არადა, ვერ ვიტყვით, რომ "დაჩიას" უხეირო ვებგვერდი აქვს. პირიქით, საიტი საკმაოდ ინფორმაციულია და კლუბის წარსულისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ამომწურავ ცნობებს გვაწვდის. დაწვრილებითაა მიმოხილული "ზესტაფონი" და თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ზესტაფონის სტადიონი, რომელიც კლუბის აწ განსვენებული ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დავით აბაშიძის
რაკი "დაჩიას" ბოლო მატჩებზე კლუბის საიტი არაფერს წერს, მოდი, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციებს გადავავლოთ თვალი და სხვა მოლდოვურ საიტებზე განთავსებულ ცნობებზეც ვიმსჯელოთ. დაგვერწმუნეთ, თვალში არაერთი საინტერესო დეტალი გეცემათ.
უპირველესად, "დაჩიას" ინტერნეტგვერდზე კლუბის ხელმძღვანელთა ვინაობას გადავავლოთ თვალი. მათ შორის, ბუნებრივია, მოლდოველებიც არიან, თუმცა ყურადღებას კავკასიური ჟღერადობის გვარი იქცევს. კლუბის პრეზიდენტია 37 წლის რუსტამ პოლონკოევი, სპორტული დირექტორი კი - 35 წლის მუჰაჯირ პოლონკოევი. მოქალაქეობის გრაფაში ორივეს რუსეთი აქვს მითითებული. გადავხედეთ მოლდოვურ საფეხბურთო ფორუმებს, სადაც წერენ, რომ პოლონკოევები უახლოესი ნათესავები არიან, ეროვნებით ინგუშები. ასევე ინგუში ყოფილა "დაჩიას" ყოფილი პრეზიდენტი თემურ ქურიევი. ეს უკანასკნელი კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია - "დაჩია" 1999 წელს შეიქმნა.
"დაჩიას" გაჩემპიონება მოლდოვურ საფეხბურთო სამყაროში დიდ სენსაციად მოინათლა. როგორც იცით, მანამდე იქაურ ფეხბურთში ტირასპოლის "შერიფი" დომინირებდა, რომელიც ზედიზედ ათჯერ გაჩემპიონდა, ამას გარდა, ორჯერ გავიდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და რა გასაკვირია, რომ სეპარატისტული მხარის კლუბის ამხელა წარმატებები დედაქალაქში ძალიან აღიზიანებდათ.
ბოლო წლებში "დაჩია" დნესტრისპირელთა ყველაზე გამორჩეული კონკურენტი იყო, თუმცა არც ისე ძლიერი, მისი ჰეგემონიისთვის რეალური საფრთხე რომ შეექმნა. კიშინიოველთა გაჩემპიონება კი მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ არც "შერიფი" დაბეჩავებულა და არც "დაჩიას" განუხორციელებია სუპერტრანსფერები.
ყოველივე ამან ქომაგებსა და ჟურნალისტებში დიდი ეჭვი გააჩინა და ბევრი ისეთი მატჩიც "ამოქექეს", რომლებიც "დაჩიამ" ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მოიგო, მაშინ, როცა "შერიფს" არადნესტრისპირულმა კლუბებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულებიც გვარიანად დააკარგვინეს. ძნელია იმის დამტკიცება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობა არ არის, მაგრამ გვარიან ეჭვებს რომ აღძრავს, ფაქტია.
მოლდოველი ჟურნალისტის კითხვაზე, დალიეთ თუ არა შამპანური "დაჩიას" საჩემპიონო თასიდანო, ერთ-ერთი მოლდოვური კლუბის პრეზიდენტმა გაღიზიანებულმა მიუგო, ვისი რა საქმეა, მე საიდან რას დავლევო...
P.S. "დაჩიას" განცხადება
ძვირფასო გულშემატკივრებო და მოლდოვური მასმედიის წარმომადგენლებო:
გაცნობებთ, რომ "დაჩიასა" და "ზიმბრუს" საკონტროლო მატჩი ჩვენი კლუბის თხოვნით, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ახლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისთვის ვემზადებით, რომლის ფარგლებშიც გავმართავთ როგორც ღია, ასევე დახურულ თამაშებს. ეს ერთადერთი მიზნით კეთდება - მაქსიმალური წარმატებით წარმოვადგინოთ მოლდოვა საერთაშირისო არენაზე.
მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ თქვენთვის გახსნილები ვიყავით. "დაჩია" და მასმედია მუდამ წარმატებით თანამშრომლობენ, ყოველთვის გეხმარებით მატჩების ტრანსლაციაში, შეკრებებისა თუ მატჩების გაშუქებაში.
მოგმართავთ ურთიერთგაგების იმედით. გვერწმუნეთ, თამაშების დახურვა მედიისთვის ინფორმაციის დამალვას კი არა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაშს უკავშირდება. გვესმის თქვენი უკმაყოფილება, მაგრამ გთხოვთ, ჩვენი პოზიციაც გაიზიაროთ. დარწმუნებულები ვართ, "დაჩია" და მასმედია მოლდოვური ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლოდაც წარმატებით ითანამშრომლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"