ჰოლანისა და მემფისის ჰეთ-თრიკი - ევროპულმა გრანდებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში გულშემატკივარმა გამორჩეული და სანახაობრივი შეხვედრები იხილა.

ლიონში ადგილობრივმა საფრანგეთმა ფინეთს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ და ამ შეხვედრის მოგება მათთვის სავალდებულო გახლდათ. "მამლების" რიგებიდან მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნებული ანტუან გრიზმანი გამოირჩა, რომელმაც ფინელების კარი ორჯერ, 25-ე და 53-ე წუთებზე აიღო.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ D ჯგუფს 12 ქულით საფრანგეთი ლიდერობს. ფინელებს 4 თამაშის შემდეგ 5 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ.

"მამლები" მომდევნო 2 ტურს გამოტოვებს და გათამაშებაში 13 ნოემბერს,
ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაერთვება. ფინეთი 9 ოქტომბერს უკრაინას უმასპინძლებს.


ამსტერდამში, "იოჰან კრუიფის არენაზე", ადგილობრივმა ნიდერლანდებმა თურქეთის ნაკრები 6:1 გაანადგურა.

შესანიშნავ ფორმაში შევიდა მემფის დეპაი, რომელმაც თურქებს 3 გოლი გაუტანა, ბოლო 2 შეხვედრაში კი "ბარსელონას" ლიდერს 5 გოლი მოუგროვდა. მემფისის გარდა, გოლები დევი კლაასენმა (1), გუუს ტილმა (80), დონი მალენმა (90) გაიტანეს. თურქების მხრიდან პრესტიჟის გოლი ჩენგის უნდერის ანგარიშზეა, "მარსელის" შემტევმა თავი 90+2 წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, G ჯგუფში დაძაბული ვითარებაა, 1-2 ადგილებს ნიდერლანდები და ნორვეგია 13-13 ქულით იყოფენ (1. ნიდერლანდები, 2. ნორვეგია), თურქეთი 11 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

ნიდერლანდები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. თურქეთი იმავე რიცხვში ნორვეგიას უმასპინძლებს.


ნორვეგიამ საკუთარ მოედანზე გიბრალტარს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში 22-ე წუთზე კრისტიან თორსტვედტის გოლის წყალობით გახსნეს. 27-ე და 39-ე წუთებზე ერლინ ჰოლანმა 2 გოლი გაიტანა. სტუმრებმა 43-ე წუთზე რის სტიჩის გოლის მეშვეობით სხვაობა ორამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში თავისი გოლი ალექსანდრ სორლოტმაც (59 წუთი) გაიტანა, მატჩს წერტილი კი იმავე ჰოლანმა 90+1 წუთზე დაუსვა.

როგორც მოგახსენეთ, ნორვეგია G ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს. გიბრალტარს 0 ქულა აქვს და ლოგიკურ, ბოლო ადგილზე იმყოფება.

ნორვეგია მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. გიბრალტარი იმავე რიცხვში მონტენეგროს უმასპინძლებს.


კრიშტიანო რონალდოს გარეშე დარჩენილი პორტუგალია აზერბაიჯანს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში 5-წუთიან მონაკვეთში აზერბაიჯანელთა კარი 2-ჯერ აიღეს. გოლები ბერნარდო სილვამ (26) და ანდრე სილვამ (31) გაიტანეს. შეხვედრას საბოლოო წერტილი დიეგო ჟოტამ 75-ე წუთზე დაუსვა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ A ჯგუფს 13 ქულით პორტუგალია ლიდერობს. აზერბაიჯანს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.

პორტუგალია მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. აზერბაიჯანი ირლანდიას 9 ოქტომბერს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული