უეფა იძულებული გახდა, ევროპის ელიტარული კლუბების ინტერესები გაეთვალისწინებინა და 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით ჩატარებას აპირებს. უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ტურნირის ახალი ფორმატის პროექტი წარმოადგინა და თქვა, რომ ეს ჯერ დამტკიცებული არაა. მოკლედ, კბილი მოუსინჯა და საპროტესტო რეაქციამაც არ დააყოვნა.
ჯერ ამის წინააღმდეგ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გაილაშქრა, ხოლო შემდეგ - ევროპის პროფესიონალური ლიგების ასოციაციამ (EPFL). ამ ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების მომხრე ევროპის კლუბების ასოციაციას (ЕСА) შეუტია, რომელსაც "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს.
"ჩვენ კვლავ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ
ეს რეფორმა ევროპის რამდენიმე მდიდარი კლუბისთვისაა სასარგებლო და აზარალებს ლიგასა და კლუბების უმეტესობას.
ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომლებიც ხელს უწყობს ხანგრძლივვადიან სპორტულ და ფინანსურ მდგრადობას როგორც ევროტურნირებზე, ასევე ეროვნულ პირველობებზე.
ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია, უეფამ ცვლილებები საკლუბო ტურნირებზე ნულიდან დაიწყოს. ჯერ ჩვენთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რათა დაიცვას ევროპის ყველა პროფესიული კლუბის ინტერესები", - ნათქვამია EPFL-ის განცხადებაში.
ECA-ს ფორმატის გეგმა 8 4-გუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 8-გუნდიანი ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. გუნდები ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩს ჩაატარებენ და შესაბამისად, მეტ ფულს გამოიმუშავებენ. ეს ფაქტობრივად ჩაკეტილი ტურნირი იქნება.
მოკლედ, აქ მონასტერი შეიძლება სერიოზულად აირიოს და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.