ტრანსფერები, რომლებიც დიდი ალბათობით, 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება

AutoSharing Option
საფეხბურთო ზაფხული ნამდვილად ცხელი გამოდგა, უამრავი ევროპული კლუბი გაძლიერდა, ზოგიც დასუსტდა; შედგა რამდენიმე საინტერესო და გამორჩეული გარიგება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ 2 დღე რჩება. ზოგიერთი მოთამაშე კვლავ აგრძელებს ნავსაყუდელის ძიებას. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

მარკო ასენსიო ("არსენალი")

"კონტრაქტის გახანგრძლივება მადრიდის "რეალთან" თუ სხვა გუნდში გადასვლა? ვფიქრობ, კიდევ ერთი გამოსავალი მაქვს, "ბლანკოსში" დარჩენა ხელშეკრულების ამოწურვამდე" - განაცხადა ესპანელმა ივლისის თვეში.

"რეალის" ფეხბურთელის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ბოლო ინფორმაციით, მის დამატებას "არსენალი" ცდილობს და თავად ესპანელსაც პრემიერლიგაში გადაბარგება სურს. ფლორენტინო პერესი მარკოს გაშვების წინააღმდეგი
სულაც არ არის, რადგან კარლო ანჩელოტი 26 წლის მოთამაშეს ხშირად არ ენდობა და სასტარტო თერთმეტეულის წევრად არ მოიაზრებს. ასენსიო "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და "თეთრების" მაისურით 161 მატჩი აქვს ჩატარებული

კრიშტიანო რონალდო ("სპორტინგი", "ნაპოლი")

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ პორტუგალიელს "წითელი ეშმაკების" დატოვება სურს, სასურველი გუნდი კვლავ არ მოიძებნა. უპირველესი პრობლემა მისი ასაკი და ხელფასია. ბოლო ცნობებით, კრიშტიანოს დამატება "ნაპოლისა" და "სპორტინგს" სურთ, თუმცა ვერც ერთი მათგანი, განსაკუთრებით, პორტუგალიური გუნდი, რონალდოს სახელფასო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. "მანკუნიანელთა" 7-იანს კლუბის ახალი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი არ სწყალობს და ძირითადად, თამაშებში სათადარიგოთა სკამიდან, 5 ან 10 წუთით შეჰყავს, კრიშტიანოს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა მაინც წარმოუდგენლად მოჩანს.

ექტორ ბელერინი ("ბეტისი", "ბარსელონა")

ესპანელი მცველის კარიერა ისე არ წავიდა, როგორც გულშემატკივრები ელოდნენ. ბელერინმა ასპარეზობა ლონდონის "არსენალში" დაიწყო და "მეთოფეების" მომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ხშირი ტრავმიანობის გამო ექტორმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რასაც მოჰყვა მეტ-ნაკლებად წარმატებული იჯარა "ბეტისში". პელეგრინოს მისი დაბრუნება კვლავ სურს, თუმცა ინგლისურ კლუბთან სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ ხერხდება. "არსენალს" მისი უფასოდ გაშვება არ უნდა, თავად ბელერინი კი "მწვანეთა" რიგებში გადასვლაზე ოცნებობს. ხერარდ მორენოს ინფორმაციით, შესაძლოა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ბარსელონაც" ჩაერთოს, რადგან მათთვის განაპირა მცველის დამატება გაცილებით უფრო იაფი იქნება, ვიდრე ტომას მუნიესი.

მარსელო ("ლევერკუზენი")

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მარსელო ივლისის თვის შემდეგ უგუნდოდაა. ბრაზილიელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. მისდამი ყველაზე დიდ დაინტერესებას "ლევერკუზენი" იჩენს. Sky Sports-ის ინფორმაციით, მარსელო კარიერის გერმანიაში გაგრძელების ვარიანტს მიესალმება, რადგან მის მოთხოვნებს ყველაზე მეტად ბუნდესლიგური კლუბი აკმაყოფილებს. "ბლანკოსის" ყოფილი ფეხბურთელის დამატება თურქულ გუნდებსაც სურდათ, რაზეც მოთამაშემ უარი განაცხადა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი")

გაბონელი ფორვარდი პრემიერლიგაში დაბრუნებას სულ უფრო უახლოვდება. მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა, პიერის სათამაშო დრო შემცირდა. მის მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას ლონდონის "ჩელსი" გამოხატავს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ გუნდებს შორის მოლაპარაკება და ობამეიანგი "არისტოკრატი" გახდება. იმ შემთხვევაში, თუ ტოდ ბოელის გუნდთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ობას" გაფორმებისთვის იბრძოლოს. მოთამაშის ესპანეთში დარჩენა თითქმის გამორიცხულია, განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი სამწუხარო ფაქტის გამო. შეგახსენებთ, გაბონელის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და "დორტმუნდის" ყოფილ ვარსკვლავს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. სახლში შვილები და მეუღლეც იმყოფებოდნენ.

მემფის დეპაი ("მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი")

მემფისის მომავალი კლუბი მეტწილად ობამეიანგის წასვლაზეა დამოკიდებული. ხავის მხოლოდ 1 მოთამაშის გაშვება სურს. ჰოლანდიელის დამატებასთან ყველაზე ახლოს ტურინის "იუვენტუსი" იყო, თუმცა თავად დეპაისთან შეთანხმება ვერ შედგა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, მის დამატებაზე, შესაძლოა, "იუნაიტედმა" იმუშაოს. "მანკუნიანელთა" ჰოლანდიელ თავკაც ერიკ ტენ ჰაგს მოთამაშის ვარიანტი მოსწონს, ტრანსფერი ინგლისში მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დეპაის პრემიერლიგასთან კარგი მოგონებები არ აქვს. ფაქტია, სათამაშო დრო არც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ეძლევა. მემფისის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული