ვუო-გოგა - ანუ გვაჩვენეთ ხარისხი და ფილოსოფია!

AutoSharing Option
სტადიონზე მისვლა გესიამოვნებოდა. თამაშის მომზადების ორგანიზაციული დონე კლუბს უნდა დაუფასო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ქართული გუნდებიც გასულან ევროსარბიელზე და ბევრი რამ მოუწესრიგებელი ჰქონიათ.

მთავარი კი მაინც ის არის, რაც მოედანზე ხდება. "დინამო არენას" მინდორზე "დინამო თბილისი" ბუქარესტის "სტიაუასგან" დაიჩაგრა და ქართული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ალბათ, კიდევ ერთი წლით გადაიდო.

ლიგაზე გასვლა ოცნებაც არის და მიზანიც. ერთ ირლანდიელ კლასიკოსს თუ დავუჯერებთ, - თუ გინდა რომ ცხოვრება შეიგრძნო, ოცნება აუცილებელია. ამ ოცნებამ "დინამო არენაზე" ათეულ ათასობით გულშემატკივარი მიიყვანა და ისინი გაწბილებული
დატოვა.

"დინამო თბილისი" ძველი "დინამოს" სამართალმემკვიდრედ ითვლება და ამ გუნდისგან ყველა გაცილებით მეტს ელის, ვიდრე ევროტურნირებზე მოთამაშე დანარჩენი ქართული კლუბებისგან.

ამ "დინამოს" საკუთარი პოლიტიკა აქვს, სადაც უცხოელ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დინამოს ფუნქციაც აქვთ და ლოკომოტივისაც.

წლევანდელი ევროსარბიელის წინ, "დინამომ" რამდენიმე ლეგიონერი გაუშვა და ორი უცხოელი მოიყვანა - პატრიკ ვუო და დორინ გოგა. "სტიაუასთან" მათ შეცვლაზე ითამაშეს, სასტარტოში კი "დინამოს" სამი უცხოელი ჰყავდა.

ლეგიონერი გუნდში ქართველის ადგილს იკავებს. "დინამოს" წინა სეზონში ძალიან გამოადგა უცხოელები ქართული გუნდების დასამარცხებლად და ტიტულების მოსაპოვებლად, საერთაშორისო სარბიელზე კი ლეგიონერები დუშან უჰრინის გუნდს ჯერ მხოლოდ ფარერელებთან გამოადგა.

უმცროსი უჰრინი არცთუ დიდი ხნის წინ გვყავდა სტუმრად "ლელოს" რედაქციაში და კლუბის ტრანსფრებზეც გვესაუბრა (იხილეთ ინტერვიუ). ფეხბურთელს მხოლოდ ხელფასს რომ მისცემ, ეს რა ტრანსფერიაო - დაახლოებით ასეთი რამეც მოვისმინეთ.

ყველა მწვრთნელი ითხოვს კლუბის ხელმძღვანელობისგან კარგი ფეხბურთელების გადმობირებას, რასაც კარგი ფულიც სჭირდება.

ამ "დინამოს" არ ეტყობა, რომ ტრანსფერებზე გვარიანი თანხა დახარჯა და ძნელია, ამის გამო გაკიცხო ის კლუბი, რომელსაც მცირე რელევანტური შემოსავლები აქვს.

კარგი იყო "დინამო თბილისიის" აკადემიის გახსნაზე და მოსკოვურ "დინამოსთან" მატჩზე დასასწრებად ანდრეი შევჩენკო და კრისტიანო რონალდო რომ ჩამოვიდნენ, ოღონდაც გუნდს ჯერ ფეხბურთელი სჭირდება და მერე პიარი.

უმცროსი უჰრინის გუნდმა რუმინელებთან ვერ გვიჩვენა ხარისხიანი თამაში. მინდორთან ახლოს მომიწია ყოფნამ და კარგად ვხედავდი ნაპერწკალს დინამოელების თვალებში - ფეხბურთელებმა მართლაც მონდომებით ითამაშეს, ოღონდაც მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად.

როცა ნაკრებზე და ჩისკოზე ჩამოვარდა სიტყვა, ერთმა მწვრთნელმა თქვა - ჩამოწერილ ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობო.

ჩისკო მაგარია საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ფეხბურთელები ნელა დარბიან და აზროვნებენ, "სტიაუა" კი სულ სხვა დინამიკა გამოდგა, სადაც ჩისკომ გაცუდებული 11-მეტრიანის გარდა, თავი ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა.

გუნდის ღერძი ყველგან მწვრთნელია. "ბაიერნმა" იუპ ჰაინკესის ხელში ყველაფერი მოიგო, მაგრამ ის მაინც შეცვალა და პეპ გვარდიოლა აიყვანა.

ბავარიელებმა გუნდს ღერძი გამოუცვალეს, უწინდელს სხვანაირი არჩიეს, რადგან გვარდიოლას მწვრთნელობა კლუბის პოლიტიკას სჭირდებოდა.

"ბაიერნი" საკუთარი აკადემიიდან ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის გამოზრდას პირველი გუნდისთვის და გვარდიოლაც ამად ამჯობინა ჰაინკესს.

და არის კი უმცროსი უჰრინი მწვრთნელი-მასწავლებელი? მან გიორგი მერებაშვილი დავით ხოჭოლავათი შეცვალა და ამ 20 წლის ფეხბურთელს მარჯვენა გარემარბობა დაავალა.

ხოჭოლავა თავის დროზე ცენტრფორვარდი გახლდათ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, მერე ამპლუა შეუცვალეს და ცენტრალურ მცველად გაამწესეს. უჰრინმა კი ის გარემარბად დაინახა.

მწვრთნელის მეთოდების გარჩევა ჟურნალისტის საქმე არ არის, ყველაფერს ყველაზე კარგად გუნდის შედეგი და თამაშის ხარისხი შეაფასებს.

მოგეწონათ "დინამო" "სტიაუასთან"?..

ჩისკოს უხეიროდ შესრულებული პენალტის შემდეგ, "დინამო" ყველა რგოლში მოიშალა და არა მგონია, ეს მხოლოდ ვერგატანილი 11-მეტრიანის ბრალი იყოს.

ვერც იმას დავაბრალებთ ჩისკოს, რომ "დინამოს" მარჯვენა ფლანგზე ორივე ტაიმში ექმნებოდა პრობლემები, "სტიაუას" თითქმის ყველა მწვავე იერიში სწორედ ამ ფლანგზე მოდიოდა.

ჩისკოს ვერც იმას დავაბრალებთ, რომ კარში თუ კარისკენ დარტყმებში "სტიაუას" დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ჩისკო 32 წლისაა და თავისი უკვე ითამაშა. "დინამოში" ის პროფესიულ კარიერას აგრძელებს და თავისი ხელობით ფულს შოულობს.

"სტიაუას" მერე "დინამოც" გააგრძელებს თამაშს ამ ევროსარბიელზე, თუმცა თავისი ძალა უკვე დაგვანახა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას სხვა გზა სჭირდება...

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ანამიოკებს? მერაბიშვილი დიდი არაფერია. თამაშს ვრ კითხულობს. რუმინელები სისწრაფით და ოდნაკასანიათი გვჯობდნენ, ხოლო მატაობას იწყებსდნენ მას შემდეგ რაც სისწრაფეს აკრიფავდნენ. ქართველებს ეგ არ აქვთ. მატაობას ადგილზე იწყებენ, თამაშს ვერ კუთხულობენ და ცენტრში უაზროდ დაკარგული ბურთებით მრავალ შეტევას აძლევენ მეტოქეს. ის ახალგაზრდები ამ უცხოელებთან თუ ისწავლიან რამეს, თორე მერებაშვილისგან ბურთის ღეჭვის მეტს ვერაფრს ისწავლი.
ramo
10:24 02-08-2013
0
ბატონებო, დინამოს რა ბიუჯეტიც აქვს ისე თამაშობს, არ აქვს ფიფიას იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები იყიდოს და ნუ გამოვიდებთ თავს ლანძღვა გინებით... ვიაროთ სტადიონზე არა მარტო საერთაშორისო მატჩებზე, მცირეოდენით მაინც დავეხმარებით გუნდს და ნელ-ნელა, ნააბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მოწესრიგდება და გუნდიც უკეთესად გაირჯება...გვარდიოლა ბარსას აკადემიიდან საზრდოობს ძირითადად, ჩვენთან კი 17 და 19 წლამდელების ნაკრებების ფეხბურთელები უკეთეს შემთხვევაში სათადარიგო სკამს ხეხავენ, ესაა სწორედ გამოსასწორებელი და თუ ამ ახალგაზრდებს თამაშში თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ კიდევაც დაიზრდებიან... არ გვჭირდება საშუალოზე დაბალი დონის ლეგიონერები...მომიტევეთ მაგრამ ჩისკოს არ ვგულისხმობ.
murtalo
02:53 02-08-2013
0

სიახლეები პოპულარული