ლევან კობიაშვილი: ევროტურნირების წინ უკეთესი მოლოდინები არ მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

"მესმის, რომ ძალიან დიდი ინტერესია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიმართ და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ეყოლება მწვრთნელი, რომელსაც მარტის მატჩებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ექნება. როცა გაჭიანურებაზე სვამენ შეკითხვას, მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. თებერვალი არაა ის პერიოდი, როცა ნაკრებში შეკრებას გამართავ ან ამხანაგურ მატჩებს ჩააატარებ. ასე რომ, საგანგაშო არაფერი ხდება.

ცხადია, უკეთესი იქნებოდა 1 ან თუნდაც თვის წინაც გვყოლოდა მწვრთნელი, თუმცა მომზადების მხრივ ვერაფერს
იზამდა ისეთს, რასაც მომავალში დანიშნული მწვრთნელი ვერ მოასწრებს. მარტის შეხვედრებამდე შეფერხება არ გვექნება.

ცხადია, კანდიდატები გვყავს, მაგრამ მედიაში გაჟღერებულ არცერთ სპეციალისტთან მოლაპარაკებები არ გვქონია. დასამალი მე არაფერი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სურს იმ სპეციალისტს, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, საკუთარი სახელი გაცხადდეს. შევთავაზეთ ერთ ქართველ მწვრთნელს, რომელმაც უარი განაცხადა. ასევე, საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიდიოდა შვეიცარიელ სპეციალისტთან, თუმცა არ გამოვიდა. სხვადასხვა ფაქტორი იყო, თუმცა ფინანსური საკითხი პრობლემად არ დამდგარა. ასეთ სიღრმეში არცერთ ადამიანთან არ შევსულვართ.

ცხადია, სასურველია ისეთი მწვრთნელის შერჩევა, რომელსაც, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მუშაობის გამოცდილება აქვს. მაგრამ ბეჭედდარტყმულად გამორიცხული არაა ისეთი დამრიგებლის შერჩევა, რომელსაც ნაკრებში არ უმუშავია. თუმცა, თუ საქმე სურვილზე მიდგება, ცხადია, გვირჩევნია, ეროვნული გუნდის მომავალ მწვრთნელს სანაკრებო გამოცდილება ჰქონდეს.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო: მწვრთნელის საკითხი ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში მაღალი დონის სპეციალისტები გვყავდა, მაგრამ მთავარი სხვაა. ჩვენ ძლიერი, ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება, ძლიერი გუნდი. პრობლემა შიგნით არის, რაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, ფეხბურთელებმა, მათი ფორმაში ყოფნა, მათი დამოკიდებულება.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელი მნიშვნელოვანი ფიგურა არაა. მწვრთნელი ნაკრებს უნდა დაეხმაროს, კარგი დიპლომატი იყოს, კარგი განწყობა შეუქმნას მოთამაშეებს. გყავს კარგი გუნდი, მომავალში უკეთესი გვეყოლება.

სამწუხაროდ, არასდროს ვიხილავთ ხოლმე თამაშებს. იგივე მაკედონიასთან, რატომ წავაგეთ, რა იყო პრობლემა. ის, რომ ჩვენი თამაში ადვილად წაკითხვადი გახლდათ, კონკრეტული პოზიციის მოთამაშეებმა ვერ გააკეთეს ის, რაც უნდა ექნათ, სისწრაფეები გვაკლდა. ამას ვინმეზე ჯოხის გადასატეხად არ ვაკეთებთ, მაგრამ გვსურს, პასუხისმგებლობა ყველამ იგრძნოს და საჭირო კრიტიკა ყველამ მიიღოს.

კრიტიკის მიღება არც მე მიჭირს, ცხადია, ჩემი წვლილიც არის და არც ვირიდებ პასუხისმგებლობას, რადგან, რაც ხდება, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა. მაგრამ მომავალზე ვფიქრობთ, რა იქნება უკეთესი. უნდა ვისაუბროთ, განვიხილოთ, თორემ შეცვლა მე-80 წუთზე გაკეთდებოდა თუ მე-60-ზე, არ ვიცი, რა იქნებოდა. მე ვამბობდი, რომ იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, გარედანაა; შიგნიდან არ ვიცით, რა ხდებოდა. ვაისს სჯეროდა იმ 11 ფეხბურთელის, ვინც დააყენა, იგივე ვაკო თუ ოქრი, სჯეროდა ბოლომდე, რომ რაღაცას შეძლებდნენ. სომხეთთან იყო ცვლილებები და შედეგი არ ყოფილა.

საუბარი იმაზე, რომ ქართული ხასიათი და მენტალიტეტი მომავალმა მწვრთნელმა უნდა იცოდეს, ზოგჯერ უცნაურად მესმის. შეიძლება ამ ყველაფერს ქართველი ფეხბურთელი ისმენს და ფიქრობს, რომ მწვრთნელი მას უნდა მოერგოს. თუ ვიცით, რომ ეს ხასიათი სასარგებლო არაა, რატომ არ უნდა ვეცადოთ მის შეცვლას?! ცხადია, ჩვენი მენტალიტეტი და კულტურა უნდა ესმოდეს ნაკრების დამრიგებელს, რადგან ეს საქმეს გაუადვილებს. სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნულ გუნდს, შესაძლოა, სათავეში ქართველი ჩაუდგეს.

მწვრთნელის კონტრაქტი, წესით, მრავალწლიანი უნდა იყოს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი რეალური მიზანი მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება, თუმცა, ცხადია, მუნდიალზე მოსახვედრადაც ვაპირებთ ბრძოლას.

საქართველოში გყავს ძალიან კარგი სპეციალისტები. იგივე კახი ცხადაძე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია. არიან ძალიან ნიჭიერებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ ნაკრების ჩასაბარებლად მზად იქნებიან. თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, გარეთაც გავიხედოთ; ვნახოთ, რა შესაძლებლობა არის. თუმცა არამც და არამც ქართველის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამორიცხული არაა.

ფუტსალის ნაკრებს რაც შეეხება, გვახარებს ამ გუნდის ბოლოდროინდელი პროგრესი. დღეს ძალიან რთული მეტოქე გვყავს რუსეთის სახით, თუმცა პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან მოპოვებულმა ქულამ დადებითი მუხტი შეგვძინა და მიზანიც ამ ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

ფედერაციას სახელმწიფოდან დაფინანსების მიღებაზე უარი სპონტანურად არ უთქვამს. დიდი ხანი ვამბობდი, რომ არ უნდა ფინანსდებოდეს ფედერაცია საჯარო თანხებით. უარი ვთქვით მასზე და ამ ფულით სახელმწიფო სტადიონებს მიხედავს, ინფრასტრუქტურას განავითარებს რეგიონებში და ა.შ. ამ ნაბიჯამდე ჩვენ ეტაპობრივად მივდიოდით. გამოჩნდა წყაროები, რომელთა საშუალებითაც თანხების მოზიდვა შეგვიძლია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ფეხბურთი, ბევრი სხვა სპორტიც არ უნდა ფინანსდებოდეს. ეს ჩემი აზრია, სხვა ფედერაციის პოზიციიდან ვერაფერს ვიტყვი, ეს არაკოლეგიალურიც იქნება, მაგრამ თუ მკითხავთ, ჩემს აზრს ვიტყვი და არა მხოლოდ სპორტი, ბევრი სხვა რამ არ უნდა ფინანსდებოდეს.

საკლუბო დონეს რაც შეეხება, საკმაოდ კრიტიკული ვიქნები და არც მე მომწონს, რაც ხდება და არ მგონია, რომ ევროტურნირებთან მიმართებით უკეთესი მოლოდინები უნდა გვქონდეს, რადგან, რასაც ვხედავთ, კლუბები ვერ ძლიერდებიან ისე, როგორც ყველა ვისურვებდით. მაგრამ მე არც კლუბის წარმომადგენელი ვარ, არც მწვრთნელი, არც მენეჯერი, თუმცა, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ნამდვილად დამაფიქრებელი ვითარებაა.

ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთი დონის ლეგიონერებს, რომლებმაც ჩემპიონატის დონე უნდა აწიონ. არის პერიოდი და იმედია, კლუბებს კერძო სახსრები კიდევ გამოუჩნდებათ და ჩვენი კლუბები კონკურენტუნარიანნი რომ იყვნენ ევროსარბიელზე, გაცილებით მაღალი დონის ლეგიონერები გვჭირდება. მე დღევანდელი რეალობით კმაყოფილი და ბედნიერი არ ვარ.

ბათუმის სტადიონის საფარს რაც შეეხება, ეს პრობლემა არაა. იგივე გერმანიაში, სადაც ვთამაშობდი, სეზონის მანძილზე საფარი 2-ჯერ შეიძლებოდა გამოეცვალათ. ხდება ასე, ზოგჯერ არ იზრდება ისე, როგორც უნდა გაიზარდოს, თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა გახლავთ. ბათუმში სტადიონი არ გვქონდა, მალე კი მინდორიც ძალიან კარგი იქნება. ისეთი ბალახი იგება, როგორიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა.

ფეხბურთის განვითარების ფონდს რაც შეეხება, თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კლუბების თანხაა და ფედერაციას მასთან ხელი არ მიუწვდება. წელიწადში ეს 32-34 მილიონი ლარი გახლავთ, რაც საქართველოსთვის დიდი ფულია. თუმცა ეს რესურსი, დაახლოებით, 100 კლუბზე ნაწილდება და იმის გათვალისწინებით, რომ ევროტურნირებზე მონაწილეობას 4 მათგანი იღებს, ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსების ევროტურნირებზე ნაჩვენებ შედეგთან დაკავშირება მთლად გამართულად არ მეჩვენება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ შედეგებით კმაყოფილი არც მე ვარ.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ადამიანებს ჰგონიათ, თუ ფეხბურთის განვითარების ფონდი არ იარსებებს, ეს წლიური 32 მილიონი სხვა საქმეში დაიხარჯება. არადა, რეალურად ეს ასე არ გახლავთ. ეს ფული ფეხბურთში მაინც იქნება, ფონდი თუ არა, კლუბებს მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ ისე, როგორც 2016 წლამდე ხდებოდა", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
დანიშნონ ცხადაძე, აქ საფიქრალი აღარაფერია, შეუძლია ცხადაძეს ნაკრები დაალაგოს საკმაოდ მკაცრიც არის და მომთხოვნიც,ფეხბურთელებთან ურთიერთობაც იცის,ვის როგორ უნდა მიუდგეს და რა უნდა მოთხოვოს ესეც ეხერხება,არ მგონია რო უცხოელი ახლა უფრო შედეგიანი იქნება ვიდრე ქართველი.ცხადაძე მწვრთნელად კარგი იქნებოდა.
ziko
18:02 04-02-2021
0
ევროტურნირები ცოტა ხანი დაივიწყონ ჩვენმა მწვრთნელებმა უკეთესი იქნება თორე შერცხვენის მეტი არაფერი გაუკეთებიათ
შოკირებული გულშემატკივარი
11:54 03-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული