არიგო საკი: "მილანი დიადი გუნდია, მაგრამ "რეალი" კიდევ უფრო დიდია"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი გრანდის - "მილანისა" და "რეალის" დაპირისპირების წინ ჟურნალისტებმა არიგო საკის აზრის გაგება საინტერესოდ იმიტომაც მიიჩნიეს, რომ თავის დროზე ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა "მილანთან" ერთად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ორჯერ მოიგო, "რეალში" კი სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის მატჩი "რეალი"-"მილანი"?
- ეს გუნდები ყოველთვის მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფიგურები იყვნენ, სხვებზე ხშირად იმარჯვებდნენ ჩემპიონთა ლიგაში და საუკეთესო თამაშს აჩვენებდნენ. ჩემთვის ორივე კლუბში მუშაობა დიდი პატივი იყო. "მილანი" - დიდებული კლუბია, მაგრამ "რეალი" კიდევ უფრო დიდია.

- რა
სურდა ბერლუსკონის 1987 წელს, როცა თქვენ, იმჟამად ყველასთვის უცნობი სპეციალისტი, მწვრთნელის პოსტზე დაგნიშნათ?
- ლამაზი თამაშით გამარჯვება. იტალიაში ბევრი ამას აუცილებლად არ მიიჩნევს, მაგრამ ჩემთვის ცუდი თამაშით მოგება - მოგება არაა.

- რას იტყვით მოურინიოზე?
- გონიერი და განათლებული მწვრთნელია, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით. მან იცის, თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი როგორ მიიღოს. შეიძლება ითქვას, ის უნიკალური ადამიანია.

- მოგწონთ მისი გუნდის თამაში?
- მაურინიოს შეუძლია "რეალი" ლამაზად ათამაშოს. მისი ხელმძღვანელობით "ინტერმა" ნაბიჯით წინ წაიწია. "პორტუ" არამარტო იმარჯვებდა, სანახაობრივ ფეხბურთსაც აჩვენებდა.

- იზიარებთ ახალგაზრდებთან მუშაობის მისეულ მეთოდს?
- მიდგომა ყველას თავისებური აქვს. მოურინიოს შეფასებისთვის მისი შედეგების გათვალისწინება კმარა.

- რით განსხვავდება დღევანდელი "რეალი" იმისგან, რომელსაც თქვენ იცნობდით?
- ეს სულ სხვაა. ჩემ დროს გუნდში იყვნენ დიდი ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერაში პიკი უკვე გადავლილი ჰქონდათ. "რეალის" ახალი პოლიტიკა ახალგაზრდების მიწვევა და მათი დიდ ფეხბურთელებად აღზრდაა. მე ასეთ მიდგომას ვეთანხმები.

- როგორც ჩანს, "მილანმა" საპირისპირო გზა აირჩია.
- დიახ. ახლა "მილანი" ინვესტიციებს ფეხბურთელებში არ დებს. უკვე მერამდენე წელია, წარსულში წარმატებულ ფეხბურთელებს იწვევენ, რომლებსაც თავიანთ გუნდებში სირთულეები შეექმნათ. ასე იყო რივალდოს, რონალდოს და რონალდინიოს შემთხვევაში.

- სულ სხვა შემთხვევაა იბრაგიმოვიჩი, რომელთანაც ცოტა ხნის წინ პოლემიკა გქონდათ.
- ის ესპანეთიდან წარუმატებლობის შემდეგ დაბრუნდა. ამ ფეხბურთელს სასწაულებრივი ტალანტი აქვს და როცა კარგ ფორმაშია და მოტივირებულია, ბრწყინვალე მოთამაშედ გარდაიქმნება.

- რას იტყვით ალეგრიზე?
- კარგი მწვრთნელია. მან ისეთი მოკრძალებული გუნდი, როგორიც "კალიარია", თავისი ხელწერით აათამაშა.

- რა ელის მადრიდში "მილანს"?
- ახლა კლუბს არცთუ საუკეთესო დრო უდგას. ყოველთვის მხიბლავდა ახალგაზრდული გუნდები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით თამაშობენ. ჩემ "მილანში" საშუალო ასაკი 25 წელი იყო. ახლანდელი "მილანი" ძლიერი და ამბიციურია და ალბათ კარგ შედეგს მიაღწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული