პირველ რიგში, ალბათ, მაინც "გალათასარაისა" და "იუვენტუსის" "ალი სამი იენიზე" გასამართი მატჩი უნდა გამოვარჩიოთ. არანაკლებ საინტერესოა "ოლდ ტრაფორდზე" დონეცკის "შახტარის" სტუმრობაც.
A ჯგუფი: ვისი ოცნება ახდება "ოცნებების თეატრზე"?
კითხვაზე - როდის წააგო "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლოს სამი საშინაო მატჩი ზედიზედ? - ისტორიამ პასუხის გაცემაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა.
"შახტარს" არ გაუმართლა იმაში, რომ "წითელი ეშმაკები" "ევერტონთან" და "ნიუკასლთან" დამარცხდნენ, რადგან ახლა "იუნაიტედისთვის", უბრალოდ, პირველი ადგილის შენარჩუნების საკითხი კი
გულშემატკივრები "ოცნებების თეატრზე" გამარჯვებას ელოდებიან. არანაირ მოდუნებაზე საუბარი აღარ არის, დევიდ მოიესს ქომაგთა თვალში მცირე რეაბილიტაცია მაინც სჭირდება.
დონეცკის "შახტარის" ბანაკის წევრებს, ალბათ, კოშმარებში ესიზმრებათ "ლევერკუზენთან" საშინაო მატჩში ვერგამოყენებული მომენტები. მირჩა ლუჩესკუს გუნდს ის თამაში რომ მოეგო, უკვე მერვედფინალში იქნებოდა. ახლა კი სურათი ასეთია - "შახტარმა" უნდა მოიგოს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა. თუ ფრედ ითამაშა, იმის იმედად რჩება, რომ გერმანული გუნდი "ანოეტაზე" ვერ სძლევს "სოსიედადს". ხოლო თუ წააგო, მაშინ "ლევერკუზენმაც" უნდა წააგოს, რადგან თანაბარქულიანობის შემთხვევაში, უპირატესობა გერმანელებს ექნებათ.
ისე, ჩვენში დარჩეს და... "ანოეტაზე" "ლევერკუზენს" გარანტირებული ნამდვილად არაფერი აქვს. ბასკებმა გასვლის შანსი დიდი ხანია, დაკარგეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "სოსიედადი" მოგებას არ შეეცდება. ხოლო ის, რომ ეს გუნდი არც ისეთი უწყინარია, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან ჩანს, ყველამ კარგად ვიცით.
სამი ჰიიპიას ამოცანას საგრძნობლად ართულებს ის, რომ მას ისევ არ ეყოლება სიდნი სემი.
სამაგიეროდ, გერმანელები ძალიან პოზიტიურ განწყობაზე არიან, მათ ბუნდესლიგაში უშუალო კონკურენტს, "დორტმუნდს" "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, თანაც ათი კაცით, რითაც მეორე ადგილზე დამაჯერებლად გამყარდნენ.
თუმცა მედლის იქითა მხარეს თუ გავიხედავთ - "ლევერკუზენი" ცოტა დაღლილია. გავიხსენოთ, რომ ეს "ბაი არენას" ბინადრების პირველი ვიზიტია ესპანეთში მას მერე, რაც მათ "ბარსელონასთან" 1:7 წააგეს.
სოსიედადი-შახტარი 0:2
იუნაიტედი-ლევერკუზენი 4:2
შახტარი-იუნაიტედი 1:1
ლევერკუზენი-სოსიედადი 2:1
ლევერკუზენი-შახტარი 4:0
იუნაიტედი-სოსიედადი 1:0
შახტარი-ლევერკუზენი 0:0
სოსიედადი-იუნაიტედი 0:0
ლევერკუზენი-იუნაიტედი 0:5
შახტარი-სოსიედადი 4:0
10 დეკემბერი
იუნაიტედი-შახტარი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ბიუტნერი - ჯონსი, ანდერსონი - ზაჰა, ველბეკი, ვალენსია - რუნი.
შახტარი (4-4-1-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფერნანდო, ჰიუბშმანი, დუგლას კოშტა, ბერნარდი - ალექს ტეიშეირა - ლუის ადრიანო.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
სოსიედადი-ლევერკუზენი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, ანხელი - პარდო, ბერგარა - კასტრო, პრიეტო, გრიზმანი - ველა.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჩანი - კასტრო, ლ. ბენდერი, როლფესი - სონი, კისლინგი, ჰეგელერი.
არბიტრი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 5 3 2 0 11-3 11
2. შახტარი 5 2 2 1 7-5 8
3. ლევერკუზენი 5 2 1 2 8-10 7
4. სოსიედადი 5 0 1 4 1-9 1
B ჯგუფი: მისტერ იქსმა უნდა მოიგოს
უმეტესობის ყურადღება "ალი სამი იენისკენაა" მიპყრობილი, სადაც რობერტო მანჩინის "გალათასარაი" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს. "მისტერ იქსს" ამჯერად ფრე ხელს არ აძლევს, "გალას" მხოლოდ მოგება სჭირდება.
ამ სუსხიან საღამოს მანჩინი თავის ერთ-ერთ ყელსახვევს შემოიხვევს და მინდორზე ალბათ ცოტა ავანტიურული შემადგენლობითა და ტაქტიკით გავა. მან უნდა გარისკოს, მატჩი მოსაგებია.
დიდია ალბათობა იმისა, რომ იტალიელმა სამმცველიანი ტაქტიკა შემოგვთავაზოს, რის ხარჯზეც ნახევარდაცვის ცოტა დამძიმება და შეტევის გაძლიერება სცადოს. ის, რომ მოტივაციის ნაკლებობა თურქებს არ შეაწუხებთ, ადვილი მისახვედრია. სტადიონი გადაჭედილი იქნება. ისინი არავის უფრთხიან, მათ არავისი ეშინიათ...
შურისძიების სურვილით აღვსილი ფელიპე მელო, ძმაბიჭებთან ერთად, ჯანლუიჯი ბუფონის კარზე იქნება დაგეშილი. წინ დიდიე დროგბა ნამდვილად ითამაშებს, ხოლო ბურაქ ილმაზსა და უმუთ ბულუთს შორის მანჩინი ერთ-ერთს აარჩევს, მეორეს კი კოზირად შემოინახავს.
ბევრი რამ ნახევარდაცვაზე იქნება დამოკიდებული, სადაც "იუვენტუსს" ანდრეა პირლო ვერ დაეხმარება. ანტონიო კონტეს თქმით, ლიდერის პოზიციაზე პოლ პოგბა ითამაშებს და შესაბამისად, ძირითადში მოხვდება კლაუდიო მარკიზიო. ჩინებულ ფორმაში მყოფი არტურო ვიდალი "გალასთვის" ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. "კოპენჰაგენთან" ბენეფისის შემდეგ, "მეფე არტურო" თურქების დამწუხრებას შეეცდება.
სათქმელია, რომ "გალა" იტალიურ გუნდებთან პაექრობებში უკვე 9 საშინაო მატჩია დაუმარცხებელია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ბებერი ქალბატონი" თურქული ნავსის გატეხვას.
ფელიპე მელო:
"თავიდან ყველა ამბობდა, რომ "რეალი" და "იუვენტუსი" გავიდოდნენ. თუმცა ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. მეტოქე ძლიერია და პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. "იუვეში" ორი ემოციური სეზონი გავატარე და გულშემატკივრებისგან საოცარ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მათ იცოდნენ, რომ მინდორზე მებრძოლი ვარ".
დანიაში "კოპენჰაგენი" იმის იმედად უნდა იყოს, რომ მადრიდის "რეალი" რამეს დაუთმობს. ჩვენში თქმა იციან - მეტი არაა ჩემი მტერიო - და ასეა დანიელთა საქმეც. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სტალე სოლბაკენის გუნდს მესამეზე გასვლის შანსი აქვს და თავისას შეეცდება. ამისთვის "კოპენჰაგენმა" "გალათასარაიზე" მეტი ქულა უნდა მოაგროვოს, თანაბარქულიანობა არ აწყობს.
მადრიდის "რეალმა" კი შესაძლოა ლიგის ახალი რეკორდი დაამყაროს - გუნდს უკვე 18 გოლი აქვს გატანილი, ჯგუფური ეტაპის რეკორდი კი 20 ბურთია. ეს მაჩვენებელი 2010-11 წლების სეზონში "ბარსელონამ", ხოლო 1998-99 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დააფიქსირა.
გალათასარაი-რეალი 1:6
კოპენჰაგენი-იუვენტუსი 1:1
იუვენტუსი-გალათასარაი 2:2
რეალი-კოპენჰაგენი 4:0
რეალი-იუვენტუსი 2:1
გალათასარაი-კოპენჰაგენი 3:1
კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0
იუვენტუსი-რეალი 2:2
რეალი-გალათასარაი 4:1
იუვენტუსი-კოპენჰაგენი 3:1
10 დეკემბერი
კოპენჰაგენი-რეალი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ტუტუ, კლაუდემირი, დელანი, ბოლანიოსი - ბრაატენი, ვეტოკელე.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - კარვახალი, ნაჩო, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - ისკო, რონალდო, ბეილი - ბენზემა.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
გალათასარაი-იუვენტუსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-1-2): იშჯანი - გიულშელამი, შეჯუ, ზანი - ებუე, ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, რიერა - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ასამოა - ლორენტე, ტევესი.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 5 4 1 0 18-5 13
2. იუვენტუსი 5 1 3 1 9-8 6
3. გალათასარაი 5 1 1 3 7-14 4
4. კოპენჰაგენი 5 1 1 3 4-11 4
C ჯგუფი: სიამაყე და ცრურწმენა
ამ ჯგუფში მოჩვენებითი ინტრიგაა შემორჩენილი. იმისათვის, რომ "ოლიმპიაკოსმა" და "ბენფიკამ" ადგილები გაცვალონ, პორტუგალიელებმა ბერძნებზე მეტი ქულა უნდა აიღონ, ესე იგი, სულ მინიმუმ "ოლიმპიაკოსმა" საკუთარ კედლებში ვერ უნდა სძლიოს "ანდერლეხტს".
გჯერათ? ჩვენ - არა. სხვა საქმეა, პსჟ-სთან საერთოდ რამეს გამორჩება თუ არა თავად "ბენფიკა". პარიზელები გადახალისებული შემადგენლობით კი აპირებენ თამაშს, მაგრამ თუ როგორია ლორან ბლანის გადახალისებული შემადგენლობა, კარგად იცით.
"ოლიმპიაკოსისთვის" ცუდი ის არის, რომ დაშავდა კონსტანტინოს მიტროღლუ, მას მუხლი აწუხებს. თუმცა მიჩელის გუნდს კოსტასის გარეშეც შეუძლია შეტევაში ფონს გასვლა.
დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება კიდევ ერთი ძირითადის ფეხბურთელი - იანის მანიატისი. ორი გამორჩეული ფეხბურთელი ბელგიელებსაც დააკლდებათ - ახალგაზრდა ტალანტი მასიმო ბრუნო დისკვალიფიცირებულია, ხოლო მატიას სუარესი ტრავმირებული.
ბრიუსელელებს "გეორგიოს კარაისკაკიზე" თამაში ძალიან გაუჭირდებათ. სხვათა შორის, გუნდებმა ამ სტადიონზე 7 აგვისტოს ამხანაგურად იბურთავეს და პირეოსელებმა დიმიტრის სიოვასის გოლით გაიმარჯვეს.
"ბენფიკაში" რომ პრობლემებია, ჩემპიონატის წინა მატჩშიც გამოჩნდა, როცა ჟორჟე ჟესუსის გუნდმა აშკარა აუტსაიდერ "აროუკას" ვერ მოუგო შინ. ახლა "არწივებმა" გულშემატკივრებს ის მაინც უნდა უჩვენონ, რომ პსჟ-ის დარ ძლიერ გუნდთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ და ზედიზედ მეორე სეზონში მათი პრობლემები შემთხვევითობისა და უიღბლობის ბრალია.
ჟესუსმაც თქვა, ამაყად უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთო. მეკარე არტურ მორაეშს კი რწმენა არ დაუკარგავს და სჯერა, რომ მის გუნდს გასვლა რეალურად შეუძლია.
ბოლო-ბოლო, თუ პარიზელთა დამარცხება "ევიანმა" შეძლო, "ბენფიკამ" რატომ ვერ უნდა მოახერხოს ეს "და ლუჟზე"?
საინტერესოა, რომ ამ გუნდების გზა ბოლო წლების ევროასპარეზზე მესამედ იკვეთება. იქამდე ისინი ორჯერ ევროპის ლიგის/უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში შეხვდნენ და "ბენფიკამ" პსჟ-ს ორივე საშინაო თამაში მოუგო.
ოლიმპიაკოსი-პსჟ 1:4
ბენფიკა-ანდერლეხტი 2:0
პსჟ-ბენფიკა 3:0
ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 0:3
ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 1:1
ანდერლეხტი-პსჟ 0:5
პსჟ-ანდერლეხტი 1:1
ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 1:0
ანდერლეხტი-ბენფიკა 2:3
პსჟ-ოლიმპიაკოსი 2:1
10 დეკემბერი
ბენფიკა-პსჟ 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-2-3-1): არტურ მორაეში - ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სილვიო - ფეისა, პერესი - ლიმა, გაიტანი, ლ. მარკოვიჩი - როდრიგო.
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ჟალე, ზ. კამარა, მარკინიოსი, დინი - რაბიო, ტიაგო მოტა, მპასტორე - ლავეცი, კავანი, მენეზი.
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ოლებასი - სამარისი, ნდინგა - ვაისი, ფუსტერი, კემპბელი - სავიოლა.
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ვანდენ ბორე, მანგულუ, კუიატე, დეშახტი - კლეშტანი, ჟილე - ნსაკალა, პრეტი, ვარგასი - მიტროვიჩი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 5 4 1 0 15-3 13
2. ოლიმპიაკოსი 5 2 1 2 7-7 7
3. ბენფიკა 5 2 1 2 6-7 7
4. ანდერლეხტი 5 0 1 4 3-14 1
D ჯგუფი: "ვიქტორია" "არმიელებთან" ვიქტორიისთვის იბრძოლებს
ჯგუფში პირველი ორი და უკანასკნელი ორი გუნდის ვინაობა დიდი ხანია გარკვეულია. ბოლო ტურში უშუალოდ ადგილები უნდა გავანაწილოთ.
"სიტის" 1:3-ზე უკეთესი ანგარიშით მოგება უნდა, რათა ცხრილის სათავეში გადავიდეს, რაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია; ხოლო "პლზენმა" 3:2-ზე უმჯობესი ანგარიშით უნდა იმარჯვოს, რომ ცსკა-ს მესამე ადგილი და ევროპის ლიგის საგზური წაჰგვაროს - აი, ეს კი უფრო რეალური ჩანს. მით უმეტეს, ჩეხების მიერ "ეტიჰადზე" ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის ფონზე.
თუმცა არც "არმიელები" გამოიყურებოდნენ ცუდად "ბაიერნთან". ერთი სიტყვით, პლზენში დიდი ომი გველის.
"ბაიერნმა", ზედიზედ მოგებების მხრივ, ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ როდის იყო, შეჩერება და მიღწეულის გაუმჯობესებაზე უარის თქმა მიუნხენელთა ხასიათში ჯდებოდა? არასდროს. ამიტომაც ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მოსაგებად ითამაშებს და "სიტი" სრულიად მობილიზებული უნდა იყოს.
ჩეხეთის ნაკრებში გადაბარგებამდე პაველ ვრბა "პლზენის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩს გამართავს და 15 დეკემბერს ოფიციალურად გამოემშვიდობება გუნდს. შემდეგ კი "ვიქტორიას" თბილისის "დინამოს" აწ უკვე ექსთავკაცი დუშან უჰრინ-უმცროსი ჩაიბარებს.
ვრბამ, რომელიც 6 დეკემბერს 50 წლის გახდა, მშვენივრად იმუშავა და იდეალური დამშვიდობება გამოუვა, თუ გუნდს ევროპალიგის საგზურით დატოვებს. თუმცა, რასაკვირველია, ცსკა-ს რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვს და "არმიელები" ამ შეხვედრას თავს შეაკლავენ, რომ მესამე ადგილი არ დაკარგონ.
ისე, "პლზენს" ორივე საშინაო მატჩი წაგებული აქვს, თანაც, კინკილა გოლიც კი არ გაუტანია. არადა, უეფას ტურნირებზე იქამდე გამართული 11 საშინაო თამაშიდან გუნდმა 10-ში იმარჯვა.
"ალიანს არენაზე" კი, პირველ რიგში, ლამაზ და უხვგოლიან თამაშს ველოდებით. რამდენიმე გამოსარჩევი ფეხბურთელი ორივე გუნდს აკლია, მაგრამ მათ ისეთი გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ, მწვრთნელები როგორმე რამეს მოიფიქრებენ.
ვთქვათ ისიც, რომ "ბაიერნს" ევროსარბიელზე საკუთარ კედლებში ჩატარებული უკანასკნელი 16 დაპირისპირებიდან 14 მოგებული აქვს.
ბაიერნი-ცსკა 3:0
პლზენი-სიტი 0:3
ცსკა-პლზენი 3:2
სიტი-ბაიერნი 1:3
ცსკა-სიტი 1:2
ბაიერნი-პლზენი 5:0
სიტი-ცსკა 5:2
პლზენი-ბაიერნი 0:1
ცსკა-ბაიერნი 1:3
სიტი-პლზენი 4:2
10 დეკემბერი
პლზენი-ცსკა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროზაჩკა, ჰუბნიკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, დურისი - ტეცლი.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლოომი, მილანოვი - ტოშიჩი, ჰონდა, ცუბერი - მუსა.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ბაიერნი-სიტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, რიბერი - გიოტცე.
სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, დემიკელისი, კომპანი, კოლაროვი - მილნერი, ფერნანდინიო, ხავი გარსია, ნავასი - აგუერო, ჯეკო.
არბიტრი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 5 0 0 15-2 15
2. სიტი 5 4 0 1 15-8 12
3. ცსკა 5 1 0 4 7-15 3
4. პლზენი 5 0 0 5 4-16 0
დააფიქსირეთ თქვენი პროგნოზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"