გვექნება, მაგრამ 5 წელში ეს შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენც უნდა გავიჭირვოთ, ავდგეთ და იმ წვიმიან ამინდში წავიდეთ სტადიონზე. ჩვენ ნერგი უნდა დავრგოთ და ამ ნერგს ყველამ ერთად მოვუაროთ.

სამწუხაროდ, უმაღლეს ლიგაში არის გუნდები, რომლებთანაც იდენტიფიცირებას მაყურებელი ვერ ახდენს, მათ ფაქტობრივად, გულშემატკივრები არ ჰყავთ. სამწუხაროდ, იქით მივდივართ, რომ შესაძლოა ფანების გარეშე თბილისის "დინამოც" კი დარჩეს, რადგან ძველი დიდება ვისაც ახსოვს, ის ხალხი აღარ იქნება.

-რა როლი აქვს მედიას პროგრესის მაწარმოებელ პროცესში და რა უნდა გააკეთონ ჟურნალისტებმა საკუთარი მისიის უკეთ შესასრულებლად?
-მედიას ფეხბურთის განვითარებაში დიდი როლი აქვს. ჩემი ნება რომ იყოს, ჟურნალისტებისთვის სპეციალურ კურსს გავაკეთებდი ან, სამწვრთნელო განათლებას მივცემდი. C და B სამწვრთნელო ლიცენზიას ლამის ყველასთვის გავხდიდი სავალდებულოდ და ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ამბიციებიც გააჩნია, A კატეგორიის კურსსაც კი გავატარებდი. ეს ყველაფერი გულშემატკივარსაც დახვეწავს, რადგან ტრაფარეტული ფრაზებითა და სათაურებით უკვე ყველა დაიღალა, აღარ არის სადღეგრძელოების დრო. მედია მეტი პროფესიონალიზმით უნდა იყოს გამორჩეული და გადაწყვეტილებების ხარისხიანი კრიტიკა შემოგვთავაზოს.

-და ბოლოს, სათქმელი რომ შევაჯამოთ....
-სხვა სპორტის სახეობებმა მაპატიონ, თუმცა ყაზახეთთან თამაშზე დინამოს სტადიონი გაივსო. ამ დონის მეტოქესთან შეხვედრისას მაყურებელი სხვა სპორტის ნაკრების თამაშზე არ მოდის.

ფეხბურთს ძალიან დიდი პოზიტიური როლი აქვს, უამრავ დადებით თვისებას აჩვევს ადამიანებს. ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარების შეცვლაც შეუძლია. შესწევს ძალა ადამიანთა განწყობები შეცვალოს. სტადიონი აგრესიისაგან დასაცლელად საუკეთესო ადგილია და თუ ეს მოგებით დასრულდება, იქიდან ძალიან ბედნიერი ადამიანი გამოვა.

ჰაერივით გვჭირდება საერთაშორისო მატჩები. თუნდაც ჩვენს მეზობლებთან, სომხებთან, აზიერბაიჯანელებთან, ყაზახებთან. განვითარებისთვის ეს გვჭირდება და უეფას მესამეს ტურნირი ამაში ძალიან დაგვეხმარება.

თუმცა, რომ შევაჯამო, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გასაკეთებელია: გვჭირდება კვლევა, კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგია და ამ სტრატეგიის ქართული ფეხბურთის ფილოსოფიით ამუშავება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თითქოს ყველა კითხვას პასუხს სცემს, მაგრამ ამავდროულად არაფერს არ ამბობს კონკრეტულს! რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების გეგმას-იმ სახით რაც ახლაა ეს არის კორუფციული სქემა და ამის ნათელი მაგალითია ფოთის კოლხეთის ვალები და ტორპედო ქუთაისი , ასევე რამდენი მსგავსი ფარული ვალები აქვთ სხვა კლუბებს არავინ იცის !
ასევე ფულის საჭრელი რამ არის ვითომ სამოყვარულო ლიგა რომელიც არანაირ პროგრესს არ აძლევს სპორტს .

ვეთანხმები იმაში რომ ქვეყანას აქვს მწირი რესურსები, ამიტომ მიმაჩნია , რომ მსგავს პირობებში საჭიროა ამერიკლი MLS მსგავსი დახურული ლიგის შექმნა სადაც იქნება მხოლოდ დახურული ლიგა რომელიც კონტროლს გაუწევს სარეკლამო უფლებებს , ტრანსლაციებს , ლეგიონერების დონეს , ახალგაზრდების გაზრდის წახალისებას და ა.შ.

სამოყვარულო სპორტი კი უნდა იყოს მიმწოდებელი პროფესიულებისთვის და მასობრიობის შემქმნელი, ამისთვის საჭიროა არა პენსიონერებით და უბნის გუნდებით ჩატარება ჩემპიონატის არამედ შემოღება ქვეყნის ჩემპიონატის ქალაქის (რაიონული მუნიციპალიტეტის) დონეზე , გამარჯვებულებმა მოახდინონ ფორმირება რეგიონის თასის და რეგიონის გამარჯვებულებმა ქვეყნის ჩემპიონატის. უცებ არა ,აგრამ 5-10 წელში უკვე შეიძლება ამბიციის ჰქონა რაიმე წარმატებაზე.

ისე არ აქვთ სურვილი თორემ მზად ვარ უსასყიდლოდ მივაწოდო გეგმა როგორც პროფესიული ლიგის მოწყობის (ტრანსლაციებით , სატრანსფერო ყფლებებით და ა.შ.) ასევე სამოყვარულო ლიგების.

P.S. იმედი მაქვს ტრადიციულად არ დაბლოკავთ ჩემს კომენტარს.
მიხაელ
18:32 01-10-2020
2
ბოლო 30 წლის მანძილზე იმდენჯერ დაიწერა ფეხბურთის განვითარების პროგრამა რომ უკვე წაკითხვის სურვილიც აღარ მაქვს
ბაჩი
18:56 01-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული