პრემიერლიგა. VIII ტური: დე ხეას ფეხი რომ არა... [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ქულები დაკარგა "ლივერპულთან" ტურის მთავარ მატჩში, რითიც მისმა თანაქალაქელმა "სიტიმ" ისარგებლა და "სტოკთან" თვალსასეირო სანახაობაში გამარჯვებით პრემიერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა...

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი
...დღის მატჩის ყველაზე რეალური შანსი - ჟოელ მატიპის დარტყმის შემდეგ დავიდ დე ხეას სასწაულმა "სეივმა" "ლივერპულს" გოლი, ფაქტობრივად, ჯიბიდან ამოაცალა, ხოლო მოჰამედ სალაჰის დამატებული რომ კარს ასცდა, ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იურგენ კლოპის ახალ პრობლემას - საგოლე მომენტების რეალიზაციას. ამის შედეგი კი ის არის, რომ "წითლებს" ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ.

არადა, "ლივერპული" თითქმის მთელი
მატჩის განმავლობაში დომინირებდა, ბურთსაც აკონტროლებდა, კარშიც ხშირად (19) ურტყამდა, მაგრამ... ჟოზე მოურინიომ კი ამას ჩასაფრების ტაქტიკა დაუპირისპირა, ოღონდ ეგ იყო, რომ ეფექტი ვერ ნახა და ქულით მოუხდა დაკმაყოფილება - ალალად ნაშოვნი ქულით.

მატჩის გმირი
გასაკვირი არ არის, ნულოვანი ფრის პირობებში მატჩის მთავარი ფიგურა მეკარე ყოფილიყო. და, რა თქმა უნდა, ეს მეკარე დავიდ დე ხეა გახლდათ. გარდა ზემოთ ხსენებული მომენტისა, როცა მან საოცარი რეაქცია გამოავლინა კამერუნელი ცენტრალური მცველის საგოლე მცდელობაზე და ფეხით მოიგერია "მკვდარი" ბურთი, მთლიანობაშიც ზედამაჯერებლად ითამაშა და საჯარიმო მოედნის სრული ბატონ-პატრონი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელმა აკი საგანგებოდ ჩამოართვა კიდეც ხელი მეტოქე გუნდის გოლკიპერს...

კომენტარები
იურგენ კლოპი (ლივერპული): "კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ჩვენ ვიმსახურებდით 3 ქულას. იყო ორი, შეიძლება სამი მომენტიც, როცა არ გაგვიმართლა. აღსანიშნავია დე ხეას შესანიშნავი "სეივი"...

საერთოდ კი, ბოლო მატჩების ფონზე, გაცილებით კონცენტრირებულები ვიყავით და ეს პოზიტიური ფაქტია...

ამას გარდა, არბიტრმა არ დაგვინიშნა პენალტი, ხოლო ლუკაკუსა და ლოვრენის ეპიზოდებში წითელი ბარათის გამოყენებაც შეეძლო. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "არ შეიძლება, "ენფილდზე" მოპოვებული ქულით კმაყოფილი არ ვიყო. პირველ ტაიმში ბურთი უფრო მეტად ჩვენ გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში გაცილებით აქტიურები უნდა ვყოფილიყავით... აშკარა იყო, რომ "ლივერპულს" ძალიან ეშინოდა ჩვენი".

ფაქტები
  • ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპთან უშუალო დაპირისპირებებში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 4-ში ფრედ ითამაშა, ხოლო 3-ში დამარცხდა.
  • "ლივერპულმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთმანეთში ზედიზედ მესამედ ითამაშეს ფრედ, რაც 1921 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის პირველ 8 ტურში 20 ქულას მოუყარა თავი, რაც ანალოგიურია 2011/12 და 1999/2000 წლების სეზონების.
  • მას მერე, რაც "ლივერპული" იურგენ კლოპმა ჩაიბარა, ამ გუნდმა "დიდ ექვსეულთან" მატჩებში ყველაზე მეტი - 37 ქულა მოაგროვა.

