ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ბაიერნი"-"არსენალი", დეჟავუ... [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ორი მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. მადრიდში "რეალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და ორბურთიანი ფორით სძლია მეტოქეს - 3:1.

არადა, თამაში სტუმართათვის იდეალერად დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ მე-8 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მადრიდელთა მეკარე ნავასმა კარი დაკარგა და ლორენცო ინსინიეს შორი მანძილიდან, ტექნიკური დარტყმით გატანის საშუალება მისცა. მასპინძლებმა მალევე გაქვითეს ანგარიში, როდესაც კარვახალის ჩაწოდების შემდეგ ქარიმ ბენზემამ თავური დარტყმით შეარხია პეპე რეინას კარის ბადე - 1:1. ნეაპოლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყრუ დაცვაში არ ჩასხდნენ და ცდილობდნენ მეტოქის კართან
ხიფათის შექმნას, რაც პერიოდულად გამოსდიოდათ კიდეც.

მადრიდელებმა სათამაშო უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს და ეს გოლებშიც აისახა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი პასის შემდეგ კი ტონი კროოსმა ჩვეულ სტილში დაარტყა და ბურთი ნეაპოლელთა კარში ბილიარდის ბურთივით შეაგორა - 2:1. მადრიდელთა მესამე გოლი ბრწყინვალე გამოდგა - კაზემირომ დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და რეინა უშანსოდ დატოვა - 3:1.

დარჩენილ დროში გატანა შეეძლოთ როგორც ესპანელებს, ისე იტალიელებს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. "რეალმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა, მაგრამ წინ ნეაპოლური პაექრობაა და ბუნებრივია, რომ გარკვეულ, მცირე შანსს მაურიციო სარის შეგირდებიც ინარჩუნებენ. მით უმეტეს, "ნაპოლის" საკუთარ კედლებში არანორმალური მხარდაჭერა ექნება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არანაკლებ საინტერესო მატჩი შედგა მიუნხენში, სადაც "ბაიერნმა" "არსენალს" უმასპინძლა და გაანადგურა მეტოქე - 5:1. არადა, პირველი ტაიმი საყაიმო შედეგით დასრულდა, რადგან არიენ რობენის მიერ გატანილ გოლს ალექსის სანჩესმა უპასუხა. პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა და ბუნებრივია, რომ ეს ანგარიში სტუმრებს აძლევდათ ხელს.

მეორე ტაიმში, მიუნხენური გიგანტი დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯერ ლევანდოვსკიმ შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადე, შემდეგ კი ტიაგო ალკანტარას დრო დადგა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში; ბოლო გოლი კი მიულერის ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და ხუთიოდე წუთი დაჰყო მინდორზე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მიუნხენელებს დიდი სათამაშო უპურატესობა ჰქონდათ და ეს გოლებშიც ასახეს.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "ბაიერნმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ან გნებავთ, ფანტასტიკური არ მოხდა, გავა კიდეც მომდევნო ეტაპზე. რაც შეეხება "არსენალს", ეს გუნდი, თითქოს, ადგილზე გაიყინა და როგორც ჩანს, არსენ ვენგერის წასვლის დრო ახლოვდება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-არსენალი 5:1
გოლები: 1:0 რობენი (11), 1:1 ა. სანჩესი (30), 2:1 ლევანდოვსკი (53), 3:1 ტ. ალკანტარა (56), 4:1 ტ. ალკანტარა (63), 5:1 მიულერი (88)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი (88. რაფინია), ტ. ალკანტარა, დ. კოშტა (84. კიმიხი) - ლევანდოვსკი (86. მიულერი)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი (49. პაულისტა), გიბსი - კოკლენი (77. ჟირუ), ჯაკა - ივობი (66. უოლკოტი), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ა. სანჩესი
გამოუყენებელი პენალტი: ა. სანჩესი (30)
მაყურებელი: 75 000

რეალი-ნაპოლი 3:1
გოლები: 0:1 ინსინიე (8), 1:1 ბენზემა (18), 2:1 კროოსი (49), 3:1 კაზემირო (54)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი (71. პეპე), მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - რონალდო, ხამესი (76. ლ. ვასკესი), ბენზემა (82. მორატა)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (75. ალანი), დიავარა, ჰამშიკი (84. მილიკი) - ინსინიე, კალეხონი, მერტენსი
მაყურებელი: 85 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ლაშაჯან კაზეიმირომ 25 მეტრიდან კი არ გაისროლა დაარტყა, გეიგევი ავტორჯან
დათო
12:36 16-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული