ეს უკანასკნელი, იგივე "ჯუნიორა", თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გიორგი კიკნაძის ვაჟია. უმცროსი კიკნაძე დიდ ფეხბურთში ეფექტურად გამოჩნდა, მაგრამ ჟერარდ სარაგოსა მულეტის მწვრთნელობის პერიოდში ნდობას და თამაშს ვერ ეღირსა.
მაგრამ "ლოკომოტივში" გიორგი დევდარიანის გამოჩენამ 20 წლის თავდამსხმელის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - ისევე
სწრაფი და ეფექტური ფლანგელი დღეს "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერი და "ლელოს" რესპონდენტია...
- წლევანელი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეთ და დევდარიანიც ამბობდა, რომ მალე უფრო მეტი თამაში მოგიწევდათ...
- მთავარია, რომ ვთამაშობ. ფეხბურთელი სკამზე ჯდომით ვერ გაიზრდება. დევდარიანი მენდობა და ვცდილობ, იმედები გავუმართლო. ახლა პრაქტიკა არ მაკლია და ამიტომაც ავთამაშდი.
- ბოლო ტურებში რა დაგემართათ?
- არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს... გუნდი კარგად თამაშობდა და უცებ... წაგებები მიეწყო... ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც გვინდა, რომ იყოს. მაგრამ მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. სულ ასე გაგრძელება წარმოუდგენელია! ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და მთავარია, ვითარება დროულად შევცვალოთ.
- ალბათ, ლევან ყენიას დაბრუნებას ყველა იმედით ელოდებით...
- რა თქმა უნდა?! ლევანი "ლოკომოტივისთვის" დიდი ძალა იქნება. ჩემი აზრით, მისი დონის ფეხბურთელის თამაში არა მხოლოდ ჩვენ წაგვადგება, მთლიანად ეროვნული ლიგის პრესტიჟზეც დადებითად იმოქმედებს. წესით, ერთ თვეში, ზაფხულის პაუზის შემდეგ უნდა დაგვიბრუნდეს.
- მერე სანათესაო ტანდემით შეუტევთ (ლევან ყენია გიორგი კიკნაძის მამიდაშვილია - ავტ)...
- ესეც სასიამოვნო იქნება! ლევანი ჩემზე ბევრად გამოცდილია, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და მის ნათქვამს ყოველთვის ვითვალისწინებ.
- პრაქტიკა არ მაკლიაო, თქვით. ამის შედეგია, ახალგაზრდულ ნაკრებში რომ გამოგიძახეს?
- ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. გია გეგუჩაძემ ჯერ ისლანდიასთან მიმიწვია, ორივე თამაში მათამაშა და ორივე - შეცვლაზე. გამიხარდა, რომ ისევ გამომიძახა.
- ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაზე რას იტყვით?
- პერსპექტიული გუნდი ჩანს, რადგან უმრავლესობა გუნდში მუდმივად თამაშობს და ლეგიონერებიც გვყავს. ისლანდიასთან გამოჩნდა, რომ შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"