გაირკვა კონფერენს ლიგის ოცდათორმეტივე მონაწილე, რომლებიც კენჭისყრის შედეგად რვა ჯგუფში განაწილდებიან.
პირველად გავიდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები: "ალაშკერტი", "ლინკოლნი" და "ფლორა".
"ალაშკერტი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში "რეინჯერსთან" დამარცხდა (0:0, 0:1) და ასპარეზობას რანგით დაბალ ტურნირზე გააგრძელებს. ამ გუნდში 28 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე (იხ. ფოტო) თამაშობს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა (2013/14 და 2017 წლებში).
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "ლინკოლნმა" "რიგა", ხოლო "ფლორამ" "შემროკ როვერსი" დაამარცხა.