"ბარსელონამ" "შახტარი" არ დაინდო

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "შახტარი" დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

უკვე მატჩის მესამე წუთზე კატალონიელები ინიესტას გოლით წინ გავიდნენ და მას შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. შესვენებამდე დანი ალვეშმა ანგარიში 2:0 გახადა, მეორე ტაიმში პიკემ, კეიტამ და ჩავიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. ამ ყველაფერს "შახტარმა" მხოლოდ რაკიცკის პრესტიჟის გოლით უპასუხა.

შეიძლება თქმა, რომ ამ გამარჯვებამ "ბარსელონა" ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც მას ასევე დიდი ალბათობით მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდება, რომელმაც "ტოტენჰემი" 4:0 დაამარცხა.

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის,
მირჩა ლუჩესკუს სიტყვებს არ დაეთანხმა, რომელმაც თქვა, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია.

"არ დაუჯეროთ ლუჩესკუს, როდესაც ამბობს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. გეუბნებით: ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენ "ბეტისს" ესპანეთის თასზე 5:0 მოვუგეთ, შემდეგ კი 1:3 დავმარცხდით. მაშინ ყველას გაფრთხილებდით, მაგრამ ზედმეტ თავმდაბლობაში დამადანაშაულეს. ერიკ აბიდალის და კარლეს პუიოლის არყოფნის გამო დაცვაში მცირეოდენი პრობლემები გვაქვს, მნიშვნელოვანი სწრაფი ფეხბურთელები გვაკლია და ეს დანაკლისი სხვა თვისებებით უნდა ავინაზღაუროთ. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იმყოფებიან, ძალიან ამტანები არიან. მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა.

უკვე სამი თამაშია მესი მატჩის ბედზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს, ამასთან გოლის გატანის გარეშე. თავიდან იყო შეხვედრა "რეალთან", შემდეგ "ესპანიოლთან", ახლა კი ეს. მას გამარჯვების მიღწევა სხვადასხვა გზებით შეუძლია", - თქვა გვარდიოლამ.

"შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ ხაზი გაუსვა, რომ ნახევარფინალში გასვლა შეიძლება დაივიწყონ, მაგრამ უბრძოლველად არდანებების პირობა დადო და საპასუხო მატჩში 12 აპრილს, დონეცკელ გულშემატკივრებს "დონბას არენაზე" გახარებას დაპირდა.

"ვფიქრობ, ანგარიში 5:1 მოედანზე მომხდარს ვერ ასახავს. ამას არ ველოდით. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც გაცილებით უკეთესი თამაში შეუძლია. გადავწყვიტე, დაცვაში არ ჩავკეტილიყავით და შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა. საგოლე მომენტი შევქმენით და ხელიდან გავუშვით, მეტოქემ კი მაშინვე ანდრეს ინიესტას გოლით გვიპასუხა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

თამაშის შემობრუნებას ვცდილობდით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. "ბარსელონამ" პირიქით, იცოდა, როგორ აეძულებინა მცველები შეცდომები დაეშვათ. მიმაჩნია, რომ ამ დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილია - "ბარსელონა" ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ საფეხბურთო მანქანასთან დავმარცხდით, რომელმაც იცის, საპასუხო შეხვედრაში ანგარიში როგორ შეინარჩუნოს", - თქვა მირჩა ლუჩესკუმ.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული