იურგენ კლოპი: ეს საშინელი განცდაა! [VIDEO]

AutoSharing Option
"არსენალთან" წაგებით დორტმუნდის "ბორუსიამ" F ჯგუფში საქმე ძალიან გაირთულა. იურგენ კლოპის შეგირდები ლონდონურ კლუბს და "ნაპოლის" სამი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბორუსიამ" დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოიგოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი "დორტმუნდისთვის" მომდევნო ტურში, საკუთარ მოედანზე "ნაპოლისთან" გამარჯვებაა - თუ კლოპის ბიჭები რაფა ბენიტესის გუნდს ვერ დაამარცხებენ, მერვედფინალში თამაშის შანსს, პრაქტიკულად, დაკარგავენ.

არადა, "ბორუსია" "არსენალს" სჯობდა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე და ზოგადად, პირველ 60 წუთზე ითქმის - თავად განსაჯეთ, ერთი საათის შემდეგ კარში დარტყმები 10:0-ზე იყო "ბორუსიას" სასარგებლოდ, "არსენალი" კი
თავის შანსს მორჩილად ელოდა. ეს შანსი ლონდონელებს 62-ე წუთზე მიეცათ, როცა სოკრატისმა ექსდორტმუნდელ როსიცკის ჩააბარა ბურთი; ამ უკანასკნელმა კი იოზილი მოძებნა, რომლის ჩაწოდებას ჟირუ გამოეხმაურა (გროსკროიტცს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო), რის შემდეგაც რემსიმ სუბოტიჩს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

"ასეთი თამაშის წაგება საშინელი განცდაა. ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. სამწუხაროა, რომ მართლა კარგად ვითამაშეთ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ, მაგრამ შრომა არ დაგვიფასდა,"
- წუხდა ნამატჩევს დორტმუნდელთა თავკაცი.

არადა, კლოპი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად დაჯდა სათადარიგოთა სკამზე. რა გამოდის? ჩემპიონთა ლიგაში კლოპთან ერთად "ბორუსიამ" ორივე თამაში წააგო (ნეაპოლში და "არსენალთან"), მის გარეშე კი ორივე მოიგო (ლონდონში და "მარსელთან"). გარდა ამისა, "ბორუსიასთვის" ორი მშვენიერი სერია დასრულდა: ბოლო სეზონის დაწყების შემდეგ ამ ტურამდე "დორტმუნდს" შვიდივე საშინაო მატჩი მოგებული ჰქონდა, მერვე გამარჯვება კი "ბორუსიას" პირადი რეკორდი იქნებოდა.

ამას გარდა, "დორტმუნდმა" ზედიზედ 13 საშინაო მატჩის შემდეგ საკუთარ კედლებში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა.

რემსის გოლის დროს დორტმუნდელები ისეთ შოკში ჩავარდნენ, რომ "სიგნალ იდუნა პარკის" ტაბლოზე გოლის ავტორად ცოტა ხანს ბლაშჩიკოვსკი ეწერა და 1:0 ენთო. მატჩის შემდეგ დორტმუნდელებმა არ დამალეს, რომ ჰოლანდიელ მსაჯ ბიორნ კუიპერსზეც განრისხებულები არიან - დამატებულ დროში მერტეზაკერისა და ლევანდოვსკის ორთაბრძოლის შემდეგ ჯარიმა რატომ არ დააფიქსირა და "არსენალის" კარში პენალტი რატომ არ დანიშნაო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლოპი მორიგ დისკვალიფიკაციას გადაურჩა
როგორც უკვე ვთქვით, კლოპი ორტურიანი პაუზის შემდეგ სათადარიგოთა სკამს პირველად დაუბრუნდა. გეხსომებათ, იურგენი პირველ ტურში, ნეაპოლში იმის გამო გააძევეს, რომ მეოთხე მსაჯს არაამქვეყნიურად დაუღრიალა. "არსენალთან" იურგენი 86-ე წუთამდე მშვიდად იყო, მაგრამ მერე მაინც მოეშალა ნერვები და მსაჯს ისე არა, როგორც ნეაპოლში, მაგრამ მაინც გვარიანად შეუღრინა.

იურგენმა საკუთარ თავზე კონტროლი იმ მომენტში დაკარგა, როცა როსიცკიმ ლევანდოვსკი მოედნის ცენტრში უხეშად მოცელა, რაზეც მსაჯ კუიპერსს რეაქცია არ ჰქონდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ნური შაჰინი დააჯარიმა.

კლოპი ხელების ქნევას და ყვირილს მოჰყვა და მეოთხე მსაჯ ანგელო ბოონმანს ხელიც კი წაავლო. თუმცა კლოპმა თავი მალევე მოთოკა - ბოონმანს რამდენიმე სიტყვა უთხრა და შეეშვა. თუმცა ამაში წვლილი "ბორუსიას" გუნდის მენეჯერს, ფრიც ლიუნშერმანსაც მიუძღვის, რომელმაც კლოპის დამშვიდება სცადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული