და იცით, მანჩესტერელებს რა გაახსენდათ? 2008 წლის უეფას თასის ფინალი, რომელიც "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" ქალაქურად კი ისტლენდზე გაიმართა. იმ ფინალში ერთმანეთს "რეინჯერსი" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" შეხვდნენ. "ზენიტმა" 2:0 მოიგო, ხოლო გავეშებულმა გლაზგოელმა ქომაგებმა მატჩის შემდეგ მანჩესტერელ პოლიციელებთან იჩხუბეს. ერთ
საინტერესო ფაქტია: უეფამ თავად მიაქცია "იუნაიტედისა" და "რეინჯერსის" მომავალ დაპირისპირებას ყურადღება. კლუბების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე ნიონიდან არის დაგეგმილი. მანჩესტერული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა განაცხადა:
"აშკარაა, რომ "რეინჯერსის" ხელმძღვანელებთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ. გარწმუნებთ, ამას მთელი სერიოზულობით მოვეკიდებით, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშოც წესით, არაფერი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია გლაზგოელებთან თამაშს დადებითი განწყობით მივუდგეთ. შემიძლია გითხრათ, რომ კენჭისყრით ალექს ფერგიუსონიც კმაყოფილი დარჩა".
თავად "იუნაიტედის" მწვრთნელმა კი დასძინა, რომ მას "რეინჯერსის" თავკაცმა უოლტერ სმიტმა (2003-04 წლების სეზონის ბოლოს "იუნაიტედში" ფერგიუსონის ასისტენტად მუშაობდა) უკვე დაურეკა და ბილეთების ამბავზე დაელაპარაკა.
"უოლტერ სმიტმა უკვე მითხრა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" დასაწრები ბილეთების ამბავი იქნება კარგად მოსაფიქრებელი. ჩემი არ იყოს ისიც მშვენივრად შეხვდა ჩვენი გუნდების დაპირისპირებას. ზოგადადაც, ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. კენჭისყრის შედეგები "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგი იყო. დახედეთ რუკას: ერთადერთი შორეული მგზავრობა თურქეთში გვიწევს".
ჩვენი მხრიდან დავძენთ - გლაზგოდან მანჩესტერამდე მხოლოდ 354 კილომეტრია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" გლაზგოს გუნდს ჩემპიონთა ლიგაში პირველად არ ხვდება. კერძოდ, ფერგიუსონის რაზმი "სელტიკს" ორჯერ, 2006 და 2008 წლებში დაუპირისპირდა, "რეინჯერსს" კი 2003-ში. სხვათა შორის, "რეინჯერსის" ქომაგებს 2008 წლის ფინალის ამბავი ახსოვთ ცუდად და არა მარტო იმიტომ, რომ "ზენიტთან" წააგეს. აი, რას ამბობს გულშემატკივართა ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტივენ სმიტი:
"მაშინ მანჩესტერში დაახლოებით 150 ათასი კაცი ჩამოვედით გლაზგოდან, სტადიონზე კი ამ ხალხის მცირე ნაწილი მოხვდა".