დღეს, 3 სექტემბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა.
დავიდ არელანოს სახელობის მოედანზე ადგილობრივმა ჩილემ ბრაზილიას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "სელესაოს" ფეხბურთელებმა ერთადერთი გოლის გატანა 64-ე წუთზე შეძლეს. თავი ევერტონ რიბეირომ გამოიჩინა. რა თქმა უნდა, სამხრეთამერიკული ფეხბურთი უხეშობით გამოირჩევა და ეს ამ შეხვედრაშიც დადასტურდა, მატჩის მთავარმა არბიტრმა დიეგო ჰარომ ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ამრიგად, 7 ტურის შემდეგ ბრაზილია 21 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. ჩილეს 6 ქულა აქვს და
მე-7 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრები კოვიდსიტუაციის გამო ჩაიშალა, აღდგენით კი მომდევნო ტურში აღადგენენ.
ამრიგად, "სელესაო" 5 სექტემბერს არგენტინას უმასპინძლებს, ჩილე კი იმავე რიცხვში ეკვადორს ესტუმრება.
თავისი შეხვედრა გამართა არგენტინამაც. "ალბისელესტეს" ნაკრები ვენესუელას ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. მასპინძელთა რიგებიდან 25-ე წუთზე სემა ველასკესმა ტრავმა მიიღო. მცველი ადრიან მარტინესმა შეცვალა, შემოსვლიდან 7 წუთში კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ადრიანი მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.
10-კაციანმა ვენესუელამ არგენტინას პირველ ტაიმშივე ვეღარ გაუძლო და 45+2 წუთზე ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში "ალბისელესტელები" დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც ჯერ ხოაკიმ კორეამ 71-ე წუთზე, ხოლო შემდეგ ანხელ კორეამ 74-ე წუთზე ასახეს, ვენესუელამ კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, 90+4 წუთზე, თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, არგენტინა 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ვენესუელას 4 ქულა აქვს და ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, "ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს. ვენესუელა 6 სექტემბერს პერუს ესტუმრება.
სხვა შეხვედრები:
ბოლივია - კოლუმბია - 1:1
ეკვადორი - პარაგვაი - 2:0
პერუ - ურუგვაი - 1:1