კრ. პალასი-ჩელსი
ვილფრიდ ზაჰას გოლით "კრისტალ პალასმა" ჩემპიონი დაამარცხა და წერტილი დაუსვა სასტარტო კოშმარს - "არწივებმა" მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება, პირველი ქულები და პირველი გოლები გაიფორმეს.

ამას გარდა, ეს იყო როი ჰოჯსონის პირველი გამარჯვებაც მას მერე, რაც ერთი თვის წინ ფრანკ დე ბური შეცვალა და 4 ტურის განმავლობაში გუნდი ვერც მისი ხელმძღვანელობით ახერხებდა (ამით ის მეორე მწვრთნელი გახდა იმავე დე ბურის შემდეგ, ვინც პოსტზე დანიშვნის შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი წააგო) მოჯადოებული წრიდან გამოსვლას...

ფაქტები

  • როი ჰოჯსონი მეორე მწვრთნელი გახდა სემ ელარდაისის (ასევე ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი) შემდეგ, ვინც "ჩელსის" 4 სხვადასხვა კლუბის ("ბლექბერნი", "კრისტალ პალასი", "ლივერპული", "ვესტ ბრომვიჩი") მწვრთნელის რანგში მოუგო.
  • "კრისტალ პალასის" მიერ მე-11 წუთზე გატანილი გოლით დასრულდა ამ გუნდის 640-წუთიანი "მშრალი" სერია. 4 ინგლისური პროფესიული ლიგის ისტორიაში უფრო გრძელი უგოლო სერია (730 წუთი) მხოლოდ "ჰალიფაქსს" ჰქონდა 1990/91 წლების სეზონში.
  • "კრისტალ პალასის" გამარჯვება პრემიერლიგის ისტორიაში მეექვსე შემთხვევა იყო, როცა ბოლოადგილოსანმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.
  • ანტონიო კონტეს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსიმ" მეორედ წააგო მიჯრით ორი მატჩი.
მანჩესტერ სიტი-სტოკი
  • "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის ერთ მატჩში 7 გოლი მეორედ გაიტანა. პირველად ეს იყო 2013 წელს "ნორვიჩთან" შეხვედრაში - 7:0.
  • "სტოკმა" პრემიერლიგის ერთ მატჩში მეორედ გაუშვა 7 გოლი. პირველად ეს იყო "ჩელსისთან", 2010 წლის აპრილში.
  • "სტოკმა" 2 გოლი გაიტანა "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზე" - ანუ უფრო მეტი, ვიდრე ამ სტადიონზე წინა 9 სტუმრობისას (იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგის ეგიდით გამართული მატჩები).
  • რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა - უფრო მეტი, ვიდრე წინა 31 მატჩში (5 გოლი).
  • გაბრილ ჟეზუშმა "ეტიჰადზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში "მანჩესტერ სიტის" 10 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • "მანჩესტერ სიტიში" დებიუტის (2015 წლის სექტემბერი) შემდეგ კევინ დე ბრუინმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 32 საგოლე პასი შეასრულა.
ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • კრისტიან ერიქსენმა ("ტოტენჰემი") ბოლო 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა - უფრო მეტი, ვიდრე წინა 24 შეხვედრაში.
  • ჰარი კეინს არ გაუტანია გოლი პრემიერლიგის პირველ ოთხ საშინაო მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში სულ 6-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. ანალოგიური რამ 1993/94 წლების სეზონში ალან შირერსაც ("ბლექბერნი") შეემთხვა.
  • "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში "მშრალად" შეინახა კარი.
  • 1975 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარნლიმ" მთავარი ლიგის ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა წაუგებლად.
  • "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 12 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • მას შემდეგ, რაც სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემის" მწვრთნელი გახდა (2015 წლის ივნისი), მისმა გუნდმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 12 წითელი ბარათი მიიღო.
  • ჯო ჰარტი 51-ე მეკარეა პრემიერლიგაში, ვინც საგოლე პასი შეასრულა. პრემიერლიგაში ეს პირველი შემთხვევაა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ.
  • 2004 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "ჰადერსფილდმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 4 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
  • ბოლო 19 მატჩში ტომ ქეროლმა ("სუონსი") პირველი საგოლე პასი შეასრულა.
  • "სუონსიმ" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში პირველად გაიმარჯვა, ხოლო ზედიზედ 3 საშინაო მარცხის შემდეგ პირველად მოიგო საკუთარ მოედანზე.
  • ზედიზედ მესამე მატჩია "უოტფორდს" გოლი გააქვს 90-ე წუთზე ან უფრო გვიან.
  • 2016 წლის აპრილის შემდეგ პერ მერტეზაკერმა ("არსენალი") პირველი გოლი გაიტანა.
  • "არსენალი" "უოტფორდთან" პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ლონდონელებმა ამ გუნდთან შარშან საკუთარ მოედანზეც წააგეს ანალოგიური ანგარიშით - 1:2.
პრემიერლიგა. VIII ტური
ლივერპული-მანჩესტერ იუნ 0:0 (იხილეთ ვიდეო)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი - სალაჰი (78. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო (87. სოლანკე), კოუტინიო (79. სტარიჯი).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, დარმიანი - ერერა, მატიჩი - იანგი (90+3. ლინდელიოფი), მხითარიანი (63. ლინგარდი), მარსიალი (65. რაშფორდი) - ლუკაკუ.

ბარნლი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 ანტონიო (19), 1:1 ვუდი (85)
გაძევება: ე. ქეროლი (27. ვესტ ჰემი)

კრ. პალასი-ჩელსი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ასპილიკუეტა (11-საკ. კარში), 1:1 ბაკაიოკო (18), 2:1 ზაჰა (45)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (40. ძაპაკოსტა), ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი (65. მუსონდა), აზარი, ბატშუაი (57. პედრო).

მანჩესტერ სიტი-სტოკი 7:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (17), 2:0 სტერლინგი (19), 3:0 დავიდ სილვა (27), 3:1 დიუფი (44), 3:2 უოლკერი (47-საკ. კარში), 4:2 გაბრიელ ჟეზუში (55), 5:2 ფერნანდინიო (60), 6:2 სანე (62), 7:2 ბერნარდო სილვა (79)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი (66. გიუნდოგანი), ფერნანდინიო (73. ტურე), დავიდ სილვა - სანე, სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში (63. ბერნარდო სილვა).

სუონსი-ჰადერსფილდი 2:0
გოლები: 1:0 აბრაჰამი (42), 2:0 აბრაჰამი (48)

ტოტენჰემი-ბორნმუთი 1:0
გოლი: 1:0 ერიქსენი (47)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, უინქსი, დაიერი, სონი (75. სისოკო) - ერიქსენი, ალი (90+3. ნკუდუ) - კეინი (85. ლორენტე).

უოტფორდი-არსენალი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მერტეზაკერი (39), 1:1 დინი (71-პენ), 2:1 ქლევერლი (90+2)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი (85. ჰოლდინგი), მერტეზაკერი, მონრეალი - ბელერინი, ელნენი, ჯაკა, კოლაშინაცი - ივობი, უელბეკი (61. იოზილი) - ლაკაზეტი (68. ჟირუ).

ბრაიტონი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 კნოკერტი (82), 1:1 რუნი (90-პენ)

საუთჰემპტონი-ნიუკასლი 2:2
გოლები: 0:1 ჰეიდენი (20), 1:1 გაბიადინი (49), 1:2 პერესი (51), 2:2 გაბიადინი (75-პენ)

ორშაბათი. 16 ოქტომბერი
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 23:00

ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 5 - ჯეიმი ვარდი (ჩელსი).

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი: ვესტ ჰემი-ბრაიტონი
21 ოქტომბერი: ჩელსი-უოტფორდი, ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი-ბარნლი, ნიუკასლი-კრ. პალასი, სტოკი-ბორნმუთი, სუონსი-ლესტერი, საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი
22 ოქტომბერი: ევერტონი-არსენალი, ტოტენჰემი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა საერტოდ გავარდეს ეს ლივერპული ტავისი 21 საუკუნის პატიმრიანად, ყოპილი გრანდი, სქაუზერებო ბარსას როგორ დაცინოდიიტ? ეხლა სად ხარტ გინდატ გიტხრატ?
liverpuli barselonas supermarketi.
16:14 16-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული