ლა ლიგა. VI ტურის წინ: ნავსის და ჯავრის საკითხი

AutoSharing Option
შუა კვირის ტურში ყველაზე საინტერესო თამაშს ველოდებით სევილიაში, სადაც "სანჩეს პისხუანს" "რეალი" სტუმრობს. "სამეფო კლუბი" "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს მიმდინარე ლა ლიგას.

ეს წყვილი ძალიან სპეციფიკურია და მასზე ცალკე შეჩერება ნამდვილად ღირს. დავიწყოთ იმით, რომ ლა ლიგაში ამ გუნდებმა უკანასკნელად 2005 წელს ითამაშეს ფრედ (2:2).

"რეალმა" სევილიაში ბოლოს 2015 წელს მოიგო (3:2) საჩემპიონატო მატჩი და ხულიენ ლოპეტეგის ეს ნავსიც გასატეხი აქვს.

და კიდევ: ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში "სევილიამ" და "რეალმა" ერთმანეთს... 53(!) გოლი გაუტანეს - ანუ, საშუალოდ, 4.8
გოლი თამაშში. იმედია, ისინი ამჯერადაც გაგვანებივრებენ გოლებით, მით უმეტეს, მიმდინარე სეზონში "რეალიც" და "სევილიაც" რეალიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან...

"ბარსელონამ" გასულ უქმეებზე შინ მოულოდნელად დაკარგა ქულები (2:2) "ჟირონასთან" კატალონიურ დერბიში და ახლა ყველა ღონეს იხმარს, რომ ჯავრი მადრიდის მუნიციპალიტეტში შემავალი პატარა ქალაქის (ისევე, როგორც ხეტაფე) კლუბ "ლეგანესზე" იყაროს. ერნესტო ვალვერდე ვერ დაიხმარებს მცველ კლემან ლენგლეს, რომელიც კვირას მოედნიდან გააძევეს.

თუმცა "ბარსას" მაინც არ უნდა გაუჭირდეს "ლეგანესის" ძლევა და ამას ისტორიაც ამტკიცებს - კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგაში სულ 4 მატჩი გამართა მოკრძალებულ ოპონენტთან და 4-ვე მოუგო საერთო ანგარიშით - 13:3.

ზედიზედ 2 მოუგებელი მატჩის შემდეგ "ატლეტიკო" გამოფხიზლდა და ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, მარაგი კიდევ 3 ქულით გაზარდოს - "უესკა" ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

საინტერესოა, როდის მოიპოვებს პირველ გამარჯვებას "ვალენსია", რომელმაც 5-დან 4 მატჩი ფრედ ითამაშა. "სელტა" არ არის იოლი ოპონენტი და "მესტალიის" პუბლიკასაც, შესაბამისად, გვარიანი ნერვიულობა მოუწევს...

ცალკე ვთქვათ "ალავესზეც". ბასკური კლუბი მიმდინარე ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა. პარასკევს აბელარდო ფერნანდესის (ალბათ, გახსოვთ 90-იანი წლების ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველი) გუნდმა სტუმრად გაანადგურა (5:1) "რაიო ვალეკანო", რაც ამ სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ახლა მეტოქე "ხეტაფეა", რომელსაც ამ ჩემპიონატში 2 წაგება აქვს და ორივე - მადრიდულ ("ატლეტიკო", "რეალი") გუნდებთან.

ფაქტები
  • "ატლეტიკო" და "უესკა" პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • "ვალენსიამ" ლა ლიგის ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირებიდან "სელტას" 2 მოუგო და ერთი ფრედ ითამაშა.
  • "ეიბარს" არ წაუგია ბოლო 3 მატჩი.
  • "ესპანიოლს" არ უთამაშია ფრედ ბოლო 4 მატჩში.
  • "ესპანიოლს" არ გაუმარჯვია "ეიბართან" უკანასკნელ 4 დაპირისპირებაში - 1 მარცხი, 3 ფრე.
  • "სოსიედადს" ბოლო 13 საშინაო მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) გააქვს მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ვილიარეალმა" "ბილბაოსთან" საგარეო მატჩში ბოლოს 2011 წელს გაიმარჯვა (1:0).
  • "ვალიადოლიდმა" "ლევანტეს" შინ ბოლოს 2012 წელს მოუგო (2:0).
  • ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირებიდან (ლა ლიგა 2-ის ჩათვლით) "ჟირონამ" მხოლოდ ერთხელ (2010, 1:0) მოუგო "ბეტისს".

ლა ლიგა. VI ტური
სამშაბათი, 25 სექტემბერი
ესპანიოლი-ეიბარი 22:00
სოსიედადი-რაიო ვალეკანო 23:00
ატლეტიკო-უესკა 23:59

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
ბილბაო-ვილიარეალი 22:00
ლეგანესი-ბარსელონა 22:00
სევილია-რეალი 23:59
ვალენსია-სელტა 23:59

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
ალავესი-ხეტაფე 22:00
ვალიადოლიდი-ლევანტე 22:00
ჟირონა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 4 - იაგო ასპასი (სელტა), ქარიმ ბენზემა (რეალი), როჯერ მარტი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული