ლა ლიგა. XXI ტურის წინ: შესაძლოა ფრანგ ლეგენდას პარიზამდე აღარც კი აცალონ

AutoSharing Option
ოთხშაბათს მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე კოშმარული საღამო ჰქონდა - საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "სამეფო კლუბი" უსახელო "ლეგანესთან" 1:2 დამარცხდა (პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული) და სამეფო თასიდან გავარდა.

"ეს ჩემი პირადი ჩავარდნაა და დამნაშავე მე ვარ მხოლოდ", - ამბობდა ზინედინ ზიდანი თამაშის მერე. ერთი რამ უკვე ცხადია - თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის ბარიერს გაივლის, მაშინ შეინარჩუნებს თანამდებობას, არადა...

პსჟ-სა და ჩემპიონთა ლიგამდე ჯერ ცოტა დრო რჩება, ლა ლიგაში კი ჩემპიონს არაჩემპიონური, მაგრამ საკმაოდ მძიმე ამოცანა აქვს
გადასაჭრელი - მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. მისი კონკურენტები "ატლეტიკო" და "ვალენსია" არიან.

სწორედ "ვალენსიას" ესტუმრება "რეალი" შაბათს "მესტალიაზე" და, ვინ იცის, თუ ფეხი იქაც დაუცდა, ფრანგ ლეგენდას პარიზამდე აღარც კი აცალონ.

რა შანსი აქვს "ვალენსიას" ამ დაპირისპირებაში? თავად განსაჯეთ - პირველ წრეში გუნდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:2 ითამაშეს , ხოლო ახლა მარსელინოს გუნდი 5 ქულით უსწრებს კონკურენტს (მართალია, "რეალს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს - იმავე "ლეგანესთან"!).

პირველი წრის შეხვედრაში რომ არა ასენსიო, "რეალი" წააგებდა. ახალგაზრდა შემტევმა დუბლი შეასრულა, მან 83-ე წუთზე გადაურჩინა "რეალს" ქულა. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებიდან "მესტალიაზე" 11 თვეა გასული, მაშინ "ვალენსიამ" 2:1 მოიგო ძაძასა და ორელიანას გოლებით.
თავის მხრივ, "ვალენსიამაც" ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ კოპა დელ რეის ნახევარფინალში პენალტების სერიაში "გაძვრა". მარსელინო სამწვრთნელო კარიერაში მესამედ არის თასის ნახევარფინალში, თუმცა ვერც "რასინგთან" და ვერც "ვილიარეალთან" ერთად ფინალში ვერ გავიდა.

"რეალთან" "ვალენსიას" არ ეყოლება დისკვალიფიცირებული გაბრიელ პაულისტა და რუბენ ვეზუ (თუმცა ამ უკანასკნელის დისკვალიფიკაციაზე საჩივარი ხელმეორედ შეიტანეს). ტრავმირებულია ჯეისონ მურილიო. ვის შეუწყვილებენ ცენტრში ესეკიელ გარაის, ჯერ კიდევ გამოცანაა.
ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" კვირას უმასპინძლებს "ალავესს", ხოლო მისი პირობითი მდევარი (სხვაობა 11 ქულაა) "ატლეტიკო" "ლას პალმასს" დაუხვდება.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ბოლო 21 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "ლას პალმასმა" ბოლო 17 საგარეო მატჩიდან 15 დათმო.
  • "რეალმა" ბოლო სამი საგარეო მატჩი ლა ლიგაში ფრედ დაასრულა.
  • "ვალენსიამ" "რეალთან" ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9-ში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "რეალმა" "ვალენსიასთან" ბოლო 19 მატჩიდან 17 არ წააგო.
  • "ბარსელონამ" ბოლო 21 საშინაო მატჩიდან 20 მოიგო ლა ლიგაში.

ლა ლიგა. XXI ტური
პარასკევი, 26 იანვარი
ბილბაო-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 არიც ადურისი (50), 1:1 კიკე (73)

შაბათი, 27 იანვარი
დეპორტივო-ლევანტე 16:00
ვალენსია-რეალი 19:15
მალაგა-ჟირონა 21:30
ვილიარეალი- სოსიედადი 23:45

კვირა, 28 იანვარი
ლეგანესი-ესპანიოლი 15:00
ატლეტიკო-ლას პალმასი 19:15
სევილია-ხეტაფე 21:30
ბარსელონა-ალავესი 23:45

ორშაბათი, 29 იანვარი
სელტა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული