ამბავი შურისძიებისა

AutoSharing Option
ჯგუფი E
ლევერკუზენი-ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 დროგბა (49), 1:1 დერდიოკი (73), 2:1 ფრიდრიხი (90)
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (5-9); ბურთის ფლობა: 51%-49%

ლევერკუზენში "ჩელსის" დამარცხება ალბათ მაინც მოულოდნელი იყო, მით უფრო, რომ ანგარიში სწორედ ლონდონელებმა გახსნეს.

ამ გამარჯვებით რობინ დუტის გუნდმა ჯგუფის ლიდერობასთან ერთად პლეი ოფის საგზურიც იგდო ხელთ. მატჩის პირველი 30 წუთი მოსაწყენი გამოდგა.

გუნდებს კარში დარტყმის მცდელობაც კი არ ჰქონიათ. ვინ იქნებოდა პირველი თუ არა დიდიე დროგბა?! როგორც ჩვენში იტყვიან, "ბაი არენაზე" სწორედ კოტდივუარელმა
"გახსნა სეზონი". თუმცა ამას გუნდების გააქტიურება არ მოჰყოლია. სახიფათო მომენტი ძველებურად იშვიათი სანახავი იყო.

მასპინძელთა მხრიდან პირველად ხელი იმან გამოიღო, ვისთვისაც ეს შეხვედრა ყველაზე პრინციპული იყო - მიხაელ ბალაკმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ხარიხას გაარტყა. ევროთასებზე მეასე შეხვედრა ბალამ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჩაატარა.

48-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: დროგბამ მანუელ ფრიდრიხი და ემერი ტოპრაკი იოლად ჩამოიცილა და ისე გაიტანა. "ლევერკუზენი" მალე გააქტიურდა. გერმანელებმა "ჩელსი" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს. ბალაკმა ორჯერ გაუშვა, გაანიავა ხელსაყრელი შანსი. ორჯერვე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა პეტრ ჩეხი. 73-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. სიდნი სამის პასი ერენ რერდიოკმა დააგვირგვინა. მატჩის ბოლო წამებზე კი კუთხურის გათამაშებას ფრიდრიხი გამოეხმაურა, ალექსს აჯობა და გამარჯვებისა გაიტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი
: მიხაელ ბალაკი

ვალენსია-გენკი 7:0

გოლები: 1:0 ჟონასი (10), 2:0 სოლდადო (13), 3:0 სოლდადო (36), 4:0 სოლდადო (39), 5:0 პ. ერნანდესი (68), 6:0 ადურისი (70), 7:0 კოსტა (81)
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-8 (17-4); ბურთის ფლობა: 62%-38%

რობერტო სოლდადო კარგი ჯარისკაცია. მისი გვარი ესპანურად სწორედ ამას ნიშნავს. "ღამურებს" ის "გენკთან" შეხვედრაში ჰეთთრიკით შეეწია. ვალენსიელთა გამარჯვებას ტოტალიზატორებიც ელოდნენ, მაგრამ ამხელა ანგარიშს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.

პლეი ოფში გასასვლელად ახლა ესპანელებს ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევთ - 6 დეკემბერს "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" უნდა მოუგონ. შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. მათ რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს დიეგო ალვესის კართან. ამ ფონზე ჟონასის გოლი მე-10 წუთზე კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა. "მესტალიას" ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ სოლდადომ გაიტანა. "ვალენსიამ" ტემპს კიდევ უფრო მოუმატა.

მათ მეტოქის გასრესვა დებიუტშივე მოინდომეს. ორჯერ გააფუჭა კარგი მომენტი კოსტამ. მას წინ მეკარე ლასლო კეტელეში აღუდგა. 36-ეზე დუბლი შეასრულა სოლდადომ, ვისთვისაც ეს მეოთხე გოლი აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში. ზუსტად 3 წუთში კი მან მესამეც შეაგდო. ახლა ის მარიო გომესსა და ლიონელ მესის ერთი ბურთით ჩამორჩება, მაგრამ მათი გუნდები უკვე გავიდნენ პლეი ოფში, რას იზამს "ჯარისკაცი", ამას მოგვიანებით ვნახავთ. "ვალენსიამ" შეტევები მეორე ტაიმშიც განაგრძო და საბოლოოდ რამდენი გაიტანა, ამას ტექნიკური შედეგებიდან შეიტყობდით.

საუკეთესო ფეხბურთელი
: რობერტო სოლდადო

ბოლო ტური:
6 დეკემბერი
ჩელსი-ვალენსია
გენკი-ლევერკუზენი

ჯგუფი F
არსენალი-ბორუსია 2:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (50), 2:0 ვან პერსი (86) 2:1 კაგავა (90)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 4-9 (3-4); ბურთის ფლობა: 58%-42%

გენიალურმა ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმ "დორტმუნდს" მეორე ტაიმში დუბლი შეუსრულა და "არსენალს" პლეი ოფის საგზური დაუბევა. დიდებულად ითამაშა ალექს სონგმაც, რომელმაც გარდა იმისა, რომ დიდი სამუშაო შეასრულა, ხშირად დრიბლინგსაც არ ერიდებოდა და გზად ვისაც ხვდებოდა ყველას ატყუებდა.

მატჩი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. პირველი მომენტი რობერტ ლევანდოვსკიმ შექმნა, მაგრამ მან თანამემამულე ვოიცეხ შჩესნის ვერ აჯობა. პირველი 15 წუთის განმავლობაში ვესტფალიელები უკეთ გამოიყურებოდნენ, რასაც "ემირეიტსი" გამაყრუებელი სტვენით აპროტესტებდა.

იურგენ კლოპს 3 წუთის ინტერვალით 2 ლიდერის სვენ ბენდერისა და მარიო გიოტცეს გამოცვლა მოუხდა, რამაც "ბორუსიაზე" დამღუპველი გავლენა იქონია. მეორე ნახევარი სტუმართა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით დაიწყო. კაგავა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ შჩესნის ვერაფერი დააკლო. 50-ე წუთზე სონგმა მარცხენა ფლანგზე სამ მეტოქეს დაახვია თავბრუ და უზუსტესი პასი გაუკეთა ვან პერსის, ვინც მაღალ ნახტომში შესწვდა ბურთს და ვაიდენფელერს აუღებელი დაურტყა.

აქედან მოყოლებული "დორტმუნდი" დაიბნა. "არსენალმა" სრული უპირატესობა იგდო ხელთ. 86-ე წუთზე ვერმაელენმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვან პერსის გადააწოდა. ჰოლანდიელმა ახლო მანძილიდან მეორედ გაიტანა. შეხვედრას წერტილი კაგავამ დაუსვა. სასწაული თუ არ მოხდა, გერმანიის ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი
: რობინ ვან პერსი

მარსელი-ოლიმპიაკოსი 0:1
გოლები: 0:1 ფეტფატციდისი (82)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10-8 (3-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 42 000

შეცვლაზე შესული იანის ფეტფატციდისის გოლმა "მარსელი" ბეჭებზე დასცა, რისი წყალობითაც ბერძნული კლუბი მესამე ადგილზე აღზევდა და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს. არადა, მოგების შემთხვევაში დიდიე დეშამის გუნდს ვადამდე შეეძლო ჯგუფში სიტუაციის საბოლოოდ "დალაგება", რადგან ფრანგები მეორე ადგილს ინაღდებდნენ.

მიზნის მისაღწევად პროვანსელები შემტევი შემადგენლობით გამოვიდნენ "ველოდრომის" მინდორზე. წინა ხაზზე გამწესებული ლოიკ რემისა და ჟორდან აიუს გარდა შეტევის დახმარება მატიე ვალბუენასა და ანდრე აიუს ევალებოდათ. სტუმრებმა პირიქით, ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს - თავდასხმაში მხოლოდ რაფიკ ჯებური ირჯებოდა, მის უკან კი დავიდ ფუსტერი მოქმედებდა. პირველ ნახევარში რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს ლოიკ რემიმ და ხოსე ოლებასამ.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს. გატანა ვალბუენას შეეძლო. ანგარიშის გახსნა შეეძლო მეკარესთან პირისპირ დარჩენილ კევინ მირალიაშსაც, მაგრამ ფანტასტიკურად ითამაშა სტივ მანდანდამ. გოლი 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულთა აქტიურობას მოჰყვა: იესტეს დარტყმულს მანდანდა აღუდგა, მაგრამ ფეტფატციდისის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. დარჩენილი 8 წუთი "ოლიმპიაკოსი" თავდადებით იცავდა საკუთარ კარს, რაც მოახერხა კიდეც.

საუკეთესო ფეხბურთელი
: კევინ მირალიაში

ბოლო ტური:
6 დეკემბერი
ოლიმპიაკოსი-არსენალი
ბორუსია-მარსელი

ჯგუფი G
ზენიტი-აპოელ 0:0
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21-5 (9-2); ბურთის ფლობა: 63%-37%

აპოელ-მა ისტორია დაწერა. იმას, რომ ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულის და ორი ყველაზე მდიდარი აღმოსავლეთევროპული კლუბის კამპანიაში გუნდი ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იქნებოდა და პლეი ოფის საგზურს გაინაღდებდა, ყველაზე თამამ ოცნებებში ალბათ გუნდის სერბი დამრიგებელი ივან იოვანოვიჩიც ვერ წარმოიდგენდა.

მასპინძლებს 90 წუთის განმავლობაში უზარმაზარი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ. შეგიძლიათ კარში დარტყმების სტატისტიკასაც გადახედოთ. მილიონერმა პეტერბურგელებმა კარის მიმართულებით 21-ჯერ დაარტყეს, აქედან კარში 9 წავიდა, მაგრამ რაფაელ პარდოს კარის აღება მაინც ვერ შეძლეს. ხან ესპანელი მეკარე თამაშობდა დიდებულად, ხანაც მას მცველები აზღვევდნენ, როგორც ეს მაგალითად 72-ე წუთზე მოხდა, როცა ცარიელი კარიდან ბურთი რაფაელ ოლივეირამ გამოიტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი: რაფაელ პარდო

შახტარი-პორტუ 0:2
გოლები: 0:1 ჰალკი (80), 0:2 რაცი (90 ს.კ.)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-15 (8-9); ბურთის ფლობა: 61%-39%

რითი შეიძლება ავხსნათ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი მეოთხედფინალისტის დონეცკის "შახტარის" წლევანდელი ჩავარდნა არც კი ვიცით. უკრაინელებმა სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების უკანასკნელი შანსი გაუშვეს ხელიდან. მირჩა ლუჩესკუს გუნდს ევროპის ლიგაზე გასვლის შანსიც აღარ აქვს.

დონეცკელებმა მატჩის დაწყებამდე "პეტროვსკიზე" გამართული შეხვედრის შედეგი და ის, თუ რა ელოდათ წაგების შემთხვევაში, მშვენივრად იცოდნენ. დონბასური დაპირისპირების ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა. ჯერ იყო და მოუტინიოს 40-მეტრიანი პასით ჰალკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი რაცმა მეტოქეს წამით დაასწრო ბურთზე თამაში და თავის კარში გაიტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი: ჰალკი

ბოლო ტური:
6 დეკემბერი
პორტუ-ზენიტი
აპოელი-შახტარი

ჯგუფი H
მილანი-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 ვან ბომელი (14), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 1:2 მესი (31-პენ.), 2:2 ბოატენგი (54), 2:3 ჩავი (63).
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 8-13 (3-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 85 000

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებმა ჯგუფიდან გასვლა ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდეს, მათმა დაპირისპირებამ მაინც დიდი ყურადღება მიიპყრო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს ლიგის ორი ფავორიტი ხვდებოდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. კატალონიელები აუღელვებლად უმკლავდებოდნენ მათ იერიშებს. მე-14 წუთზე ანგარიში გაიხსნა. მესიმ აბიდალს მშვენიერი პასი გაუკეთა.

ფრანგის გამჭოლ გადაცემას ის იყო ჩავი უნდა დახვედროდა, რომ მას ყოფილმა თანაგუნდელმა მარკ ვან ბომელმა დაასწრო და თავისი კარები დალაშქრა. გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს - ჯერ ფაბრეგასმა გაარტყა ხარიხას, შემდეგ კი 100%-იანი მომენტი გააფუჭა რობინიომ. თუკი ვან ბომელმა ყოფილ გუნდს სამსახური გაუწია, კიდევ ერთმა ექსბარსელონელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზეედორფის პასით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. "მილანი" მალე ისევ ჩამორჩა.

დაცვაში აკვილანის უყურადღებო თამაში "როსონერის" პენალტად დაუჯდა, მესის - ყვითელ ბარათად, რადგან პირველი დარტყმისას არგენტინელმა აბიატი აკრძალული მეთოდით მოატყუა, გააკეთა რა ხანგრძლივი პაუზა.

მეორე ცდამ მშვიდად ჩაიარა - 1:2. 54-ე წუთზე კევინ-პრინს ბოატენგმა მაყურებელს შედევრი შესთავაზა. ჰაერში საკმაოდ მაღლა ამხტარმა ცალი ფეხით ბურთი ჩამოიღო, მიწაზე დაშვებულმა ის აბიდალს შემოატარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვალდესს ახლო კუთხეში ყუმბარისებურად დაურტყა. მაგრამ ეს არ იყო ბოლო წერტილი ამ შეხვედრაში. 9 წუთში ისევ და ისევ მესიმ ჩავი 4 მილანელს შორის დაინახა და აბიატისთან ერთი ერთზე დატოვა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო - 2:3.

საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი

ბატე-ვიქტორია 0:1

გოლი: 0:1 ბაკოში (42).
კუთხური: 7-11; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-14 (5-8); ბურთის ფლობა: 60%-40%

რა შეიძლება ითქვას ტურის ყველაზე ნაკლებად დამაინტრიგებელ შეხვედრაზე? პლზენის "ვიქტორიამ" მარეკ ბაკოშის ერთადერთი გოლის წყალობით პრაქტიკულად გაინაღდა ევროპის ლიგის საგზური.

პრაქტიკულად იმიტომ, რომ ბატე-ს შეუძლია "კამპ ნოუზე" სამი ქულის აღება და ჩეხების გადასწრება. თქვენი ნებარვით ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვას ამ ზღაპრულ ნოტზე დავასრულებთ.

საუკეთესო ფეხბურთელი: მილან პერტჟელა

ბოლო ტური:
6 დეკემბერი
ბარსელონა-ბატე
ვიქტორია-მილანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული