ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: აქ ვერავინ იხუმრებს!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მთავარი გმირი "ბაიერნია" და, რა გასაკვირია, რომ ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილედ სწორედ ის გვევლინება. ასეა ამჯერადაც, მით უმეტეს, გერმანული გრანდის მეტოქე ტრადიციებით მდიდარი "შალკე" იქნება.

გელზენკირხენი მუდამ დიდი მგზნებარებით ელოდება "ბაიერნის" სტუმრობას და გამონაკლისი არც ეს შაბათი იქნება. სათქმელია ისიც, რომ ორივე გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და თუ "რეკორდმაისტერმა" "ბენფიკასთან" უპრობლემოდ მოიგო, "შალკეს" შინ ურთულესი ბრძოლა გადახდა ასევე პორტუგალიურ გრანდ "პორტუსთან" (1:1).

და მაინც, "შალკე" უკან ვერ დაიხევს, რადგან გუნდმა საშინელი სტარტი აიღო ბუნდესლიგაში და ამას გამოსწორება სჭირდება. "ბაიერნს"
დააკლდებიან კინგსლი კომანი, რაფინია და კორენტენ ტოლისო. რაც შეეხება "ხუმარებს", ამ მომენტისთვის დომენიკო ტედესკოს გუნდის შემადგენლობა მეტ-ნაკლებად ოპტიმალურია.

ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს მატჩი, რომელშიც "ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს. ორივე კლუბმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, ეს მათ გარჯას კვალს არ დაამჩნევს. "ჰოფეც" და "დორტმუნდიც" ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ტრადიციას არც ამ შეხვედრაში უნდა უღალატონ.

პატარ-პატარა დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე. ლუსიენ ფავრის გაწვრთნილ გუნდში არ იქნება პაკო ალკასერი - ესპანელი ახალწვეული ტრავმირებულია. მან გოლი გაიტანა "აინტრახტთან" მეორე ტურის მატჩში (3:1).

ყურადღებას იქცევს ლიდერების, "ჰერტასა" და "გლადბახის" შეხვედრა. ეს ისეთი მატჩია, რომელსაც დაძაბულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაკლდეს. ეგაა, ორივე გუნდს არაერთი ფეხბურთელი შეიძლება დააკლდეს. ცხადია, ტრავმირებულთა სიმრავლე ორივე გუნდის გარჯას დაატყობს კვალს.

სეზონი შესანიშნავად დაიწყო "ვოლფსბურგმა". წესით, "მგლებმა" კიდევ უნდა შეავსონ ქულათა მარაგი "ფრაიბურგთან" შეხვედრაში. ერთადერთი, რაც ამ მატჩის წინ ბრუნო ლაბადიას აღელვებს, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველის, კაპიტან ჯოშუა გილავოგის შესაძლო არყოფნაა.

ფაქტები
  • "შტუტგარტისა" და "ფორტუნას" ბოლო 4 მატჩიდან სამში ორივე გუნდმა ვერ მოახერხა გატანა.
  • "აუგსბურგმა" და "ვერდერმა" ბოლო 9 მატჩიდან თითოეულში 2.5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "გლადბახმა" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ჰერტას".
  • "ჰოფენჰაიმმა" და "დორტმუნდმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 8 მატჩში გაუტანეს ერთმანეთს.
  • "ნიურნბერგმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".
  • "ბაიერნმა" "ჰერტა" ბოლო ორ ბუნდესლიგურ და ერთ სათასო შეხვედრაში დაჯაბნა.
  • "აინტრახტსა" და "ლაიპციგს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

ბუნდესლიგა. IV ტური
პარასკევი, 21 სექტემბერი
შტუტგარტი-ფორტუნა 22:30

შაბათი, 22 სექტემბერი
ნიურნბერგი-ჰანოვერი 17:30
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 17:30
აუგსბურგი-ვერდერი 17:30
ჰერტა-გლადბახი 17:30
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 17:30
შალკე-ბაიერნი 20:30

კვირა, 23 სექტემბერი
ლევერკუზენი-მაინცი 17:30
აინტრახტი-ლაიპციგი 20:00

ბომბარდირები: 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი), ანჯეი დუდა (ჰერტა), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული