„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელი, ჰარი რედნაპის ასისტენტი ჯო ჯორდანი მდაბალ ქცევასა და ბილწ გინებაში დაადანაშაულეს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, „სან სიროზე“, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „მილანსა“ და „სფურზს“ შორის, ინციდენტი მოხდა - მილანელთა კაპიტანი ჯენარო გატუზო ჯორდანს მივარდა და ყელში სწვდა. ამ ამბავს წინ მასპინძელთა გუნდის ფრანგი ნახევარმცველის უხეშობა უძღოდა. ფლამინიმ ლონდონელთა ხორვატი მცველი ვედრან ჩორლუკა მწყობრიდან გამოიყვანა და, სავარაუდოდ, მდგომარეობაც ამიტომ დაიძაბა. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად იმ ეპიზოდში, როდესაც გატუზომ მოთმინება დაკარგა და ჯორდანს დაეტაკა? როგორც მილანელის აგენტი კლაუდიო პასკუალინი
„ისეთი ადამიანისთვის, როგორიც რინო გატუზოა ანუ რომლისთვისაც იტალიელობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ სიტყვების ატანა შეუძლებელი იყო“.
ინგლისური გაზეთები წერენ, რომ გატუზო, რომელიც ამავე შეხვედრაში სტივ პიენარის წინააღმდეგ უხეშობის გამო ყვითელი ბარათით დაისაჯა და 9 მარტს, საპასუხო შეხვედრაში, „უაით ჰართ ლეინზე“ ვერ ითამაშებს, მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიული იყო. მან ლონდონელთა თავდამსხმელს პიტერ კრაუჩს მკერდში მუჯლუგუნი ჰკრა და თამაშის ბოლოსაც შარს ეძებდა. კერძოდ, ჰარი რედნაპისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ 33 წლის ნახევარმცველი - 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული - ჯორდანთან მივიდა და ხელახალი შელაპარაკების შემდეგ შუბლში შუბლი მიჰკრა. რედნაპმა talkSPORT-თან ინტერვიუში თქვა:
„როდესაც ის თამაშის დამთავრების შემდეგ მოგვიახლოვდა ვიფიქრე, რომ ჯოსთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა. ამის შემდეგ კი დავინახე, რომ მან ჯორდანს „ურქინა“, თუმცა რაც ჯოს ცხოვრებაში ბურთისთვის შუბლი ურტყამს გატუზოს თავი რას დააკლებდა.
ჯო ძალიან კარგი ადამიანია. ასეთები რომ არსებობენ დიდი ბედნიერებაა, გატუზოს კი ნამდვილად არ ვიცი რა დაემართა. ის გაგიჟდა. ჯოს მისთვის არაფერი უთქვამს. ეს უბრალოდ გამორიცხულია. ჯორდანს იტალიელი მეგობრები ჰყავს, აქაურობა იყვარს და მათ ენაზე ლაპარაკობს კიდეც. (1981-83 წლებში ის სწორედ „მილანში“ თამაშობდა) ეროვნული შეურაცხყოფის თემა იმიტომ გადმოაგდეს, რომ თავიანთი საქციელი მიჩქმალონ. ერთადერთი, რაც ახლა გატუზომ უნდა გააკეთოს, მას უნდა დაურეკოს და ბოდიში მოუხადოს“.
აყალმაყალი გასახდელების მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბშიც გაგრძელდა. „ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი თავისი ახალი თანაგუნდელების დაწყნარებას ცდილობდა, ალესანდრო ნესტა კი, თურმე, იძახდა, „ტოტენჰემს“ გატუზოს დისკვალიფიკაცია თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახულიო.
რინო გატუზოსთვის კონფრონტაცია და შეხლა-შემოხლა უცხო ხილი ნამდვილად არ არის. 2003 წელს, „აიაქსთან“ შეხვედრაში მან თავის დღევანდელ თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაარტყა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უამრავი სხვა მაგალითის გახსენებაც შეიძლება. თუნდაც, ის რად ღირს, იანვარში საკუთარ თანაგუნდელ პატოს რომ წაეკიდა, თან მხოლოდ იმიტომ, რომ „ლეჩესთან“ შეხვედრაში მისი თამაში არ მოეწონა. ახლა უეფა შეხვედრის მსაჯ სტეფან ლანუასგან პატაკს ელოდება და გამოძიებას ამის მიხედვით დაიწყებს. არ არის გამორიცხული გატუზოს ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.