ხუთშაბათს ტურინის "იუვენტუსმა" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პოლონურ "ლეხს" უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში მხოლოდ ფრეს გამორჩა – 3:3.
ტურინელებმა თამაში მძიმედ დაიწყეს და ნახევარი საათის შემდეგ 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ სამი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წონასწორობის აღდგენა მაინც შეძლეს. რაღა თქმა უნდა, "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი ასეთი შედეგით უკმაყოფილო რომ იქნებოდა...
"ფეხბურთელებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი არ ან ვერ გამოავლინეს. 0:2 ვმარცხდებოდით, მაგრამ გათანაბრება მოვახერხეთ, შემდეგ კი დავწინაურდით კიდეც, მაგრამ, ეტყობა, მეოთხე
გოლის გასატანად ნებისყოფა არ გვეყო. შედეგით იმედგაცრუებული ვარ და გუნდის სახელით ჩვენს ქომაგებს ბოდიშს ვუხდი. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებმა გუნდს გამარჯვების სურვილი შეატყვეს, - თქვა დელ ნერიმ, - გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე გამოგვტაცეს. ხდება ხოლმე. მომავალში უფრო ფრთხილები ვიქნებით. ამაზე მუშაობა გვმართებს. მთლიანობაში გუნდი კარგად გამოიყურება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი".