ჯემალ რევაზიჩი ვერ ისვენებს - დონეცკში ჩავიდა და კვაზი სახელმწიფოების ჩემპიონატის ჩატარება მოითხოვა

AutoSharing Option
ოკუპირებული ყირიმის ფეხბურთის აკადემიის საიტი იტყობინება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზი რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკში ჩავიდა და არა მარტო ჩავიდა, არამედ რაღაც კვაზი წარმონაქმნი სახელმწიფოების ჩემპიონატის ჩატარების იდეაც კი წამოაყენა.

ამხანაგ ჯემალ რევაზიჩის აზრით, "თანამეგობრობის" ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა რეგიონების გუნდებს შეუძლიათ.

ფორმატის არჩევისას გუბაზმა განაცხადა, რომ ტურნირი რუსეთის სტუდენტური ლიგის მსგავსად უნდა გაიმართოს, სადაც მონაწილენი ერთ ქალაქში იკრიბებიან და თამაშობენ. იდეას
მხარი დონეცკელებმა და ლუგანსკელებმა დაუჭირეს.

თუმცა მათ ოცნებას ცივი წყალი გადაასხა რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, რომელმაც თქვა, რომ ამ შეჯიბრების დონე გაურკვეველი იქნება, დაფინანსება შეუძლებელი, თან ამ რეგიონთა უმეტესობაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იდეა კარგია, მაგრამ პროპაგანდისტული ხასიათისაა და თუ რუსულმა გუნდებმა მასში მონაწილეობა მიიღეს, ფიფადან და უეფადან საერთოდ გარიცხავენ.