რობინ ვან პერსი: ეს არ უნდა დავუშვათ!..

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ, ვინც ამჟამად თურქული "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს, ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმის თაობაზე ისაუბრა. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე კლუბმა ის ასაკისა და ტრავმის გამო დაიწუნა. ყველაზე ხშირად გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენლებს ასახელებდნენ.

"არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია პრესაში. ყოველ შემთხვევაში, მე ამისთვის თანხმობა არ მიმიცია. დიახ, მართლაც მაქვს ტრავმა, მაგრამ ის არც ისე საშინელია, როგორც მავანს უნდა, რომ წარმოაჩინოს. დაახლოებით სამი კვირა დამჭირდება რეაბილიტაციისთვის და ამის შემდეგ მინდორს დავუბრუნდები...

რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს, მოხარული
ვარ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბულგარეთის ძლიერი ნაკრების დამარცხება შევძელით. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს, რადგან ის, დიდი ალბათობით, დამღუპველი აღმოჩნდება ჩვენთვის...

დღევანდელ ფეხბურთში არავის არაფერი უკვირს. მთავარია, შესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩებისთვის ძალა ბოლომდე მოვიკრიბოთ. ჩვენ უკმაყოფილონი დავრჩით იმ თამაშით, რომელიც ვაჩვენეთ საფრანგეთთან შეხვედრაში, მაგრამ ბულგარეთთან ბიჭებმა მდგომარეობა გამოასწორეს...

ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ და ისევ უნდა გავაგრძელოთ სვლა მიზნისკენ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაიაროს ჰოლანდიის ნაკრების გარეშე ზედიზედ მეორე დიდმა ტურნირმა. ეს უკვე მეტისმეტი იქნება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ", - ამბობს ვან პერსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული