სერია A. XII ტურის წინ. იტალიური კლასიკა: "მილანი" "იუვენტუსს" მიიღებს

AutoSharing Option
იტალიის ტური ერთი ისეთი შეხვედრით დასრულდება, რომელიც გერმანიაში გასამართავ სუპერმატჩსა და მანჩესტერულ დერბისთან ერთად უქმეების მშვენებად უნდა იქცეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანი"-"იუვენტუსი" განსაკუთრებული აფიშაა და, მით უმეტეს, ახლა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ "იუვე" ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოც. აქ ერთი წუთით დავივიწყოთ "მანჩესტერთან" გუშინწინდელი მარცხი, თუმცა ეს მაინც არაფერს ცვლის...

ბოლო პერიოდში "მილანიც" ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. რა თქმა უნდა, "როსონერის" თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გუნდს, ბოლოს და ბოლოს, გადაედო ჯენარო გატუზოს ხასიათი. თუნდაც
"უდინეზესთან" გასვლითი შეხვედრა ავიღოთ. ეს თამაში "ბებერმა ქალბატონმა" მაშინღა მოიგო, როცა ის ყველას, მათ შორის მეტოქესაც, დასრულებული ეგონა.

ბოლო დროს, "იუვე" სადაც შეხვდა "მილანს", ყველგან მოუგო. რა თქმა უნდა, "როსონერიში" ეს ახსოვთ და ისინი რევანშის წყურვილით არიან აღსავსენი.
ახლა "მილანის" გულშემატკივრებს ერთადერთი სერიოზული საფიქრალი აქვთ. დიდი ალბათობით, მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს გონსალო იგუაინი. "პიპიტამ" ტრავმა სწორედ "უდინეზესთან" ხსენებულ შეხვედრაში მიიღო. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იგუაინი "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ჩემპიონობის მეორე პრეტენდენტი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაში "პარი სენ-ჟერმენთან" გადატანილი ომის შემდეგ "ჯენოასთან" ითამაშებს. რა თქმა უნდა, "ნაპოლი" ფავორიტია, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი ძალიან ცუდი ზნე სჭირს - ანგარიშს რომ წაიყვანს, ან სასურველ ფრეს დაიბევებს, რატომღაც ჩერდება ხოლმე. ალბათ ანჩელოტი გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს ძირითად შემადგენლობაში.

"რომა" რთულ შეხვედრას ითამაშებს "სამპდორიასთან". ეს რომაელთა მორიგი გამოცდა იქნება. ჯერჯერობით "ჯალოროსი" ისე ვერ თამაშობს იტალიის

ჩემპიონატში, როგორც ამას მისგან ველოდით, მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში დიდი რეზერვი რომაა, ესეც ფაქტია.

"ინტერი" "ატალანტასთან" შეხვედრაში ეცდება, ტემპი არ დააგდოს და მორიგი გამარჯვება მოიპოვოს. ეს იოლი არა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. მთავარია, მაურო იკარდი იყოს ჯანზე. მართალია, "ინტერს" არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ფაქტია, ეს მაინც ერთი კაცის გუნდია.

ფაქტები

  • "ტორინოსა" და "პარმას" ბოლო ორ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • ასეთივე შედეგი დაფიქსირდა სპალ-ისა და "კალიარის" ბოლო ორ მატჩში.
  • "ნაპოლიმ" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ჯენოას".
  • "ატალანტასა" და "ინტერის" ბოლო ორ მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "კიევოსა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ემპოლისა" და "უდინეზეს" უკანასკნელ ორ მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "ლაციომ" მიჯრით ოთხ შეხვედრაში აჯობა "სასუოლოს".
  • "იუვენტუსმა" ყველა ფრონტზე ზედიზედ 5-ჯერ მოუგო "მილანს".

იტალია. სერია A. XII ტური

შაბათი, 10 ნოემბერი
ტორინო-პარმა 18:00
სპალ-კალიარი 21:00
ჯენოა-ნაპოლი 23:30

კვირა, 11 ნოემბერი
ატალანტა-ინტერი 15:30
რომა-სამპდორია 18:00
კიევო-ბოლონია 18:00
ემპოლი-უდინეზე 18:00
სასუოლო-ლაციო 21:00
მილანი-იუვენტუსი 23:30


ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 8 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 6 - მაურო იკარდი (ინტერი);
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული