ამ შეხვედრის წინ "იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ქულით უსწრებდა და მაურიციო სარის გუნდს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა. მან შეხვედრის წინ ფეხბურთელებს "იუვენტუსის" ხსენება აუკრძალა, სტადიონზე შესვლისას კი მეტოქე გუნდის ტიფოზებს ავტობუსიდან შუა თითი უჩვენა, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთობ გასაკვირია გაწონასწორებული სარის ასე წყობილებიდან გამოსვლა.
ბიანკონერიმ ჩემპიონატზე უკანასკნელი 20 მატჩიდან არც ერთი არ წააგო, ხოლო ნეაპოლელებმა 29 გასვლით მატჩში არ განიცადეს მარცხი. მოკლედ, ღირსეული მოწინააღმდეგეების
სტუმრებმა დებიუტიდანვე აქტიურად შეუტიეს, ჰამშიკმა და მარიუ რუიმ (ორჯერ) ვერ გამოიყენეს მომენტები, მერე პიანიჩმა თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით ძელი შეაზარზარა. შემდეგ ისევ მარიუ რუიმ გაუშვა შანსი ხელიდან და მოასპარეზენი მსაჯმა შესვენებაზე გაიხმო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჰამშიკმა და კალეხონმა ააცილეს კარს ბურთი. სურათი ამ გუნდების პირველი წრის თამაშის ანალოგიურია: კამპანიელებს იერიში იერიშზე მიაქვთ, "ბებერი ქალბატონი" კი თავს უნარიანად იცავს.
მე-60 წუთზე სარიმ პასიური მერტენსი მილიკით, ხოლო 68-ეზე გადაღლილი და მოედანზე "დაკარგული" ჰამშიკი ზელინსკით შეცვალა. 72-ე წუთზე კალეხონს ბუფონმა არ დაანება გოლის გატანა.
და მაინც მიაღწიეს ნეაპოლელებმა თავისას - გოლი 90-ე წუთზე კალეხონის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კულიბალიმ გაიტანა.
ორი სხვადასხვა სტილის გუნდის მართლაც შესანიშნავ პაექრობაში სტუმრებმა იმარჯვეს და ახლა "იუვეს" ოდენ 1 ქულით ჩამორჩებიან. იტალიის პირველობას ინტრიგა დაუბრუნდა!
28 აპრილს, შემდეგ ტურში, "იუვენტუსი" მილანში "ინტერს" ხვდება, ხოლო "ნაპოლი" 29 აპრილს ფლორენციაში "ფიორენტინას".