უნდა ვაღიაროთ, რომ საგაზაფხულო "კლასიკოების" 4 სერიიდან (17 დღეში!) გაცილებით მეტს ველოდით - არა, "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებებს სკანდალი და დაძაბულობა
განსაკუთრებით დიდი იმედგაცრუება წუხელ გველოდა - "რეალი" თითქმის განწირული იყო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის წინ, მწვრთნელისა და ორი მოწინავე ფეხბურთელის გარეშე "სამეფო კლუბს" 0:2 წაგების აღმოფხვრა ნაკლებად ხელეწიფებოდა.
ბრძოლა არც ამ თამაშს დაკლებია, თუმცა ორი მიზეზის გამო ის ნაკლებად ჰგავდა საფეხბურთოს - პირველი კოკისპირული წვიმაა, რომელმაც "კამპ ნოუს" მინდორი ერთ დიდ გუბედ აქცია, მეორე კი ფეხბურთელთა ზღვარსგადასული უხეშობაა, განსაკუთრებით კი სტუმართა მხრიდან. წარმოიდგინეთ, "რეალი" 31-ჯერ დაჯარიმდა თამაშის მსვლელობისას ანუ ყოველ 2,9 წუთში ერთხელ! თამაში კი ყოველ 2,1 წუთში ერთხელ ჩერდებოდა ("ბარსაც" ხომ ჯარიმდებოდა).
და მაინც, ყველაფერი სულ სხვაგვარად შეიძლება განვითარებულიყო, ფრანკ დე ბლეეკერეს 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გოლი რომ ჩაეთვალა, ბელგიელმა არბიტრმა ბოლო პასის გამკეთებელი კრიშტიანო რონალდო დააჯარიმა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - უეფას ოფიციალური საიტის მიმოხილვაში ეს ეპიზოდი საერთოდ არ მოხვდა, ხოლო "ცოცხალ" კომენტარში წაიკითხავთ: "47-ე წუთი: რონალდო ჯარიმდება მასკერანოსთან ორთაბრძოლაში".
სულ მალე კი ყველაფერი გადაწყდა - 54-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ დიდებული პასი მისცა პედროს და ამ უკანასკნელმაც დააწინაურა "ბარსელონა". ისედაც განწირული "რეალი" 3 გოლს, რომ ვერ გაიტანდა, ცხადი იყო, თუმცა ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელები არ დანებდნენ და ათ წუთში გათანაბრება შეძლეს - დი მარიამ ძელს გაარტყა ბურთი, უკან გამოვარდნილი ისევ თავად ჩაიგდო და მარსელოს გაატანინა - 1:1. "ბარსელონა" ფინალშია - 28 მაისს "უემბლიზე" ითამაშებს, მისი მეტოქე დღეს გაირკვევა, თუმცა დიდი ალბათობით, ის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედია".
ისე, კაცმა რომ თქვას, გაზაფხულის 4 "კლასიკოდან" გუნდებმა თითო მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, თუმცა ცხადზე უცხადესია, რომ "ბარსელონა" გამარჯვებული გამოვიდა ამ სერიალიდან - ჩემპიონატში მანამდე თითქმის მოგებული, ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვა, ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო "რეალი", რომელსაც მხოლოდ ქვეყნის თასი "დაუთმო".
საინტერესო ფაქტი: ლეო მესის წინააღმდეგ წუხელ 11-ჯერ დაჯარიმდნენ. ლასანა დიარამ კი 8-ჯერ დაარღვია სულ თამაშის წესი.
ქვესათაურში ოთხი ადამიანის სახელი გამოვიტანეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, 4 "კლასიკოს" 4 გმირია (ქრონოლოგიურად): პირველში მართლაც საუცხოოდ ითამაშა პეპემ, მეორე "რეალმა" ჟოზეს გამართული ტაქტიკით მოიგო, მესამე - მესი უკომენტაროდ და ბოლოს - აბიდალი. ამასთან, პირველმა ორმა გმირმა მერედამერე ანტიგმირობაც მოასწრო.
ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა (ესპანეთი)-რეალი (ესპანეთი) 1:1 (2:0)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი (90. აბიდალი) - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია (74. კეიტა), მესი, პედრო (92. აფელაი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რიკარდო კარვალიო, ალბიოლი, მარსელო - ლ. დიარა, ჩაბი ალონსო - რონალდო, კაკა (60. იოზილი), დი მარია - იგუაინი (55. ადებაიორი).
გოლები: 1:0 პედრო (54), 1:1 მარსელო (64)
მაყურებელი: 95 000
არბიტრი: ფ. დე ბლეეკერე (ბელგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: ბარსელონა
პირველი ჯარიმა: რეალი
პირველი გაფრთხილება: რეალი
11 (6) დარტყმა 3 (1)
10 ჯარიმა 31
3 კუთხური 2
1 გაფრთხილება 5
64% ბურთის ფლობა 36%