"ზესტაფონი"-"შტურმი" ავსტრიელთა ტელევიზორებში, ჩვენ?

AutoSharing Option
თავდაპირველი ინფორმაციით, 26 ივლისს "ზესტაფონისა" და "შტურმის" მატჩი თბილისის დროით საღამოს 9 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი ავსტრიისას ეროვნულ სტადიონზე 8 საათზე უმასპინძლებს.

საათის შეცვლა სატელევიზიო ტრანსლირებასთანაა დაკავშირებული. საქმე ის არის, რომ შედგა შეთანხმება "ზესტაფონსა" და ერთ-ერთ ავსტრიულ ტელეარხს შორის, რომლისთვისაც მისაღები სწორედ 8 საათი იყო. სავარაუდოდ, ავსტრიელები თბილისში საკუთარ რეჟისორებსა და ოპერატორებს ჩამოიყვანენ და პირდაპირ ტელერეპორტაჟს ორგანიზებას თავად გაუწევენ.

ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, იხილავს თუ არა ამ მატჩს ქართველი ტელემაყურებელი. სამწუხაროდ, თამაშის წინა დღეს ამაზე პასუხი
ჯერაც არ გვაქვს. 20 საათზე, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბეა", რომლის დაწყების დროსაც, ფაქტობრივად, არასდროს ცვლიან. სწორედ ამ მიზეზით ვერ აჩვენა პირველმა არხმა "ზესტაფონი"-"დაჩია", თუმცა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მეორე არხიც აქვს და თუ ამ არხზე "დინამო"-"ლანელი" გაუშვეს, რატომ ვერ უნდა მოხერხდეს საქართველოს ჩემპიონის თამაშის ჩვენება?

თუმცა "ზესტაფონი"-"შტურმის" რეპორტაჟი უკვე ავსტრიელთა კუთვნილებაა და თუ რომელიმე ქართული არხი მის ჩვენებას მოისურვებს, სწორედ მათ უნდა მიმართოს. ისე კი, საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა, სხვა ტელეარხებიცაა და საინტერესოა, რომელიმე მათგანი თუ გამოთქვამს ჩემპიონთა ლიგის გადაცემის სურვილს.

რაც შეეხება სტადიონზე მიმსვლელებს, მატჩის ბილეთების დიდი ნაწილი 5 ლარი ღირს და მათ მფლობელებს დასხდომა დასავლეთ ტრიბუნის გარდა ნებისმიერ ადგილზე შეეძლებათ. დასავლეთზე მოხვედრა კი შედარებით ძვირია.

კლუბის ხელმძღვანელობამ ზესტაფონელი ქომაგების თბილისში ჩამოსაყვანად და უკან დასაბრუნებლად რამდენიმე ავტობუსი გამოყო და გამორიცხული არც ის არის, გულშემატკივრებს ზესტაფონი-თბილისისა და უკუმიმართულებით სპეციალური უფასო მატარებელიც მოემსახუროს.

რაც შეეხება დღევანდელი, 25 ივლისის დღის განრიგს, საღამოს 7-ის ნახევარზე ეროვნულ სტადიონზე "შტურმის" მთავარი მწვრთნელის, ფრანკო ფოდას პრესკონფერენცია დაიწყება, 15 წუთში კი მედიის წინაშე მისი ქართველი კოლეგა გია გეგუჩაძე წარდგება. 19 საათზე "შტურმის" ვარჯიშია დანიშნული, 20 საათსა და 15 წუთზე კი - "ზესტაფონისა".

საბედნიეროდ, კიშინიოვში დაშავებული გიორგი ხიდეშელის მდგომარეობა არცთუ მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იგი ხვალ ვერ ითამაშებს. დისკვალიფიცირებულია თემურ ღონღაძე, დანარჩენები კი თავს კარგად გრძნობენ. ხიდეშელი დაცვის ცენტრში, წესით, მამუკა კობახიძემ უნდა შეცვალოს, ხოლო ღონღაძე - კახა ალადაშვილმა.

"შტურმის" ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ, რომ გუნდს გრაციდან რამდენიმე ათეული გულშემატკივარი მოჰყვება. ავსტრიული დელეგაცია თბილისში დღეს, 25 ივლისს ჩამოფრინდება.

მატჩს ბერძენი ანასტასიოს კაკოსი განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ესღა გვაკლდა ფეხბურთსაც აგარ გვაყურებინებთ? შოკირლბული ვარ.
bondo
17:30 25-07-2011
0
parma, ყველა თბილისში არ ვცხოვრობთ, მეგობარო :)) 10 საათზე თბილისიდან ქარელისკენ აღარაფერი გადის, სამწუხაროდ. ისე, იმედი მაქვს, სადმე ინტერნეტში ვიპოვი პირდაპირ რეპორტაჟს. დაჩიასთან თამაშსაც რომელიღაცა ტოტალიყატორის საიტზე ვუყურე.
Giorgipirweli
15:33 25-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული