8 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბეტისმა" სახლში "რეალს" 2:1 მოუგო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი, ისევე, როგორც მთელი მატჩი, კარგად ჩაატარეს. ჯერ ბარტრამ ახლო მანძილიდან გადააცილა თავურით ბურთი კარს, შემდეგ კურტუამ ფეკირის დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო მე-40 წუთზე სიდნეიმ ანგარიში გახსნა.
უნდა აღინიშნოს, რომ მეკარეს ბურთის მოგერიება მართებდა. თუმცა სტუმრებმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ საპასუხო გოლი გაიტანეს - მარსელოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ბენზემამ გამოიყენა.
55-ე წუთზე "ბეტისის" ვეტერანმა ნახევარმცველმა ხოაკინმა საგოლე მომენტი გააცუდა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა შეცვლაზე შესულმა ტელიომ, რომელიც გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
"რეალი" 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 14 მარტს "ეიბარს" უმასპინძლებს.
"ბლანკოსმა" უკანასკნელი 7-დან 4 მატჩი წააგო - იქამდე 32 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.
ბენზემამ "რეალში" 241-ე გოლი გაიტანა, პუშკაშს დაეწია და ამ მაჩვენებლით ხუთეულში შევიდა - 450 გოლით საუკეთესო რონალდოა.
38 წლის ხოაკინმა პრიმერაში 544-ე მატჩი ჩაატარა. მასზე წინ მხოლოდ სუბისარეტა (622) და რაული (550) არიან.
სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 51 521 მაყურებელი
ბეტისი - რეალი 2:1
გოლები: 1:0 სიდნეი (40), 1:1 ბენზემა (45+3, პენ), 2:1 ტელო (82)