მადრიდის "რეალის" ვუნდერკინდ როდრიგოს აგენტმა ნიკ აკურიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტით დაინტერესებული "ლივერპული" იყო და ბრაზილიაში ფეხბურთელს თავად იურგენ კლოპმა ჩააკითხა.
"როცა როდრიგო თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებას "სანტოსთან" აპირებდა, "ლივერპულის" პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ კლოპი უკვე იცნობდა ფეხბურთელს, მისი ვიდეოები ჰქონდა ნანახი და ახალგაზრდა მოთამაშის სანახავად აპირებდა ჩასვლას.
მან როდრიგო YouTube-ზე იპოვა, "ტალანტები ბრაზილიიდან" ჩაწერა და როდრიგო ნახა. იურგენი ბრაზილიაშიც ჩამოვიდა და მოეწონა კიდეც როდრიგო.
ისევ დამიკავშირდნენ. "ლივერპულის" დირექტორმა მითხრა, რომ როდრიგოსთან კონტრაქტის გაფორმება სურდა. ჩავედი ინგლისში, დავსხედით
ლონდონში, "ლივერპულს" იქ ოფისი აქვს. შემდეგ კი მოდესტოს ("სანტოსის" პრეზიდენტი) შეთავაზება წარვუდგინე.
მოდესტო კი არ დათანხმდა. აღმოჩნდა, რომ "სანტოსს" როდრიგოს გაყიდვა არ უნდოდა და ამის ნაცვლად, პირველი პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ეს როდრიგოს თაობაზე პირველი შემოთავაზება იყო. ის "ლივერპულმა" გააკეთა და მაშინ ფეხბურთელი მხოლოდ 16 წლის იყო", - განაცხადა აკურიმ.
როდრიგო ევროპაში სათამაშოდ მაინც წამოვიდა, თუმცა არა ინგლისში, არამედ ესპანეთში. მადრიდის "რეალმა" "სანტოსს" 45 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა, გადასახადების ჩათვლით, "ბლანკოსს" ახალგაზრდა ბრაზილიელის შეძენა 54 მილიონი ევრო დაუჯდა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით