ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ გაიხსენა ისტორია 2014 წლის მსოფლიო თასიდან, როცა კოსტა რიკასთან გამართული მეოთხედფინალური დაპირისპირების ძირითადი დროის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დაარტყა.
"როცა ძირითადი დრო დამთავრდა და 11-მეტრიანების სერიისთვის ვემზადებოდით, მან მოულოდნელად დამარტყა. შემდეგ ხელი თავზე მომისვა და მზრუნველი ხმით მითხრა: "ასე მეტჯერ აღარ მოიქცე. ახლა კი მომხდარი დაივიწყე და პენალტი აუცილებლად გაიტანე", - განაცხადა ვან პერსიმ Voetbal International-თან საუბრისას.
დარტყმის მიზეზი კი მარტივი იყო. კოსტა რიკასთან გამართული შეხვედრის ბოლოსკენ ვან
პერსი დაიღალა და ვან გაალს მისი შეცვლა უნდოდა. ფორვარდს კი პენალტის დარტყმა სურდა და ამიტომაც არ გამოვიდა მოედნიდან. საბოლოო ჯამში, თავდამსხმელმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ნიდერლანდების ნაკრებიც ნახევარფინალში გავიდა.