გიორგი ყიფიანი: არა მგონია, არაბიძესა და ჩაკვეტაძეს გუნდური თამაშის პრობლემა ჰქონდეთ

AutoSharing Option
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასმა საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა ქუთაისში დაასრულა, ხოლო ჩვენი ნაკრები ტურნირისთვის მზადებას ამთავრებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა. გუშინვე, "ბასას" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვია და ბიჭები გაამხნევა...

აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობისთვის მზადების ბოლო ეტაპი ახალ თბილისში მდებარე სასტუმრო "მოხალისეში" დაიწყო, 30 ივნისიდან კი "ჰუალინგში" გადაინაცვლებს, სადაც ჩემპიონატის მონაწილე რვავე ნაკრები დაბინავდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 2 ივლისს, გორში, პორტუგალიასთან
ჩაატარებს. "თენგიზ ბურჯანაძეზე" მატჩი 20 საათზე დაიწყება.

ახლა კი გიორგი ყიფიანის პრესკონფერენცია...

- მეხუთე დღეა, რაც შეკრებაზე ვართ, - თქვა ყიფიანმა პრესკონფერენციის დასაწყისში. - ყველა ფეხბურთელი სრული კონცენტრაციითა და დატვირთვით ვარჯიშობს. მაქსიმუმი კეთდება საიმისოდ, რათა 2 ივლისის მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.

- საბოლოო, 18-კაციან განაცხადს როდის დაასახელებთ?
- სიას 30 ივნისს გამოვაქვეყნებთ.

- გუნდში ტრავმირებულები ხომ არ არიან?
- სამწუხაროდ, ბულგარულ შეკრებაზე არდაზიშვილი და კერესელიძე დაშავდნენ და ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარებიან. ლოჩოშვილიც ტრავმირებული იყო, მაგრამ მომჯობინდა და ხუთშაბათიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

- როგორი განწყობაა გუნდში?
- განწყობა ძალიან კარგია, იგრძნობა ერთსულოვნება და ბიჭების სურვილი, რომ კარგი ფეხბურთი აჩვენონ.

- მეტოქეები რამდენად კარგად შეისწავლეთ?
- მათი ბოლო თამაშები ვნახეთ, რამდენჯერმე განვიხილეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვფიქრობთ, რა სტრატეგიით ვითამაშოთ.

- 19-წლამდელებში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული თაობა შეიკრიბა. ფეხბურთელთა ნაწილმა უკვე ეროვნულ ლიგაში დამკვიდრება და პოტენციალის გამოვლენაც მოახერხა...
- ნიჭიერი ფეხბურთელები ყველა თაობასა და ასაკობრივ ნაკრებში არიან. ამ ნაკრებზეც იმავეს ვიტყვი. ნაკრებში მათი ყოფნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ გამორჩეულები არიან. მიხარია, რომ ბევრი მათგანი კლუბებში დააწინაურეს.

- ევროპის ჩემპიონატზე კონკრეტული მიზანი თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მიზნის გარეშე თამაში წარმოუდგენელია. ჩვენი პირველი მიზანია ჯგუფური ეტაპის დაძლევა, მერე კი ნახევარფინალზე ვიფიქრებთ.

- არაბიძე, ჩაკვეტაძე და სხვა ფეხბურთელები ინდივიდუალური თვისებების გუნდურთან შერწყმას თუ ახერხებენ?
- მნიშვნელოვანია, რა იქნება ახლა და არა ის, რაც აქამდე იყო. არა მგონია, მათ გუნდური თამაშის პრობლემა ჰქონდეთ. გუნდი ძლიერი ინდივიდუალისტებისგან შედგება, მაგრამ მეტოქეს ამ თვისებაზე დამყარებული ძლიერი გუნდური ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა.

- ბუნებრივია, გექნებოდათ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ფეხბურთელები შეარჩიეთ და რის გამოც რამდენიმე მათგანზე უარი თქვით, მაგალითად - ქავთარაძეზე. მიზეზის გაგება საინტერესო იქნება...
- ნაკრები ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით ყალიბდება. ჩვენ სელექციას წელიწად-ნახევარი ვაწარმოებდით, ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები და 50 მოთამაშე გამოვცადეთ. შემადგენლობაზე გადაწყვეტილება კი მათი დადებითი და უარყოფითი თვისებების ანალიზის საფუძველზე მივიღეთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ქავთარაძეს, ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია და პირველივე დღიდან ლამის ყველა საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩავთვალეთ, რომ უკეთეს ფორმაში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დღეს ნაკრებში ვარჯიშობენ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ სხვებმა ზრდა უნდა შეწყვიტონ. დარწმუნებული ვარ, ქავთარაძეს და სხვებსაც შანსი კიდევ მიეცემათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყიფიანი არ არის ის კლასი რაიმე შედეგი დადოს, თან არაბიძეზე წერს გუნდური თამაშის პრობლემა ქონია.
tristani
11:38 30-06-2017
0
რომელი ცენტრალური თავდამსხმელი გყავთ ბატონო გიორგი ქავთარაძეზე კარგ ფორმაში??? ქავთარაძეს 16-გოლი ქონია გატანილი 10-თამაშში!!!!!!!!!!!
ucnobi
06:53 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული