ხარობს კატალონია და... დონბასი [+VIDEO]

AutoSharing Option
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, შეიძლებოდა, აქ მოზეიმე არსენალელების ფოტო გეხილათ - საჭირო იყო მხოლოდ სტუმართა დანიელ ფორვარდ ნიკლას ბენდტნერს ხეირიანად მიეღო ბურთი, შემდეგ კი კარში დარტყმა მოეხერხებინა და "ბარსელონას" ამხელა ჯაფა წყალში ჩაეყრებოდა. 2:3 მარცხზე შემდეგ ეტაპზე არსენ ვენგერის გუნდი გავიდოდა.

მაგრამ ბენდტნერმა ვერ გააჩერა, მასკერანომ კი თავი გაწირა და "ბარსაც" გადარჩა. "ბარსა", რომელმაც კლასში დაჩაგრა, პასებით "დაახრჩო" მეტოქე და  გმირულად მოთამაშე ალმუნიას კართან უამრავი მომენტი შექმნა.

ალბათ, მაინც საფეხბურთო სამართლიანობა მოითხოვდა, რომ გუნდი, რომელსაც მეტოქის კარისკენ დარტყმაც არ უცდია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ გავიდა. ერთადერთი გოლი კი, რომელიც "არსენალმა" გაიტანა, სერხიო ბუსკეტსის "ანგარიშზეა". ინგლისელებს ერთი ის ამართლებთ, რომ თითქმის ერთი ტაიმი 10 კაცით ითამაშეს (სასტვენის შემდეგ დარტყმისთვის მეორე ყვითელი ბარათი რობინ ვან პერსიმ მიიღო), არსენ ვენგერი კი კვლავ რჩება უტიტულო მწვრთნელად.

"ბარსელონამ" ლონდონში წაგებული სრულად ამოიღო და ერთიც დაამატა, რომ თამაში დამატებით ტაიმებში არ გადასულიყო, ორი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ მესის ორ გოლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩავის ერთი იყო. ჩავიმ 69-ე წუთზე 1:1-ზე გაიტანა, როცა "კამპ ნოუზე" დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო - "ბარსელონა" რიცხვმცირე მეტოქეს არბევდა, დანი ალვეში მარჯვენა ფლანგზე ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო (რას აკეთებდა კლიში საერთოდ გაუგებარია), ლიონელ მესი მაინცდამაინც დრიბლინგით აპირებდა კარში შესვლას, ხოლო დავიდ ვილიასთვის დაუძლეველ კედლად შეცვლაზე შესული ალმუნია იქცა.

და აი, ამ დროს გაიბრწყინა დუეტმა, რომელზეც მოდის "ბარსას" ჯადოქრობის დიდი წილი, ანდრეს ინიესტამ საჯარიმოში ჩავი მოძებნა და მანაც ფორვარდებს აჩვენა როგორ უნდა გოლის გატანა. მართალია, 2:1 საბოლოო გამარჯვების მომტანი ანგარიში არ იყო, მაგრამ სწორედ აქ მოკვდა "არსენალი", რომელსაც "გაცოცხლება" ერთხელ შეეძლო, თუმცა ის ეპიზოდი უკვე ზემოთ აღვწერეთ.

მეორე მატჩზე კი უკომენტაროდ, მხოლოდ ფაქტებს შემოგთავაზებთ - "შახტარმა" 3:0 (ორი მატჩის ჯამში 6:2) გაანადგურა იტალიური გრანდი "რომა", ისტორიაში პირველად გავიდა ლიგის მეოთხედფინალში და "კალჩოს" კიდევ ერთი სირცხვილი აგემა საერთაშორისო ასპარეზზე


ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ბარსელონა-არსენალი 3:1 (1:2)  [იხილეთ ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, აბიდალი, ადრიანო (90. მაქსველი) - ჩავი, მასკერანო (88. კეიტა), ინიესტა - პედრო, მესი, ვილია (82. აფელაი).
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი (19. ალმუნია) - სანია, ჯურუ, კოშელნი, კლიში - უილშირი, დიაბი - როსიცკი (73. არშავინი), ფაბრეგასი (78. ბენდტნერი), ნასრი - ვან პერსი.
გოლები: 1:0 მესი (45), 1:1 ბუსკეტსი (53 ს.კ.), 2:1 ჩავი (69), 3:1 მესი (71-პენ)
გაძევება: ვან პერსი (56)
მაყურებელი: 90 000
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: ბარსელონა
პირველი ჯარიმა: არსენალი
პირველი გაფრთხილება: არსენალი
19 (10) დარტყმა 0 (0)
8 ჯარიმა 19
5 კუთხური 2
0 გაფრთხილება 5
68% ბურთის ფლობა 32%


შახტარი-რომა 3:0 (2:3) [იხილეთ ვიდეო]
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰუბშმანი, მხითარიანი (67. ალექს ტეიშეირა) - დუგლას კოშტა (60. ედუარდო), ჟადსონი, ვილიანი - ლუიზ ადრიანო (75. მორენო).
რომა (4-4-2): დონი - ბურდისო, ჟუანი, მექსე, ი. რიისე - ტადეი (46. როსი), პისარო, დე როსი, პეროტა (86. კაპრარი) - ბორიელო, ვუჩინიჩი (65. ბრიგი).
გოლები: 1:0 ჰუბშმანი (18), 2:0 ვილიანი (58), 3:0 ედუარდო (87)
გაძევება: მექსე (41)
შენიშვნა: ბორიელომ ვერ გაიტანა პენალტი (28. მეკარე)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: ჰოვარდ უები (ინგლისი)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რომა
პირველი კუთხური: რომა
პირველი ჯარიმა: რომა
პირველი გაფრთხილება: რომა
11 (6) დარტყმა 9 (3)
18 ჯარიმა 14
7 კუთხური 4
2 გაფრთხილება 5
56% ბურთის ფლობა 44%.






.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, არბიტრს ბარსელონას მაისურა ეცვა გუშინ საღამოს!..
davide
11:40 09-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული