დინამო (კ)-სიტი 1:3 - "სიტის" წარმატებამ სულზე მოუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "მანჩესტერ სიტი" ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველ მეოთხედფინალთან.

* სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩში (როცა სასტარტოში იყო) 16 გოლი გაიტანა.

* საპასუხო მატჩი მანჩესტერში 15 მარტს გაიმართება.

უკრაინის დედაქალაქში "დინამო" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობდა და რასაკვირველია, გამოკვეთილ აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ კიეველებს შემართება არ აკლდათ და მატჩის ომახიანად დაწყება სცადეს, მაგრამ... თუნდაც არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფმა "სიტიმ" ყველაფერი პირველსავე ტაიმში მოაგვარა.

"ქალაქელები" სერხიო აგუერომ დააწინაურა, არგენტინელმა იაია ტურეს პასით ისარგებლა, ამ უკანასკნელმა კუნს კუთხურიდან ჩაწოდების მერე დაუგდო თავით და გატანაში
დაეხმარა. თავად აგუერო კი თავისიანებს მეორე გოლისას მიეხმარა, როდესაც ჭკვიანურად გაატანა ბურთი რაჰიმ სტერლინგს, ვინც საგოლედ უპასა დავიდ სილვას.

"დინამოს" ქება იმისთვის ნამდვილად ეკუთვნის, რომ ყურები არ ჩამოყარა და თუნდაც ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. ეს ვიტალი ბუიალსკიმ მოახერხა, რომელსაც რიკოშეტიც დაეხმარა.

რასაკვირველია, მანუელ პელეგრინის გუნდი 1:2-ზეც ფავორიტად რჩებოდა და რომც ვერ მოეგო მაშინაც წყვილის აშკარა ფავორიტის სტატუს შეინარჩუნებდა, მაგრამ ბოლო წამებზე მანჩესტერელებმა საქმე კიდევ უფრო გაიადვილეს, როდესაც იაია ტურემ კედელი გაათამაშა ფერნანდინიოსთან და კოხტა დარტყმით ჩასვა ბურთი კუთხეში, რითაც ანგარიში 1:3 გახადა და ძახილის ნიშანი დასვა. შეგვიძლია უპრობლემოდ და ომახიანად ვთქვათ, რომ "სიტი" მეოთხედფინალშია, კიეველები საპასუხო შეხვედრაში სასწაულს ვერ მოახდენენ.

ჩილელ სპეციალისტსა და მის გუნდს კი ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ასევე ცუდ პრესასა და ჩემპიონთა ლიგაზე წინა წლების პრობლემებს თუ მივიღებთ მხედველობაში... და იმასაც, რომ ინგლისურ გუნდებს ევროტურნირებზე ძალიან უჭირთ, "სიტის" ამ მოგებამ სულზე მოუსწრო.

დინამო კ.-სიტი 1:3
გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 დავიდ სილვა (40), 1:2 ბუიალსკი (59), 1:3 იაია ტურე (90)
დინამო კ. (4-1-4-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა (66. მაკარენკო), ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა - რიბალკა - იარმოლენკო, გარმაში (31. ველოზო), ბუიალსკი, გონსალესი - თეოდორჩიკი (46. მორაეში)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - დავიდ სილვა, იაია ტურე, სტერლინგი - აგუერო (90+1. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 13(5)-12(6) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 53 691

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგებას ელოდიით?არასტაბილირ ქვეყანაში (თუ ქვეყანა ჰქვა) ფეხბურთის თამაშია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული