შემადგენლობები საქართველოს ჯგუფშიც დასახელდა - ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების სია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენი მეტოქეების, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებების დამრიგებლებმაც დაასახელეს. ბოლო წლებში ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. "კვარას" შესახებ ბევრმა იცოდა, სხვადასხვა კლუბის ინტერესის სფეროში ისე ვერ მოექცეოდა, მაგრამ ის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მეორე საკითხია, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე გადამწყვეტი შთაბეჭდილების მისაღებად
მისი დიდ ფორუმზე ხილვა და დაკვირვება მნიშვნელოვანია. ზაფხულში ასეთი ევროპირველობაა.

უცხოურ მედიაში ხშირად ნახავთ ვარაუდებს, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი ტურნირის აღმოჩენა. Sportall.ge დღეს გესაუბრებათ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენი ჯგუფის ნაკრებებს წარმოადგენენ, მათ შორის, საქართველოსაც და რომელთაც ივნისიდან მეტად უნდა დავაკვირდეთ როგორც ქართველები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები. თუკი ავანსებს გაამართლებენ, დიდია შანსი, მომავალ სეზონში მათი კარიერა უკეთ წარიმართოს და ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერ კლუბშიც ვიხილოთ.

Sportall.Ge

ანტონიო სილვა (პორტუგალია)

41 წლის პეპე კვლავ ნაკრების შეუცვლელი ცენტრალური მცველია და ის გერმანიაშიც ასე იქნება, მაგრამ მისი ალტერნატივის საკითხი აუცილებლად დადგება. ასეთად, პირველ რიგში, "ბენფიკას" უკანახაზელი, 20 წლის ანტონიო სილვა უნდა დავასახელოთ.

მისი სრული სახელი ანტონიო ჟოაო პერეირა დე ალბუქერექე ტავარეს და სილვაა. სატრანფერო ფასი უკვე 44 მილიონი ევროა და თუ ლისაბონური გუნდიდან განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, რომელიმე გრანდში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ანტონიო სილვა, თავისი ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი არაა, 187 სმ-ია და ამის კომპენსირებას სხვა უნარებით ახერხებს. თამაშის კარგი შეფასებითაც გამოირჩევა და ბურთთანაც "მეგობრობს". ანტონიოს 2022 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა მიეცა. თუკი პორტუგალიელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მესამე ტურამდე, ანუ ჩვენთან შეხვედრამდე გაინაღდეს, დიდია შანსი, სილვამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, პეპეს კი დასვენების საშუალება მიეცეს. "ბენფიკას" მე-4 ნომერს სტანდარტული მდგომარეობის დროს უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას გატანაც ეხერხება.

Sportall.Ge

მატეი ჟურაჩეკი (ჩეხეთი)

"სლავიას" ნახევარმცველი 20 წლისაა და მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ უტევს. შეუძლია როგორც გატანა, ასევე გოლისთვის შესაბამისი სიტუაციის შექმნა.
ჟურაჩეკს ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან გამორჩეული იყო, მოძრავიცაა და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეროვნულში მისი დებიუტი ახლახან შედგა.

მატეის სატრანსფერო ფასი დღეისთვის 6 მილიონი ევროა, მაგრამ თუკი ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება. ევროტურნირებზე სტაბილური თამაში მისთვის მშვენიერი გამოცდილებაა, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საკმაოდ შორს გავიდა.

Sportall.Ge

კენან ილდიზი (თურქეთი)

მაშინ, როცა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი არდა გულერი მადრიდის "რეალში" გამოდის, თითქოს, პირველ რიგში, მასზე უნდა ისაუბრო, თუმცა "სამეფო კლუბის" წევრს ისედაც ბევრი გულშემატკივარი იცნობს, გარკვეულ დროს ვარსკვლავებით სავსე მადრიდშიც იღებს. თქვენს ყურადღებას "იუვენტუსის" 18 წლის ფორვარდ კენან ილდიზზე შევაჩერებთ.

ილდიზს ჯერ ცოტა დრო ეძლევა, ახლა "იუვეს" მთავარი დამრტყმელი ძალა ხომ ვლაჰოვიჩია. რაც შეეხება კენანს, მას ტექნიკა არ დაეწუნება და თუკი ევროზე შედეგიანობა ექნება, ახლანდელი კლუბიც უკეთესი თვალით შეხედავს და კარიერის გაგრძელების მეტად პერსპექტიული ვარიანტებიც ექნება, ვიდრე იტალიის მასშტაბით განათხოვრება შეიძლება იყოს.

გასული სეზონის დასაწყისში, 20 აგვისტოს, "უდინეზესთან" გასვლით მატჩი თურქის დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ალეგრის მასზე ჰკითხეს, ტოსკანელმა კი ასე უპასუხა - "ძალიან ხშირად ისწორებდა თმას და აუცილებლად უნდა შეიჭრას". მეორე დღესვე ილდოზმა მწვრთნელს მესიჯი გაუგზავნა: "ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა! ვაპირებ გავაკეთო ის, რაც თქვენ თქვით, რადგან მთავარი მწვრთნელი ხართ." მასიმილიანომ შემდეგ განაცხადა, რომ კენანი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ისმენს.

ილდიზი რეგენსბურგშია დაბადებული, გერმანელი დედისა და თურქი მამის ოჯახში. მან აღიარა, რომ ფეხბურთის სწავლა YouTube-ის მეშვეობით დაიწყო, თავდაპირველად კი მიუნხენის "ბაიერნის" აკადმიაში ვარჯიშობდა.

Sportall.Ge

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო)

საქართველოს ნაკრებში როგორც ვეტერანები, ასევე პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობენ. იმედია, ევროპირველობის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოვლენ. უკვე საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს იტალიაში და მათ პროგრესს ველით. ევროპის ჩემპიონატის აუდიტორიას გიორგი ქოჩორაშვილზე დაკვირვებას განსაკუთრებით ვთავაზობთ.

ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ის კარგად ფლობს ბურთს, მაგრამ ე.წ. შავი სამუშაოს შესრულებაც მშვენივრად შეუძლია. გიორგი თამამი და ენერგიულია, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. მას ესპანურ "ლევანტესთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელებს "ლა ლიგაში" დაწინაურება უჭირთ. "ქოჩორას" არაერთი გუნდი უნდა აკვირდებოდეს და გერმანიაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს!..

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

მკითხველის კომენტარები / 32 /
რაღაც მგონია,რომ ქოჩორაშვილი ცოტათი გადაფასებულია ჩვენს მიერ.შუა გულ ევროპაში თამაშობს და არ გამორჩებოდა ის იქაურ სკაუტებს,რომ ასეთი მაღალი დონის იყოს.ერთადერთი, მშრომელი ბიჭია,მოედანზე სულ აქტიურია,მონდომებული,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი ყველა ასპექტში.მე არ ველოდები,რომ ჩვენები სასწაულებს იზამენ და თავს განსაკუთრებულად გამოიჩენენ.ეს უმაღლესი დონის ტურნირია და მეტოქეები არ მისცემენ უბრალოდ ამის საშუალებას,ძალიან ხისტი ფეხბურთიც იქნება.ერთი ქულაც რომ ავიღოთ,ისტორიული შედეგი იქნება.
მირო
11:20 29-05-2024
8
ფეხნურთელებმაც გულშემატკივრებმაც ყველამ ერთად უნდა გემიჯნონ პოლიტიკას ფეხბურთს მიხედონ და ამ დიდი ტურნირისთვის მოემზადონ საქართველოსთვის და თავიანთი კარიერისთვის რადგან კარგ კლუბებში მოხვდნენ ამაზე უნდა იფიქრონ და მაგრად მოემზადონ.დაანებონ ყველამ თავი ფეხბურთელებს სიბინძურეში ნუ ჩაითრევენ ბოროტი ძალები ფეხბურთელებს დაცვა ჭირდებათ ასეთი ხალხისგან და თვითონაც უნდა გაემიჯნონ მათ.
ქომაგი
03:11 23-04-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული