ბედის და ბურთის თამაში "ალიანს არენაზე"

AutoSharing Option
ასეთი მატჩები მეხსიერებიდან დიდხანს არ იშლება: "ალიანს არენაზე" გამართულ დრამატულ შეხვედრას ვგულისხმობთ. მოგეხსენებათ, მილანში "ბაიერნს" ჰქონდა მოგებული, მიუნხენში კი ბედმა ხან ერთს გაუღიმა, ხან მეორეს და საბოლოოდ სტუმრებს გაჰყვა მეოთხედფინალში. იქ რას იზამს, ეს უკვე სხვა საქმეა.

"ინტერმა" დამსახურებულად გაიმარკვა, "ბაიერნი" კი ცოდო იყო. მასპინძლებმა უხვად შექმნეს საგოლე მომენტები, განსაკუთრებით შესვენებამდე, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ყველა კარგი იყო: არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, თომას მიულერი, მარიო გომესი... ბევრჯერ გაჭრეს გამჭოლი პასით ცნობილი იტალიური დაცვა, ბევრჯერაც დრიბლინგით ივარგეს, მაგრამ ეს მოგებას არ ეყო.

კერკეტი კაკალი გამოდგა "ინტერი". გამოირჩეოდნენ ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი, სამუელ ეტო"ო... ანგარიში კამერუნელმა თამაშის დასაწყისშივე გახსნა. მართალია, მომენტი, ჩვენში რომ იტყვიან ცოტა "წაუოფსაიდებდა", მაგრამ მსაჯმა სხავაირად მიიჩნია და წონასწორობაც მალე აღდგა: ჟულიო სეზარმა რობენის დარტყმული ხელში ვერ დაიჭირა და გომესმა მას კარში მიუჩინა ადგილი. საფეხბურთო ჟარგონით ამაზე "მეკარემ ყლაპას" ამბობენ. ბარემ აქვე დავძინოთ, რომ სეზარს უცნაური თამაში ჰქონდა. "ყლაპვით ყლაპა", მაგრამ რამდენჯერმე კარგადაც მოიგერია.

"ბაიერნის" მეორე გოლშიც რობენმა შეიტანა წვლილი, ოღონდ მილანელი ლუსიო დაეხმარა: ჰოლანდიელი გომესს აწვდიდა, ლუსიომ კი ცუდად ჩაჭრა და მიულერს მიართვა.

შესვენების შემდეგ კი "ინტერმა" იყოჩაღა.

ვფიქრობთ, იტალიური გუნდის წისქვილზე წყალი იმანაც დაასხა, რომ 68-ე წუთზე რობენი გავიდა - როგორც ჩანს დაშავდა. ანგარიში საჯარიმოს მისადგომებიდან ოსტატური დაბალი დარტყმით სნეიდერმა გაქვითა, 88-ეზე კი ცოცხალი კომბინაციის შედეგად პანდევმა გამარჯვებისა შეაგდო. ამგვარად, შარშანდელ ფინალისტთა შეხვედრაში კვლავ "ინტერმა" გაიმარჯვა.

"ოლდ ტრეფორდზე" კი ჩიჩარიტოს იმავე ხავიერ ერნანდესის ორი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მარსელს" მოუგო. მართალია, შეხვედრის მიწურულს ფრანგულმა გუნდმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ.... ისიც იმიტომ, რომ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვეს ბრაუნმა საკუთარ კარში გაიტანა თავურით.

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ამ შეხვედრაში ცუდი ის მოხდა, რომ ჯერ ჯონ ო"შიმ იტკინა ფეხი, მერე კი მისმა შემცვლელმა რაფაელმა. სავარაუდოდ ორივეს ორთავა კუნთი გაეჭიმა.

ყურადსაღებია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის ბომბარდირის დიმიტარ ბერბატოვის თამაშს მოედანზე კვლავ ჩიჩარიტოს გაყვანა ამჯობინა და, როგორც ნახეთ არ შემცდარა - მექსიკელმა გაუმართლა.


ბაიერნი-ინტერი 2:3 [იხილეთ ვიდეო]
ბაიერნი: კრაფტი - ლამი, ბრენო (90. კროოსი), ვან ბუიტენი (70. ბადშტუბერი), პრანიჩი - რობენი (68. ალტინტოპი), გუსტავო, შვაინშტაიგერი, რიბერი - მიულერი, გომესი.
ინტერი: ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, ლუსიო, კივუ (87. ნაგატომო) - სტანკოვიჩი (51. კოუტინიო), მოტა, სნეიდერი, კამბიასო - პანდევი (90. ხარჯა), ეტო"ო.
გოლები: 0:1 ეტო"ო (3), 1:1 გომესი (21), 2:1 მიულერი (31), 2:2 სნეიდერი (63), 2:3 პანდევი (88)
მაყურებელი: 69 000
არბიტრი: პედრო პროენჩა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბაიერნი
პირველი კუთხური: ბაიერნი
პირველი ჯარიმა: ინტერი
პირველი გაფრთხილება: ბაიერნი
17 (8) დარტყმა 15 (3)
17 ჯარიმა 19
7 კუთხური 3
2 გაფრთხილება 4
47% ბურთის ფლობა 53%


მანჩესტერ იუნაიტედი-მარსელი 2:1 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი - ო"ში (36. რაფაელი, 70. ფაბიო), ბრაუნი, სმოლინგი, ევრა - ნანი (62. ვალენსია), სქოულზი, ქერიკი, გიგზი - ერნანდესი, რუნი.
მარსელი: მანდანდა - ფანი, ჰაინცე, დიავარა, ტაივო - ლუჩო გონსალესი, მ"ბია (80. ჟ. აიეუ), შეირუ - რემი, ა. აიეუ, ჟინიაკი (69. ვალბუენა)
გოლები: 1:0 ერნანდესი (5), 2:0 ერნანდესი (75), 2:1 ბრაუნი (82 ს.კ.)
მაყურებელი: 73 996
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: მანჩესტერი
პირველი ჯარიმა: მანჩესტერი
პირველი გაფრთხილება: ერნანდესი (მანჩესტერი)
9 (7) დარტყმა 11 (3)
12 ჯარიმა 15
6 კუთხური 6
1 გაფრთხილება 2
54% ბურთის ფლობა 46%


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული