E ჯგუფში „ბაიერნმა“ კიევის „დინამო“ გაანადგურა. ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში ორჯერ დაამწუხრა ბუშანი და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. პოლონელმა წელს თავისი გუნდის ყველა საშინაო შეხვედრაში გაიტანა - 14 მატჩში 27 გოლი. შესვენების შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. მიუნხენელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვება საერთო ანგარიშით 45:5 იზეიმეს.
„ბენფიკამ“ „ბარსელონას“ 3:0 სძლია. მასპინძლები დებიუტში ნუნიესმა დააწინაურა. შემდეგ იარემჩუკთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო „ბარსას“ მცველმა პიკემ და 33-ე წუთზე მწვრთნელმა კუმანმა ნახევარმცველ გავით შეცვალა, თუმცა არც ამან უშველა. რაფა სილვამაც დალაშქრა ტერ შტეგენის კარი, შემდეგ კი ნუნიესმა დუბლი შეასრულა. უქულოდ მყოფი „ბარსელონა“ აუტსაიდერია (ბურთების შეფარდება 0:6), ხოლო „ბენფიკა“ 4 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გუნდს ორ მატჩში კარში ბურთი არ დაურტყამს.
F ჯგუფში „მანჩესტერმა“ „ვილიარეალს“ თამაში შემოუტრიალა. ესპანური გუნდი ალკასერმა დააწინაურა, ხოლო ანგარიში მცველმა ტელესმა გაათანაბრა, რომელმაც „იუნაიტედში“ პირველად გაიტანა. გამარჯვება კი მასპინძლებს ზედ საფინალო სასტვენის წინ რონალდომ მოუტანა, რომელმაც ტურნირზე 178-ე მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო. მან „მანჩესტერში“ დაბრუნებისთანავე ხუთივე მატჩში გაიტანა.
G ჯგუფში „ზალცბურგმა“ „ლილი“ 2:1 დაამარცხა. თავდამსხმელმა ადეიმიმ დუბლი პენალტებით შეასრულა. მან მიმდინარე ტურნირზე 4 თერთმეტმეტრიანი მოინადირა. გასულ სეზონში ტურნირზე 2 პენალტზე მეტი არც ერთ ფეხბურთელს არ მოუპოვებია. ის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელია - 19 წლის და 254 დღის.
„სევილიამ“ გასვლაზე „ვოლფსბურგთან“ ფრეს შეხვედრის დასასრულს რაკიტიჩის მიერ გატანილი პენალტით მიაღწია.
H ჯგუფში „იუვენტუსმა“ „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და 6 ქულით გალიდერდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმის მე-10 წამზე კი „იუვეს“ ნახევარმცველმა კიეზამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
E ჯგუფი
მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - დინამო (კ) 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 გნაბრი (68), 4:0 სანე (74), 5:0 ჩუპო-მოტინგი (87)
ლისაბონი. „დუ სპორტ ლისბოა“
ბენფიკა - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ნუნიესი (3), 2:0 რაფა სილვა (69), 3:0 ნუნიესი (79, პენ)
გაძევება: ერიკ გარსია (87, ბარსელონა)
F ჯგუფი
მანჩესტერი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 ალკასერი (53), 1:1 ტელესი (60), 2:1 რონალდო (90+5)
G ჯგუფი
ზალცბურგი. „რედ ბული“
ზალცბურგი - ლილი 2:1
გოლები: 1:0 ადეიემი (35, პენ), 2:0 ადეიმი (53, პენ), 2:1 ილმაზი (62)
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“
ვოლფსბურგი - სევილია 1:1
გოლები: 1:0 სტეფენი (48), 1:1 რაკიტიჩი (87, პენ)
გაძევება: გილავოგი (85, ვოლფსბურგი)
E ჯგუფი
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ჩელსი 1:0
გოლი: კიეზა (46)