დაარსდა 1992 წელს
სტადიონი: ბანანცი (6 ათასი მაყურებელი)
პრეზიდენტი: სარგის ისრაელიანი
მთავარი მწვრთნელი: სტევიცა კუზმანოვსკი (მაკედონია)
ტიტულები: სომხეთის თასის ორგზის მფლობელი (1992, 2007)
"ბანანცმა" სომხეთის წინა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ამჟამად კი იქაურ პრემიერლიგაში 13 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა. რუსთავის "მეტალურგი" ერევნულ გუნდთან დაპირისპირებაში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა შესაძლოა, ქვემოქართლური კლუბი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდეს.
ქართველ გულშემატკივრებს "ბანანცთან" არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ. 2005 წელს თბილისის "ლოკომოტივმა" მას ერევანში 3:2 სძლია, თუმცა "მოახერხა", შინ 0:2 წააგო და უეფას თასს
"ბანანცზე" ერთი წლის შემდეგ ჯავრი ასევე დედაქალაქურმა "ამერმა" იყარა. მოვლენები ამ მატჩებშიც დრამატულად განვითარდა. "ამერი" თბილისში 0:1 დამარცხდა, სომხეთშიც 0:1-ს აგებდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და რატი წინამძღვრიშვილისა და დენის დობროვოლსკის გოლებით ერევნის "რესპუბლიკურზე" მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა - 2:1.
მაშინდელი "ბანანციდან" დღევანდელ გუნდში, ფაქტობრივად, აღარავინ შემორჩა. სამაგიეროდ, კვლავ კლუბშია მისი დამაარსებელი და პრეზიდენტი სარგის ისრაელიანი, რომელმაც "ბანანცს" მშობლიური სოფლის სახელი უწოდა.
გუნდის ლიდერია ბრაზილიელი თავდამსხმელი ბრუნო სესარ კორეა, რომელმაც ჩემპიონატის 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. დაცვის ბურჯია ერთ დროს დონეცკის "მეტალურგში" ნათამაშები არარატ არაქელიანი, ნახევარდაცვაში კი სხვებთან შედარებით ცნობილი ვეტერანი არტურ ვოსკანიანია, რომელსაც რუსულ "ურალანსა" და კვიპროსის "ეთნიკოსში" უთამაშია, სომხეთის ეროვნულ ნაკრებში კი 51 შეხვედრა ჩაუტარებია. "ბანანცს" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგანაც ძირითადში სისტემატურად მხოლოდ კორეას თანამემამულე ნახევარმცველი ბეტო ხვდება.
ევროტურნირებზე "ბანანცს" 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 3 მოიგო (აქედან ორი - ქართველებთან), 2 ფრედ დაასრულა და 13 წააგო. კლუბს საევროთასო ეტაპი ერთადერთხელ გადაულახავს და ისიც - ჩვენს "ლოკომოტივთან". შარშან ერევნელები ფამაგუსტის "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ 0:1, ხოლო სტუმრად 0:3 დამარცხდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"