ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები)
ვერბრუგენი, რომელიც 194 სმ-ია, კარიერას "ბრედაში" იწყებდა, რასაც ბელგიურ "ანდერლეხტში" ტრანსფერი მოჰყვა. ბრაიტონელები წელს ბევრ უშვებენ, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშულება სწორი არ იქნება, დე ძერბის გუნდს ბალანსის პრობლემა აქვს. ნიდერლანდელებს პრემიერლიგაში კიდევ ერთი კიპერი ჰყავთ, 30 წლის მარკ ფლეკენი "ბრენტფორდის" ღირსებას იცავს.
ვერბრუგენის სატრანსფერო ფასი 14.9 მილიონია. ნიდერლანდელების ჯგუფში საფრანგეთი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი და ავსტრია არიან.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)
"ვალენსიას" კიპერს მართლაც ხელშესახები წინსვლა აქვს და პრობლემურ ასპექტებში ყოველდღიურად უკეთესი ხდება. მაგალითად, ასეთი პენალტების ვერმოგერება იყო, მაგრამ ამ მხრივ "მამარდას" სერიოზული წარმატება აშკარაა. ისე გამოჩნდა, მის მიმართ უკვე ერთგვარი რიდიც გააჩნიათ, რაც თერთმეტმეტრიანის დამრტყმელს საქმეს ურთულებს. ქართველის კლუბი წერს, რომ მათი მეკარე საუკეთესოა. Opta-ს მონაცემებით, მიმდინარე ჩემპიონატის 35 ტურში "ვალენსიას" კარისკენ 131-ჯერ დაარტყეს, მათგან მამარდაშვილმა მხოლოდ 34 ბურთი (ავტოგოლების გამოკლებით) გაუშვა – "ღამურების" მეკარემ საშუალოდ ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია.
გიორგი 23 წლისაა და 197 სმ სიმაღლის (სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევრო). კარიერას ის "გაგრაში" იწყებდა, რასაც თბილისის "დინამო" მოჰყვა, რომელმაც ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" გაანათხოვრა. ამ უკანასკნელის რიგებში ევროპა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ის ესპანურმა "ვალენსიამ" თითქოს სათადარიგო კიპერად გადაიბირა, მაგრამ მალევე გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, რომელმაც ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა და გოლგაუშვებელი მატჩებიც ამ სეზონში 13 დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრები ევროზე აუტსაიდერის სტატუსითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს ცოტა საქმე არ უნდა ჰქონდეს. მისი დამაჯერებელი თამაში ქართველ გულშემატკივრებს პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან დამატებით იმედს აძლევს.
ანდრეი ლუნინი (უკრაინა)
191 სმ ლუნინი ჯერ "მეტალისტსა" და "დნიპროში" თამაშობდა, "სამეფო კლუბში" კი ლუგანსკის "ზარიადან" მოხვდა. მისი სატრანსფერო ფასი ახლა 16 მილიონი ევროა. უკრაინელებს ჯგუფში რუმინეთი, სლოვაკეთი და ბელგია ჰყავთ.
ევრო 2024-ის ყველაზე სახელოვანი მეკარეების ხუთეული: ნოიერი (გერმანია), დონარუმა (იტალია), ობლაკი (სლოვენია), შჩესნი (პოლონეთი), მენიო (საფრანგეთი).
უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...