ინგლისის პრემიერლიგაში უამრავი ნიჭიერი, გამორჩეული და ოსტატი ფორვარდი თამაშობდა. სეზონიდან სეზონამდე ბომბარდირთა სიაში ნამდვილი ომი იყო და უკომპრომისო ბრძოლას საზღვარი არ უჩანდა. თუმცა ლამაზია, როცა ერთი ადამიანის შესრულებით გადის გოლი, მაგრამ სხვა ქიმიაა, როცა გუნდში შეთამაშებული დუეტი დირიჟორობს მოწინააღმდეგის კარის აღებას. დღეს ვისაუბრებთ ყველაზე მრისხანე დუეტებზე, რომლებმაც დანდობა არ იცოდნენ.
ენდი კოული და პიტერ ბერდსლი ("ნიუკასლი", 1993/94)
1993/94 წლების სეზონში "ნიუკასლი" პრემიერლიგაში მესამე ადგილს დასჯერდა. მანამდე კი ზედიზედ 4 წელი რანგით დაბალ დივიზიონში ასპარეზობდნენ, თუმცა დაწინაურების შემდეგ პირდაპირ ბრინჯაოზე გაიბრძოლეს.
მაშინდელი "ნიუკასლის" მთავარი საიდუმლო კულისა და ბერდსლის დუეტი იყო. 42 მატჩში მათ ერთად 55 გოლი გაიტანეს: 34 - კოულმა, 21 -ბრედსლიმ. ბიჭები თანამედროვე პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე წყვილად ითვლებიან.
ალან შირერი და კრის სატონი ("ბლექბერნი", 1994/95)
იმ სეზონში შირერმა და სატონმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს და "ბლექბერნს" პრემიერლიგაც მოაგებინეს. ჯამში ორივემ 49 გოლს მოუყარა თავი. შირერმა 34-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი, ხოლო კრისმა - 15-ჯერ. თუმცა ისინი გოლებთან ერთად უხვ ასისტებს იწერდნენ აქტივში. მაგალითად, ალანმა 13-ჯერ გაატანინა პარტნიორებს გოლი, ხოლო სატონმა - 10-ჯერ. სეზონის დასრულების შემდეგ შირერი კიდევ რამდენიმე წელი ბრწყინავდა, ხოლო სატონს ტრავმების გამო დაღმასვლა დაეწყო. მათი დუეტი იყო ეფექტური, თუმცა - ხანმოკლე.
იურგენ კლინსმანი და ტედი შერინგემი ("ტოტენჰემ ჰოთსპური", 1994/95)
იმავე სეზონში, როცა შირერსა და სატონს "ბლექბერნი" ტიტულამდე მიჰყავდათ, "ტოტენჰემში" კლინსმანისა და შერინგემის დუეტი შეიკრა. თვითონ "დეზები" მე-7 ადგილზე გავიდა, მაგრამ მათი პრობლემები ძირითადად უიმედო დაცვის ხაზის გამო იქმნებოდა. შეტევაში იურგენი და ტედი ნამდვილ შოუს დგამდნენ. საბოლოოდ, გერმანელმა 21 გოლი შეაგდო, ხოლო ინგლისელმა - 18. მაგრამ ერთად მათ მხოლოდ ერთი კარგი სეზონის ჩატარება შეძლეს.
ალან შირერი და ლეს ფერდინანდი ("ნიუკასლი", 1996/97)
შირერმა თავისი სუპერფორვარდის სტატუსი "ნიუკასლშიც" დაიცვა და გულშემატკივარს ძირითადად ამ გუნდით დაამახსოვრა თავი. "ბლექბერნიდან" გადმოსვლის შემდეგ სათამაშო დონე არ დააგდო და ლეს ფერდინანდის სახით პარტნიორშიც საკმაოდ გაუმართლა. 1996/97 წლების სეზონში წყვილმა 49-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. აქედან 28 გოლი შირერმა, 21 კი ფერდინანდმა გაიტანა.
ენდი კოული და დუაით იორკი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 1998/99)
ეს სეზონი "მანჩესტერისთვის" თითქმის იდეალური იყო, კოულმა და იორკმა კი გადამწყვეტი როლი შეასრულეს. მათ 53 გოლი გაიტანეს და წყვილს ფორვარდების შეთამაშების ეტალონი უწოდეს. მომავალში, როგორც კი 2 ფორვარდს შორის მოედანზე გარკვეული "ქიმია" და "მაგია" ჩნდებოდა, მათ კოული-იორკის დუეტს ადარებდნენ. ბრწყინვალე სეზონში კოულმა 24, ხოლო იორკმა, რომლისთვისაც სადებიუტო სეზონი იყო, 29 გოლი გაიტანა.
ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი ("არსენალი", 2003/04)
2003/04 წლების სეზონი ნამდვილად საკულტო, ლეგენდარული და ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი აღმოჩნდა. "არსენალმა" ისე მოიგო პრემიერლიგა, რომ ერთხელაც არ დამარცხდა. მაშინ მთლიანი გუნდი ერთი მექანიზმივით იყო შეთამაშებული. შესაბამისად, ფორვარდებმა შედარებით ნაკლები გოლი გაიტანეს. ტიერიმ და დენისმა ჯამში 34 ბურთს მოუყარეს თავი, თუმცა საქმე ამაში არ არის. მათი დუეტი მოედნის ხედვის, ინტელექტისა და ურთიერთგაგების სხვა დონე იყო. ნებისმიერ მატჩში წყვილი ისე თამაშობდა, თითქოს ბავშვობიდან ერთად აგორებდნენ ბურთს.
ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ("ლივერპული", 2013/14)
ბევრს დღემდე არ ესმის, როგორ ვერ მოიგო "ლივერპულმა" პრემიერლიგა 2013/14 წლების სეზონში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა ფეხბურთის ისტორიაში. სუარესმა მაშინ 31 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუციც" მიიღო. სტარიჯი ურუგვაელის ჩრდილში მოექცა, მაგრამ მანაც შთამბეჭდავი, 21 გოლი გაიტანა. თუ დანიელმა მომავალში ნელ-ნელა დაკარგა ეფექტურობა, სუარესი "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ლიონელ მესისთან ერთად ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დუეტი შექმნა და როგორც ბომბარდირი და როგორც კრეატიული პარტნიორი, ბრწყინავდა.
თქვენ რომელ დუეტს დაამატებდით?