"სელტიკი"-"სიტის" გამოხმაურება: ეს დემბელეც კარგია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხოსეპ გვარდიოლამ ამ სეზონში პირველად ვერ მოიგო. პეპი "სელტიკ პარკს" ესტუმრა და ადგილობრივ გუნდთან 3-ჯერ აგებდა. არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო - 3:3. ეს შედეგი ცოტა მოულოდნელი გახლდათ, რადგან "სელტიკს" არც ისე დიდი ხნის წინათ პეპის ყოფილმა გუნდმა "ბარსელონამ" 7:0 სძლია.

თუმცა ის "კამპ ნოუ" იყო, ხოლო გლაზგოში თამაში მაინც ძალიან ძნელია. "ლივერპულის" ექსმწვრთნელს, ბრენდან როჯერს შეუძლია იამაყოს და ამაყობს კიდეც, მან "ქალაქელები" გააჩერა. მასპინძელთა რიგებში განსაკუთრებულად კარგი 20 წლის შემტევი, "ფულემიდან" მიყვანილი მუსა დემბელე გახლდათ.

"ვგრძნობდით, რომ მოგებაც შეიძლებოდა,
მაგრამ ქულითაც კმაყოფილები ვართ. გუნდურად, დიდებულად ვითამაშეთ და ყველა ბედნიერია. დარწმუნებული ვარ, პეპი იტყვის, რომ მისი გუნდისთვის მძიმე მატჩი იყო. "სიტი" უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც შესანიშნავი შემადგენლობა და ტოპ-კლასის მწვრთნელი ჰყავს.

თუმცა ჩინებული სანახავი გახლდათ, როგორ ვთამაშობდით პრესინგს და მეტოქეს შეცდომებს ვაშვებინებდით. რაც შეეხება მუსას, მას ძალიან ბევრი მსურველი ჰყავდა და გაგვიმართლა, რომ ჩვენთან ერთადაა. დემბელე ძალიან შემართული, ტექნიკური და დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მან საუცხოოდ ითამაშა" - თქვა როჯერსმა.

"ეს მატჩი კარგ გაკვეთილად უნდა გამოგვადგეს. მატჩის კარგად დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია და, როდესაც სწრაფ გოლს უშვებ, ყველაფერი რთულდება. მერე მეტოქე მეორედ გავიდა წინ, მერე მესამედ… წარმოიდგინეთ, რა ძნელია ასეთ დროს. დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ, რადგან ორივე ტაიმის დებიუტში გავუშვით.

თუმცა ვიბრძოლეთ და პირველ 5-10 წუთს თუ არ ჩავთვლით, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მომენტებიც შევქმენით. მიუხედავად ამისა, მეტის გატანა ვერ შევძელით, არადა, საკმარისი შანსი გვქონდა იმისთვის, რომ ეს თამაში მოგვეგო" - განაცხადა გვარდიოლამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული